ავტორი:

კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?

კონსერვი, ქართული დროშით, ბიჭვინთაში - სად იწარმოება და როგორ მოხვდა აფხაზეთში პროდუქტი, რომელიც გაყიდვიდან ამოიღეს?

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა ბიჭვინთის ერთ-ერთი მაღაზიიდან 38 ცალი ხაშის კონსერვი ამოიღო. ინფორმაციას ekhokavkaza თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ პროდუქციის ეტიკეტზე საქართველოს დროშაა გამოსახული. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, კონსერვს არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ტერიტორიაზე - ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებდნენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული ქარხნის დირექტორი ქართველი ბიზნესმენი თორნიკე გულუაა.

ე.წ. საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, რომ პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით შემოიტანეს, ოღონდ კონკრეტულად რომელი ნორმა დაირღვა, არ განმარტავენ.

მაღაზიაში შემოწმება ე.წ. საბაჟო პუნქტ "ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ერთი დღით ადრე აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ სოხუმის და რაიონულ ე.წ. უწყებებს პროდუქციის შემოტანისა და რეალიზაციის კანონიერების შემოწმება დაავალეს. გარდა კონსერვისა, ლაპარაკია ქართულ ღვინოებზეც, ასევე მე-7 კლასის გეოგრაფიის ატლასზე, რომლის გარეკანზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.