ავტორი:

„დელიკატო“-ს წარმატების ისტორია

„დელიკატო“-ს წარმატების ისტორია

როცა ბიზნესის წარმატების ოქროს წესებზე ვსაუბრობთ, ჩამონათვალში აუცილებლად მოვკრავთ ყურს იღბალს, ფინანსებს ან გავლენიან გარემოცვას. თუმცა ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, ბიზნესის წარმატების უამრავ მაგალითს შევხვდებით, როცა ამ წარმატების მიღმა არც გავლენიანი წრე, არც მოჭარბებული ფინანსური სახსრები და არც განსაკუთრებული იღბალი დგას, არამედ მხოლოდ შრომისმოყვარეობა, ბრძოლისუნარიანობა, მტკიცე ხასიათი და უკეთესი მომავლის შექმნის ამბიცია. დავით ზაქარაიაც ამ თვისებების და ზურგჩანთაში მოთავსებული უმნიშვნელოვანესი პირადი ნივთების ამარა წამოვიდა აფხაზეთიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად.

ბიზნესის კეთების იდეაც დევნილობაში გაჩნდა მცირედი დანაზოგის და ენთუზიაზმის ხარჯზე. ასე დაიბადა კომპანია დელიკატო.

ომების შემდგომი საქართველო ნელ-ნელა ევროპულ ქვეყანას ემსგავსება ევროპული ცხოვრების წესით. ამ წესის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა სამსახურეობრივი თუ პირადი ღონისძიებების და წვეულებების გამართვა შვედური მაგიდით თუ ფურშეტით.

დავითმა სწრაფად ამოიცნო ამ ტიპის სერვისზე მზარდი მოთხოვნილება და შესაბამისი მიმართულებით საქმიანობის პოტენციალი და აგერ უკვე 17 წელია წარმატებით უძღვება კომპანიას, რომლის მთავარი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამკვეთების ფურშეტით უზრუნველყოფა უსწრაფეს ვადებში და უმაღლესი ხარისხით.

თავიდან თუ ერთი ჩვეულებრივი ბინის ერთ ჩვეულებრივ სამზარეულოში იქმნებოდა კერძები, რომლებიც პირველ კლიენტებს მიეწოდებოდათ, დღეს კომპანია თბილისის შუაგულში საწარმოო ფართს ფლობს და დედაქალაქის მასშტაბით მრავალ ორგანიზაციას კორპორატიული ლანჩით და ნებისმიერი სირთულის ფურშეტებით ამარაგებს.

კვების ინდუსტრია საქართველოში კარგად არის განვითარებული. კონკურენცია მაღალია, ამიტომ სუსტი მოთამაშეები პოზიციებს დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. დელიკატო კი მუდმივად იზრდება. მის წარმატებას პროდუქტის ხარისხი განაპირობებს. ამ საკითხში კომპრომისები არ არსებობს. საკვების ტრანსპორტირებაც კი უმაღლესი სტანდარტებით და ეკოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით ხორციელდება ელექტრომობილების დახმარებით.

თუმცა ბიზნეს ალღოს და ხარისხის სტანდარტების გვერდით კომპანიის წარმატებას განვითარებაზე ორიენტირებაც წარმოადგენს. დავითი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს არ ჩამორჩეს ბიზნესის მართვის სიახლეებს და თანამედროვე პრინციპებს. ამ მიზანს ემსახურება მისი ჩართვა BPN Georgia-ს პროგრამაში, რის ფარგლებშიც ის ესწრება ბიზნეს სემინარებს, იღებს ინდივიდუალურ კონსულტაციას ადგილობრივი და შვეიცარელი ექსპერტებისაგან და ამყარებს საჭირო კონტაქტებს სხვა ბიზნესებთან BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის დახმარებით.

დელიკატოს შეუძლია შექმნას გემრიელი დღესასწაული და დაამსხვრიოს სტერეოტიპი, რომ ბიზნესის კეთებას სჭირდება ფული, გარემოცვა და იღბალი. დავით ზაქარაიას წარმატების ფორმულა ეფუძნება საქმის უანგარო სიყვარულს, სწორ მენეჯმენტს, საყოველთაო კეთილდღეობის შექმნის მცდელობას სხვების დასაქმების ხარჯზე და იმედს, რომ ერთ დღესაც დელიკატოს და მსგავსი ბიზნესების წყალობით გაძლიერებული საქართველოს გაერთიანებას წინ აღარაფერი აღუდგება.

BPN Georgia-ს გუნდი წარმატებას უსურვებს დავითს!

თუ თქვენც გსურთ გახდეთ ფონდი BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე დარეგისტრირდით ბმულზე https://bit.ly/3RrAQIa ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.

NS