10 წლის ბიჭის მიმართ შანტაჟსა და მუქარაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანის მიმართ მუქარაში დადანაშაულებული მამაკაცი ვერ იხსენებს თუ სად იმყოფებოდა 26 ოქტომბერს, დანაშაულის ჩადენის დროს.
26 წლის ვალერი დოდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩენვს. დაცვის მხარის მტკიცების მიუხედავად, სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება ადვოკატმა შესაძლოა მეორე ინსტანციაში გაასაჩივროს.
"არ ახსოვს კონკრეტულად იმ საათსა და წუთზე სად იმყოფებოდა", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილმა. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ადვოკატი კი აცხადებს, რომ მას "მოსამართლემ შეუფარდა წინასწარი პატიმრობა იმ მოცემულობით, რომელიც სრულიად არ აკმაყოფილებს სტანდარტებს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებების შესახებ, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი".
ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ სწორედ ვალერი დოდაშვილი იყო ის პირი, რომელიც შანტაჟის გზით არასრულწლოვანს ბინის კარის გაღებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარის შემტვრევით ემუქრებოდა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე კრისტი ქორიძის პოსტი გავრცელდა, რომელშიც წერდა, რომ მის 10 წლის ძმას უცხო მამაკაცი სახლის კარის გაღებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მუქარა და კარზე ბრახუნი დაიწყო. გოგონას ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული.
"ვერ აგიღწერთ ეს რამხელა შიში იყო, როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი, როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო. პარალელურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვით!" - წერდა მოქალაქე.
მუქარის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პარალელურად, გამოძიება არკვევს, თუ რა მოტივით ცდილობდა 26 წლის მამაკაცი მე-15 სართულზე მდებარე უცხო ბინაში შეღწევას.