ავტორი:

დეპრესიული დიასახლიდან მოდელობამდე - ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე ბედნიერი ცხოვრება შესაძლოა, 50 წლის ასაკის შემდეგ იწყებოდეს (ფოტოები)

დეპრესიული დიასახლიდან მოდელობამდე - ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაზე ბედნიერი ცხოვრება შესაძლოა, 50 წლის ასაკის შემდეგ იწყებოდეს (ფოტოები)

ბრიტანელი ქეროლაინ ლაბუშერი ერთ-ერთი მათგანია იმ ადამიანებიდან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცხოვრება ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს დატვირთული სასიამოვნო სიახლეებით, ახალი გამოწვევებით და ყოველდღიური მჩქეფარე რიტმით.

ქეროლაინი ბავშვობაში მამამ მიატოვა, რამაც დაუცველობის გრძნობა გაუჩინა. მამის წასვლა მისთვის ისეთი ტრავმა იყო, რომ ყოველთვის ჰქონდა მარტო დარჩენის და სიბერის შიში. 2 შვილის დედა ამბობს, რომ 50 წლამდე თავს უმნიშვნელოდ გრძნობდა და სიბერის ყოველგვარ ნიშანს ებრძოდა. ფიქრობდა, რომ როცა დაბერდებოდა, მისგან ყველა წავიდოდა, მის გვერდით ყოფნა არავის მოუნდებოდა.

"ისე გავიზარდე, რომ სარკეში არ ვიყურებოდი. მგონი, თავი ლამაზად ქორწილის დღესაც კი არ მიგრძვნია. ახალგაზრდობაში, როცა კამერას მომიშვერდნენ ფოტოს გადასაღებად, ზურგით ვბრუნდებოდი ხოლმე. არასდროს მიფიქრია, რო ლამაზი ვარ. ეს განცდა ბოლო წლებში გამიჩნდა", - ამბობს ქალი.

როგორც თვითონ ყვება, ცხოვრებაში განსაკუთრებული გეგმები არ ჰქონია: "სკოლა არ მიყვარდა და 16 წლის ვიყავი როცა სკოლაში სიარული შევწყვიტე, რის შემდეგაც Cordon Bleu-ს კულინარიული და სამკერვალო კურსები გავიარე. კარიერული გეგმები არ დამისახავს, მხოლოდ მოგზაურობა, ქორწინება და ოჯახის შექმნა მინდოდა", - ამბობს ის.

ლაბუშერის ცხოვრება მოულოდნელად, ერთ დღეში შეიცვალა. 2017 წლის ნოემბერში მისმა ქალიშვილმა, ამელიამ, რომელიც მოდელად მუშაობდა, სახლში თქვა, რომ მისი უფროსი, გადასაღებად, ჭაღარათმიან ქალს ეძებდა:

"მოდელი არ ვიყავი, მაგრამ ჭაღარა თმა მქონდა",- იხსენებს ლაბუშერი.

ქეროლაინი და მისი გოგონა, მიმი ლაბუშერი

ქეროლაინის ვიზუალმა ისე მიიპყრო ყურადღება, რომ მისი ფოტოები ბრიტანულ Vogue-შიც გამოქვეყნდა. ამბობს, რომ აქვს განცდა, თითქოს ცხოვრება 50 წლის ასაკის შემდეგ დაიწყო. ახლა 58 წლისაა

"არასდროს მსურდა, რომ ასაკი დამტყობოდა. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული და გაბედული ვარ, ვიდრე 20-30 წლის ასაკში ვიყავი. წვეულებებზე დავდივარ, ცხოვრება უფრო საინტერესოა.

ვფიქრობ, რაც უფრო მომემატა ასაკი, უფრო გავლამაზდი. ახლა თავს სრულყოფილად ვგრძნობ. ჭაღარა თმა, უცნაური მიზეზით, გაძლიერებს. ის ჩემი გვირგვინია", - ამბობს ქეროლაინი.

ქეროლაინი და მისი მეუღლე, დევიდი, დუბაიში დასახლდნენ და ცხოვრებით ტკბებიან. ლაბუშერი თავის შვილებს "საუკეთესო ინვესტიციას" უწოდებს და სამომავლოდ დიდ გეგმებს არ აწყობს, რადგან ურჩევნია, რომ დღევანდელი დღით იცხოვროს.

სუპერმოდელი ქალებს რამდენიმე რჩევას აძლევს - ის ხაზს უსვამს კარგი კოსმეტოლოგის მნიშვნელობას და რეტინოლის შემცველი კანის მოვლის საშუალებების გამოყენებას. დეკორატიული კოსმეტიკის ყოველდღიური გამოყენების წინააღმდეგია და თვლის, რომ ეს ახალგაზრდობის ერთ-ერთი პირველი მტერია.

აგრეთვე, ცდილობს შაქრიანი საკვების დოზა შეამციროს. ყველა ქალს მოუწოდებს, რომ იყვნენ აქტიურები და საკუთარი თავი შეიყვარონ.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა