ავტორი:

თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანს სასამართლო დავა სამინისტროდან მის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, მის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გუგა გოგაძეს სამინისტრო უკანონოდ მოექცა, როდესაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

გოგაძის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.

"სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც გუგა გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გუგა გოგაძის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა - გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხა. ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას, იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის, დამატებით, სააგენტოს 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა." - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანმა მისი კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ გაათავისუფლა.

და ასევე ის არის ერთ-ერთი, რომელმაც კულტურის მინისტრს სასამართლო დავა მოუგო, რის გამოც სამინისტროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას განაგრძობენ.