ავტორი:

ტრაგედია "სამხრეთ ოსეთში": ბინაში გაზის აფეთქებას 2 ბავშვი ემსხვერპლა, 3 დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს - "ტოტალური გაძვირების ფონზე, ცდილობენ, თავად დაამონტაჟონ გამათბობელი"

ტრაგედია "სამხრეთ ოსეთში": ბინაში გაზის აფეთქებას 2 ბავშვი ემსხვერპლა, 3 დაშავებული თბილისში გადმოიყვანეს - "ტოტალური გაძვირების ფონზე, ცდილობენ, თავად დაამონტაჟონ გამათბობელი"

ცხინვალში ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ოსური მედია წერს, რომლის ცნობითაც, დაშავებული სამი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დახმარებით ისინი სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არიან ჰოსპიტალიზებული.

გუშინ დილით, ცხინვალში მდებარე, შანხაის მიკრორაიონში, ორსართულიან სახლში, გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა, 19, 41 და 70 წლის ქალები კი მძიმედ დაშავდნენ. თავდაპირველად, ისინი ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობა მალევე დამძიმდა და თბილისში წამოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა მუშაობდა, სახლი მთლიანად დაიწვა. შინ მყოფი ორივე ბავშვი გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც აფეთქების დროს ასევე შინ იმყოფებოდა, შოკურ მდგომარეობაში იყო და ცხინვალის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება...

ადგილობრივები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ადგილობრივებსაც შეეხოთ, თავადაც ზარალდებიან, რადგან რეგიონში ძირითადად, დაბალი ხარისხის პროდუქტი და ყველანაირი მოხმარების საქონელი შემოაქვთ.

"სანქციები ასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხო, მათ შორის აფხაზები და ოსები მოხვდნენ, რომლებიც დონეცკსა და ლუგანსკის არჩევნებს აკვირდებოდნენ. სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დეპუტატები ალმასხან არძინბა და ოლეგ არშბა. ცხინვალში, სანქციები შეეხო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევსა და პარლამენტის დეპუტატს იგორ ჩოჩიევს" - ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, სანქციების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები უკვე აისახა რეგიონზე, რადგან ცხინვალში ყველაფერი რუსეთიდან შემოდიოდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც რუსული ბიზნესი იზოლაციაშია, შეიზღუდნენ ის ოსებიც, რომელთაც პროდუქტი, თუ სხვა სახის საქონელი რეგიონში შემოჰქონდათ, შესაბამისად, ყველაფერი კიდევ უფრო გაძვირდა. სანქციების ფარგლებში დაიბლოკა იმ რუსი თუ სხვა ეროვნების ფინანსური აქტივობები, რომელთაც ამა თუ იმ ბიზნესზე მონოპოლია ჰქონდათ აღებული.

"ეს იქნება საკვები, მედიკამენტები თუ საყოფაცხოვრებო ნივთები... სპეცოპერაციაა თუ ომი, რიგითი მოქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ომის დროსაც გვჭირდება ჭამა, მკურნალობა და გათბობა, მით უფრო, ზამთარი მოდის. აქ ძირითადად, გაზითა და შეშით ვთბებით, რადგან ელექტროენერგია ძვირია. არ ვიცი, იმ სახლში რა მოხდა, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ობიექტური გამოძიება დაადგენს, მაგრამ ადრე გასათბობ საშუალებებში გარკვეული არჩევანი გვქონდა, ახლა ასე არ არის... ისეთი რამეები შემოყარეს, არავინ იცის წარმომავლობა, გამოცდილია თუ არა, სად არის აწყობილ-წარმოებული... ამას ემატება, დამონტაჟება. მთელი ზამთარი წინ გვაქვს და გამოდის, ნაღმზე უნდა ვისხდეთ" - წერს ერთ-ერთ ადგილობრივი ამინა ჯიოევა სოციალურ ქსელში.

"ხალხი ან ძველის შეკეთებას ცდილობს, ან ირანული დაბალი ხარისხის გამათბობელს ყიდულობს. ცალკე თემაა ხელოსანი, იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა, მოიმატა მომსახურების ფასმაც. ტოტალური გაძვირების ფონზე, ადამიანები ცდილობენ, თავად დაამონტაჟონ გამათბობელი. თუ ერთი-ორჯერ უნახავთ, სხვასთან როგორ კეთდება, თავს უკვე პროფესიონალად თვლიან, მაგის გაკეთებას რა უნდაო. თან ყველანაირი გარანტიის გარეშე მუშაობენ... მხოლოდ ეს კი არა, ყველაფერი გაძვირდა ან გაქრა. რუსეთი დიდია და იქ დეფიციტი არ იგრძნობა, აქ კი, თუ რაღაც ალტერნატივა არ ვიპოვეთ, ძალიან ცუდი ზამთარი და უარესი გაზაფხული გველოდება" - მიაჩნია ირმა თანდიევას.

მთავარი ფოტო: სააგენტო TASS