ავტორი:

"სისხლიანი ლედი" - RT-ის წამყვანი, რომელსაც უკრაინელი ბავშვების სიკვდილი სურს, სამსახურიდან გაუშვეს: დაპირისპირება მარგარიტა სიმონიანთან და ქსენია სობჩაკთან

"სისხლიანი ლედი" - RT-ის წამყვანი, რომელსაც უკრაინელი ბავშვების სიკვდილი სურს, სამსახურიდან გაუშვეს: დაპირისპირება მარგარიტა სიმონიანთან და ქსენია სობჩაკთან

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბასტრიკინმა ტელეკომპანია RT-ის ეთერში მომხდარი ინციდენტის შესწავლის ბრძანება გასცა.

20 ოქტომბერს, ანტონ კრასოვსკის გადაცემა "ანტონიმების“ სტუმარი მწერალი სერგეი ლუკიანენკო იყო, რომელმაც ისაუბრა 1980 წელს უკრაინაში მოგზაურობის შესახებ. მწერლის თქმით, უკრაინელმა ბავშვებმა მას უთხრეს, რომ მათი ქვეყანა "მოსკოველების მიერ იყო ოკუპირებული."

  • გადაცემის წამყვანმა, კრასოვსკიმ მოსმენილის შემდეგ განაცხადა, რომ მდინარეში უნდა ჩაძირო, ან ცოცხლად დაწვა უკრაინელი ბავშვები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკრაინის ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რაზეც ლუკიანენკომ ჟურნალისტს განუცხადა, რომ "ეს ექსტრემიზმია."

კრასოვსკის სიტყვები რეზონანსული აღმოჩნდა. RT-ის მთავარმა რედაქტორმა, კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა Telegram-ის არხზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიამ ანტონ კრასოვსკისთან "თანამშრომლობა შეაჩერა."

"არც მე და არც გუნდი არ იზიარებს ასეთ თამაშს. ანტონ კრასოვსკის განცხადება არის ველური და ამაზრზენი, - წერს სიმონიანი და დასძენს, რომ ალბათ, ანტონმა უნდა ახსნას, "ეს სიგიჟე რამ გამოიწვია." მარგარიტა სიმონიანის თქმით, მას არ სჯერა, რომ ანტონ კრასოვსკი გულწრფელად ფიქრობს უკრაინელ ბავშვებზე ასე.

თავად კრასოვსკიმ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ტელეწამყვანის სიტყვებს სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ. ჟურნალისტი და ლიტერატურათმცოდნე გალინა იუზეფოვიჩი ვარაუდობს, რომ კრასოვსკის განცხადებები შემთხვევითი არ იყო, რადგან ისინი დაემთხვა იმ დღეებს, როდესაც სახელმწიფო დუმამ განიხილა კანონი "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ, ხოლო კრასოვსკი ღიად გეია.

კრასოვსკი ქსენია სობჩაკის ვაჟის, პლატონის ნათლიაა. ამ ამბის შემდეგ "ტელეგრამის" არხზე ქსენიას ჰკითხეს, - "ქსენია, უკვე გაარკვიე, არის თუ არა რაიმე პროცედურები ნათლიის შეცვლისთვის?"

ანტონ კრასოვსკი 2017-2018 წლებში, როდესაც სობჩაკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სობჩაკის საარჩევნო შტაბის წევრი იყო, ტელეწამყვანი მედიის სტრატეგიაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა შტაბი 2018 წლის მარტში დატოვა.

კრასოვსკის გამონათქვამი ქსენია სობჩაკმაც დაგმო და მას "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში "სისხლიანი ლედი" უწოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მსოფლიოს იმ ქვეყნების მთავრობებს მიმართა, რომლებსაც Russia Today-ს მაუწყებლობა ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ და მოუწოდა მათ, რომ კრასოვსკის ინტერვიუს ის ნაწილი ნახონ, სადაც უკრაინელი ბავშვების დახოცვაზე საუბრობს.

კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ კრასოვსკის პასუხისგებაში მისცემენ გენოციდის წაქეზებისთვის და სიტყვებისთვის, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიოს მიმართა, აკრძალონ Russia Today.

ანტონ კრასოვსკი კრემლის მხარდამჭერი ჟურნალისტია, რომელიც ამართლებს უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს და მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას.