ავტორი:

"ეტიკეტს, რა თქმა უნდა, დავტოვებთ..." - ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომლის მიერ რუსეთში ნაწარმოებ პროდუქციაზეც, საქართველოს დროშაა გამოსახული, რასაც აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"ეტიკეტს, რა თქმა უნდა, დავტოვებთ..." - ვინ არის ქართველი ბიზნესმენი, რომლის მიერ რუსეთში ნაწარმოებ პროდუქციაზეც, საქართველოს დროშაა გამოსახული, რასაც აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

გუშინ, საინფორმაციო სააგენტო ekhokavkaza.com, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტმა ბიჭვინთის ერთ-ერთი მაღაზიიდან 38 ცალი ხაშის კონსერვი ამოიღო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ პროდუქციის ეტიკეტზე საქართველოს დროშაა გამოსახული. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, კონსერვს არა საქართველოში, არამედ სტავროპოლის ტერიტორიაზე - ნოვოალექსანდროვსკის ხორცის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებდნენ. როგორც გაირკვა, აღნიშნული ქარხნის დირექტორი ქართველი ბიზნესმენი თორნიკე გულუაა.

მაღაზიაში შემოწმება ე.წ. საბაჟო პუნქტ "ფსოუს“ კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს, როგორც ე.წ. საბაჟო კომიტეტში აცხადებენ, პროდუქცია აფხაზეთში მოქმედი საბაჟო კანონმდებლობის დარღვევით შემოიტანეს, ოღონდ, კონკრეტულად რომელი ნორმა დაირღვა, არ განმარტავენ.

როგორც გავარკვიეთ, ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენი თორნიკე გულუა საქართველოში დაიბადა, სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რუსეთში გადავიდა და 30 წელია, რაც სტავროპოლში ცხოვრობს და საქმიანობს (2008-2013 წლებში თბილისში ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ მაინც მოუწია უკან დაბრუნება). თორნიკე გულუამ 25 წლის წინ, რუსეთში პოპულარული და მაღალი ხარისხით ცნობილი საწარმო - ნოვოალექსანდროვსკის ხორცკომბინატი (МКН) დააარსა. ჩემზე საუბარი დიდად არ მიყვარსო, მეუბნება და ისევ სკანდალურ ხაშზე და მომხდარზე გვიყვება:

"ჩვენ არავინ არაფერს გვედავება, ან რაზე უნდა მოგვედავონ? ჩვენი პროდუქცია აფხაზეთში არ შეგვაქვს, თვითონ ადგილობრივებს შეაქვთ - სოჭის საბითუმო მარკეტებში ყიდულობენ. 2500-ზე მეტი კონტრაგენტი გვყავს და შეუძლებელია ყველას მონიტორინგი გაუწიო, ვინ, სად, რას ყიდის. გამიგია, წლებია, რაც ჩვენი პროდუქცია აფხაზეთში იყიდება (თვითონ არ ვყოფილვარ აფხაზეთში და არ მინახავს). ხაშის გარდა, ჩვენი ხორცკომბინატი 200-მდე სახის პროდუქციას აწარმოებს. ამ კერძის - ხაშის წარმომავლობა, უბრალოდ, ხალხში ყოველთვის საკამათო თემა იყო, ამიტომ ჩვენებმა თავისებურად დააფიქსირეს ეს - მაკეტოლოგების და დიზაინერების იდეა იყო, ხაზი გაესვათ იმაზე, რომ ხაში ქართული წარმოშობის პროდუქტია. მგონი, 4-5 წლის უკან გაკეთდა ეტიკეტის რებრენდინგი და მას შემდეგ ეს პროდუქტი ასეთი ლამაზი დროშით გამოდის. სხვათა შორის, ხაში კარგად გადის, თუმცა უფრო სეზონური პროდუქტია. ის ჩვენი მთლიანი წარმოების 2-3% -ს შეადგენს და რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია... ტრაბახში არ ჩამომართვათ, ჩვენი ხაში საუკეთესოა, მას ყველა ვერ აწარმოებს, ეს ძალიან რთულია პროცესია.

ჩვენი საწარმო 20 წელია ხაშს აწარმოებს და მთელი ეს პერიოდი სულ შეჰქონდათ აფხაზეთში. არ ვიცი, ახლა რა მოხდა, აქ ბევრ ვერსიაზე შეიძლება ლაპარაკი, იქაურ შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ...

რაზე უნდე შეგვედავონ? - ალბათ მარტო ხაშის წარმომავლობაზე, სადაო პროდუქციაა (იცინის)... ეტიკეტს, საქართველოს დროშით, რა თქმა უნდა, დავტოვებთ, ოფიციალურად თუ არ აგვიკრძალეს, რატომ შევცვლი?

საქართველოშიც შეგვქონდა ჩვენი კონსერვები და არ ჰქონდა ცუდი შეფასება. ხაშის გარდა, სხვა ქართულ პროდუქციასაც ვუშვებთ, ტრადიციულად: ტყემალს, საწებელს, აჯიკას, ხინკალს... თუმცა ბევრს ვერ ვაწარმოებთ.

მართალი გითხრათ, სულ არ მაწუხებს ეს ამბავი, პირიქით, ხალხი გაერთო. ბევრი აფხაზი მეგობარი მყავს, ნათესავებიც, ისინიც მეხმიანებიან. სოცქსელებში ყველა ამაზე წერს, ასეულობით ადამიანი გამომეხმაურა, "ფეისბუკი“ და ვაცაფი ამიფეთქეს“, - გვეუბნება თორნიკე გულუა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს დახურული აფხაზური ჯგუფებიდან:

  • "რა მადისაღმძვრელად გამოიყურება... ამოიღებენ და სახლში წაიღებენ, უყვართ მუქთა“
  • "სხვათა შორის, ძალიან ხარისხიანი პროდუქციაა“
  • "რა საშინელებაა.. ღამე აღარ დამეძინება - ქართველებმა აფხაზების კუჭების ოკუპაცია მოახდინეს, კუჭებით აიღეს აფხაზეთი. სადაა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რატომ არ რეაგირებს?"
  • "ბორჯომი“ ბაზარზე, "ქინძმარაული“- რიწაზე, სახელმძღვანელოები აფხაზურად - საქართველოში გამოცემული“...
  • "ამ ხაშს რუსეთში უშვებენ, ჯერ ამაში გაერკვიეთ, თორემ გამოდის, რომ თქვენი ხორცკომბინატის ხელმძღვანელი 2008 წლის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საქმის კურსში არ არის“
  • "მერე რა, რომ რუსეთშია გამოშვებული??? რად გვინდა ასეთი პროდუქტი?! მაშინ ერთს გეტყვით: ჩვენ დაგვრთავენ ნებას ავაშენოთ "მაკდონალდსი“ და შესასვლელში მიახატე, რომ ლგბტ-ს მხარდამჭერი ხარ, გესმის, არსი რაშია?!
  • "ეს პროვოკაციაა. სანამ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ეშბა მონაწილეობს მოსკოვში საერთაშორისო საექსპერტო ფორუმში - "დამზადებულია რუსეთში“, ბიჭვინთის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება კონსერვი ქართული დროშით"