ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე კრისტი ქორიძის პოსტი გავრცელდა, სადაც წერდა, რომ მის 10 წლის ძმას უცხო მამაკაცი სახლის კარის გაღებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მუქარა და კარზე ბრახუნი დაიწყო. გოგონას ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული.
"ვერ აგიღწერთ ეს რამხელა შიში იყო, როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი, როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო. პარალელურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვით!" - წერდა მოქალაქე.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეოკადრები, რომელსაც უწყება ავრცელებს: