ავტორი:

სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან დაგიცავთ

სტომატოლოგიური პროცედურა, რომელიც პირის ღრუს უსიამოვნო სუნისგან დაგიცავთ

პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი დიდ დისკომფორტს ქმნის კომუნიკაციაში. პრობლემა იმდენად მძაფრია, რომ ხშირად ადამიანები ამის გამო საუბარსაც კი ერიდებიან. პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნს თავისი სამედიცინო დასახელებაც აქვს და მას ჰალითოზი ეწოდება.

რა იწვევს ჰალითოზს? ზოგადად, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი პირის ღრუ და რა ჰიგიენური წესების დაცვაა ამისთვის საჭირო? – ამ და სხვა საინტერესო თემებზე დეტალურად სტომატოლოგიისა და ესთეტიკის ცენტრ „სმაილ სტუდიოს“ თერაპევტ-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ს მოწვეული ლექტორი ლიკა ყარალაშვილი გვესაუბრება.

რა ბაქტერიები გვხვდება პირის ღრუში? ჯანმრთელობისთვის რამდენად მავნეა ისინი და რა პრობლემები შეიძლება შექმნან?

ჰალითოზი არის პირის ღრუს ჯანმრთელობის პრობლემა, რომლის მთავარი სიმპტომიც პირის ღრუდან ცუდი სუნია. კბილის ქვა, ღრძილზედა-ღრძილქვეშა ნადები და ღრძილების დაავადებების შედეგად მიღებული ღრმა ჯიბეები უსიამოვნო სუნის ბაქტერიებს აძლევენ „თავშესაფარს“ გამრავლებისთვის და ხელს უწყობენ ჰალითოზის განვითარებას.

პირის ღრუს მიკროფლორის (მიკრობიოტის) მთავარ კომპონენტებს პირის ღრუს ბაქტერიები წარმოადგენენ. ჩვენს პირის ღრუში 20 მილიარდზე მეტი ბაქტერიაა, რომლებიც 5-6 საათში მრავლდებიან. მათ შორის არის ისეთი ბაქტერიებიც, რომლებიც არიან პირობით პათოგენურები და გარკვეულ პირობებში პირის ღრუსა და საერთო ორგანიზმის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან. მაგალითად, Porphyromonas gingivalis არის ბაქტერია, რომელიც პაროდონტულ ჯიბეებში ბინადრობს და პაროდონტიტის განვითარების გარდა მეცნიერების მიერ აღმოჩენილია, მისი ნეგატიური როლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ასევე ნაადრევი მშობიარობისა და მათ შორის ალცჰეიმერის დაავადებების დროსაც. ასევე Streptococcus mutans არის ბაქტერია, რომელიც მთავარი კომპონენტია ღრძილზედა და ღრძილქვეშა ქვისა და ნადების, რაც იწვევს შემდგომში როგორც ესთეტიკურ დისკომფორტს, ასევე არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან. შესაბამისად, პირის ღრუს ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობასთან. ამიტომ საჭიროა პაციენტებმა მიმართონ სტომატოლოგს პირის ღრუს სანაციისა და პროფესიული წმენდისათვის.

რა ხდება პირის ღრუში, როდესაც პროფესიულ წმენდას რეგულარულად არ ვიტარებთ?

კბილების პროფესიული წმენდა მნიშვნელოვანია, რადგან უკონტროლოდ დატოვებულმა კბილის ქვამ უსიამოვნო სუნის გარდა, შეიძლება გამოიწვიოს კბილის კარიესი, პერიაპიკლური ქსოვილების დაზიანება, ღრძილისა და ძვლის დაზიანება და შესაბამისად, შეიძლება დაიწყოს კბილების სხვადასხვა ხარისხის რყევა, რასაც საბოლოოდ კბილის დაკარგვა მოჰყვება. კბილების გაწმენდა და გაპრიალება არა მხოლოდ ლამაზ ღიმილს მოგანიჭებთ, არამედ ეს ხელს უშლის სამომავლოდ კბილ-ღრძილოვანი დაავადებების განვითარებას. კბილების წელიწადში 2-ჯერ პროფესიული გაწმენდა სტომატოლოგს აძლევს საშუალებას, შეამოწმოს თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობა და საჭიროებისამებრ მიიღოს პრევენციული ღონისძიებები.

რას მოიცავს სტომატოლოგიური პროფესიული წმენდა? რა ტიპის აპარატები გამოიყენება ამისათვის?

პირველ რიგში, ხდება პირის ღრუს დათვალიერება და პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, არსებობს თუ არა კბილის კარიესი ან სხვა დაზიანებები. რაც შეეხება უშუალოდ კბილების წმენდას, იწყება ულტრაბგერის აპარატით ღრძილზედა და ღრძილქვეშა პიგმენტური ნადებისა და ქვების მოშორება, ე. წ. სკეილინგი, ამის შემდეგ ხდება აირჭავლოვანი წმენდა (Airflow) და ბოლოს - კბილების გაპრიალება სპეციალური აბრაზიული პასტითა და ჯაგრისებით. წმენდის დასასრულს, ექიმი პაციენტის კბილთა რკალის მდგომარეობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ურჩევს ჯაგრისის სიხისტეს და მოვლის სხვა საშუალებებს.

R