ავტორი:

"რამდენადაც აბსურდული, იმდენად საშიში რუსული ტყუილი" - შოიგუს ვარაუდით, უკრაინამ შესაძლოა "ბინძური ბომბი" გამოიყენოს: რას ცდილობს კრემლი და რას პასუხობენ უკრაინიდან

"რამდენადაც აბსურდული, იმდენად საშიში რუსული ტყუილი" - შოიგუს ვარაუდით, უკრაინამ შესაძლოა "ბინძური ბომბი" გამოიყენოს: რას ცდილობს კრემლი და რას პასუხობენ უკრაინიდან

რუსეთი ცდილობს ისე წარმოაჩინოს ვითარება, რომ თითქოს უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 23 ოქტომბერს, ტელეფონით ესაუბრა ნატოს წევრი სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოიგუმ სამივე კოლეგასთან გამოხატა შეშფოთება უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუ ჯერ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს სებასტიან ლეკორნოს ესაუბრა, შემდეგ თურქეთის მინისტრს ჰულუსი აკარს და ბოლოს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს.

სატელეფონო საუბრებს წინ უძღოდა სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობა სახელწოდებით, რომ თითქოს კიევის რეჟიმი ამზადებს პროვოკაციას "ბინძური ბომბით ".

ინფორმაციაში, ლაპარაკია, - უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" ან დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაშიო...

ამ საკითხს "ტვიტერზე" გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება, რომლის თქმითაც, უკრაინას "ბინძური ბომბი" არ აქვს და რომ შესაძლოა პროვოკაციას თვითონ რუსეთი ამზადებდეს...

"რუსული ტყუილი, რომ თითქოს უკრაინა გეგმავს "ბინძური ბომბის" გამოყენებას, რამდენადაც აბსურდულია, იმდენად საშიშიც არის. ჯერ ერთი, უკრაინა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეა, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს "ბინძური ბომბები" და არც მის გამოყენებას ვაპირებთ. მეორეც, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვას იმაში, რის გაკეთებასაც თვითონ აპირებენ", - წერს კულება.