ავტორი:

"თუ პროტესტი იფეთქებს, შეიძლება მისი ჩამხშობიც აღარ ჰყავდეთ" -  იჩქერიის დეოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა: ვითარება რეგიონში და კადიროვის შიშები

"თუ პროტესტი იფეთქებს, შეიძლება მისი ჩამხშობიც აღარ ჰყავდეთ" -  იჩქერიის დეოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა: ვითარება რეგიონში და კადიროვის შიშები

18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა და "ჩეჩენი ხალხის გენოციდი" დაგმო. ჩრდილოეთ კავკასიაში ამბობენ, რომ უკრაინის გადაწყვეტილება აქამდე არსებულ რეალობას სრულად ამოატრიალებს, რადგან ოცდაათი წლის განმავლობაში, ჩრდილოკავკასიელების დიდი ნაწილი იძულებით ემორჩილებოდა რეჟიმს.

"პერიოდულად, ყველას დასანახად, რუსული "ეფესბე" რეიდებს ატარებდა და ჩეჩნეთის ზოგიერთ მაცხოვრებელს "ტერორიზმთან კავშირის" ბრალდებით უსწორდებოდა. თუმცა ამან პროტესტის ხმა და თავისუფლების სურვილი ვერ ჩაახშო", - ამბობენ ჩეჩნეთში.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში დევნილობაში მყოფი, იჩქერიის რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, აჰმედ ზაკაევი ამბობს, რომ "ეს ისტორიული მომენტია, სამართლიანობის ზეიმი. სამართალმა გაიმარჯვა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა, იჩქერია ჯერ კიდევ 1997 წელს იყო აღიარებული ეუთოს წევრი 57 სახელმწიფოს მიერ, უკრაინის ჩათვლით, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში აუცილებლად აღინიშნებოდა, რომ არ ვართ აღიარებულები."

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მორალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩეჩნები მართლაც ემადლიერებიან უკრაინელ ხალხს და უკრაინის პარლამენტს, პრაქტიკული თვალსაზრისით კი, "ეს საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო ძალები ჩავრთოთ და ვთქვათ, რომ დღეს შეგვიძლია და უფლება გვაქვს გამოვიყენოთ ნებისმიერი მეთოდი ჩვენი მიზნებისთვის, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის. ჩვენ შეგვიძლია იმედი გვქონდეს სხვა ქვეყნებისა და სახელმწიფოების დახმარების. აღიარეს რა დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ხელი უნდა შეგვიწყონ, რომ ჩვენ მისი დეოკუპაცია მოვახდინოთ და ჩვენი დამოუკიდებლობა აღვადგინოთ."

  • მისივე თქმით, საქართველომ უკვე შეიტანა თავისი წვლილი ჩეჩნებისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, რადგან მათი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1992 წელს აღიარა. (იმ დროს, როდესაც ქვეყნის კანონიერი მთავრობა დამხობილი იყო) "ცხადია, დღეს საქართველო მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშაა. ამიტომ საქართველოსგან არ ველით ხისტ განცხადებებს ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების მხარდასაჭერად", - ამბობს ზაკაევი.

"ჩეჩნები, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან, იბრძვიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომლებიც ჩეჩნეთის სახელმწიფოებრიობის წინაპირობას წარმოადგენენ. დღეს აქ, უკრაინაში, ყალიბდება ჩეჩნური ჯარი, რომელიც შემდეგ ჩვენს ქვეყანას გაათავისუფლებს, დეოკუპაციას მოახდენს", - ამბობს ზაკაევი "რადიო თავისუფლებასთან."

დევნილობაში მყოფი ჩეჩენი პოლიტიკოსის თქმით, ვითარება როგორც არ უნდა შეიცალოს, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ მაინც არ დააყენებენ. "უკრაინის გამარჯვება გულისხმობს, რომ რუსეთისგან სხვა სახელმწიფო წარმოიქმნება..."

  • ექსპერტი და პოლიტოლოგი, რინატ მუჰამეტოვი kavkaz-uzel.eu-სთან ამბობს, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველთვის დაკავშირებული იყო უკრაინასთან, ამატომ უკრაინის რადას გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

"უამრავი უკრაინელი მოხალისე დაიღუპა იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, როგორც 1930-1940, ასევე 90-იან წლებში. გროზნოში საშკა ბილის სახელობის ქუჩაც იყო, რომელიც ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეოდა.

2014 -2015 წლებში ორი ჩეჩნური ბატალიონი იბრძოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალების შემადგნელობაში. მაშინ გროზნოს ყოფილი კომენდანტი, ისა მუსაევი დაიღუპა. ჩვენი ბიჭები ახლაც იბრძვიან უკრაინაში, შეიხ მანსურისა და ჯოჰარ დუდაევის სახელობის ბატალიონების სახელით. ასე რომ, უკრაინამ იცის, თუ სადმე გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ჩრდილოეთ კავკასიაში მოხდება და ჩეჩნეთიდან დაიწყება", - ამბობს მუჰამეტოვი გამოცემასთან საუბრისას.

  • მისივე თქმით, რადას გადაწყვეტილება, რასაკვირველია იჩქერიას არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მას საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს, მაგრამ ეს მაინც "მკაფიო პოლიტიკური ჟესტია." ახლა საკითხი ასე დგას - ვისთან ითანამშრომლებს უკრაინა ამ საქმესთან დაკავშირებით.

"შესაძლოა, უკრაინას აღმოსავლეთ ევროპა და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეურთდნენ. ყველა შემთხვევაში, მათთვის, ვინც იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იდეურად, თუ ფიზიკურად, იარაღით ხელში იბრძვის, ძალიან დიდი მოტივაციაა", - ამბობს მუჰამეტოვი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, ეთნიპოლიტიკური პრობლემების ექსპერტის ხარუნ ვადიმ სიდოროვის მოსაზრებით, "პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცესები ისე ვითარდება, რომ საქმე ეხება გეოპოლიტკურ და ისტორიულ ანტანოგინზმს. ეს კი განპირობებულია სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობის მიდგომებით, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების ლოგიკით მოქმედებს, საბჭოთა პოლიტიკის დაბრუნება სურს, სხვადასხვა ერებისა და მათი ტერიტორიების კონტროლი სურს."

"რასაკვირველია, კადიროვს აშფოთებს დამოუკიდებელი იჩქერიის თემის გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკვე შიშებიც აწუხებს, ომის მსვლელობის გამო, ამიტომაც გზავნის ასე აქტიურად ბიჭებს უკრაინის ფრონტზე. რეგიონში ხმის ამომღები და გამპროტესტებელი, არავინ უნდა დარჩეს. ცდილობს, ყველაფერი იქამდე მოაგვაროს, ვიდრე პროტესტი იფეთქებს, თორემ მერე შეიძლება მისი ჩამხშობიც აღარ ჰყავდეს, რეგიონი კაცებისგან დაცლილია", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ვლად ქარუმოვი.