ავტორი:

"მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ - მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და ვიპოვი" - ნიკა გვარამია სასამართლოს

"მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ - მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და ვიპოვი" - ნიკა გვარამია სასამართლოს

"მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი", - ასე მიმართა “მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას სხდომაზე, სადაც მისი, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართა.

როგორც გვარამიამ თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, პატიმრობის ჯარიმით შეცვლა მის ბრძოლაში არაფერს შეცვლის, პირიქით, როგორც გვარამია ამბობს, ეს მას კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც სამართლიანობის მიღწევა ჰქვია.

"რა შემიძლია გითხრათ თქვენ პერსონალურად? - თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი პროფესიული სინდისი რას გიკარნახებთ. სინდისს ვერ დააძალებთ, ისევე, როგორც ბოდიშის მოხდას ვერ დააძალებთ ადამიანს იმიტომ, რომ ეს მისი პერსონალური დამოკიდებულებაა. ისე ვერ მიაწვები ადამიანს სინდისზე, რადგან ზოგჯერ აქვს, ზოგჯერ არ აქვს, ზოგჯერ ღრმად დამალული აქვს. მე ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ხელნაწერები არ იწვის.

ეს ისტორიის ნაწილი ხდება ყველა საქმეზე, ჩემი საქმეც არ იქნება გამონაკლისი. მეტიც, შეიძლება ჩემი საქმე უფრო მნიშვნელოვანიც იყოს განსახილველად. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვეძებ სამართლიანობას. შესაბამისად, მე ვეძებ გამამართლებელ განაჩენს და მე მას ვიპოვი აქ თუ არა - სხვაგან. იმაზე ლაპარაკიც რომ იყო ჯარიმა მაინც მიესაჯათ, ან რა დრო იყო ეს გადაწყვეტილების გამოსატანადო, მეგობრებო, ეს შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობების განხილვა იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს საკითხი ამ სიბრტყეში არ არის. ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა სხვა დროს რომ მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება, ზუსტად იგივე რეაქცია მექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო პატიმრობის ნაცვლად და ახლაც იგივე რეაქცია მექნება. ჩემი პატიმრობის ჯარიმით შეცვლა ჩემ ბრძოლაში არაფერს არ შეცვლის საერთოდ. გარეთ ვიქნები და ეს კიდევ უფრო გამაძლიერებს იმისთვის საბრძოლველად, რასაც ჰქვია სამართლიანობა. მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი. ვმოძრაობთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ“, - მიმართა გვარამიამ მოსამართლეებს, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ დამსწრეებს მიმართა, რომ კანონს დაემორჩილონ.

"ისე აკეთებთ, რომ თქვენს გარეშე მოგვიწევს განაჩენის გამოცხადება. როცა ადამიანი ითხოვს სამართლიანობას, თქვენც ვალდებული ხართ კანონს დაემორჩილოთ. ეს ცალმხრივი მოთხოვნა არაა“, - მიმართა ჯორბენაძემ დარბაზში მყოფ პირებს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. როგორც კოლეგიის თავმჯდომარემ მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, განაჩენის გამოცხადების თარიღს მხარეებს აცნობებენ.