რუსეთისა და ევროკავშირის ერთობლივ ძალისხმევას, ყარაბაღის რეგიონის გარშემო მიმდინარე პროცესების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, სომხეთში არაერთგვაროვანი პოზიციები აქვთ... ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის ფონზეც კი, ძალისხმევას არ იშურებს, ყურადღება არ მოადუნოს და სამხრეთ კავკასიაზე კონტროლი შეინარჩუნოს...
არიან ისეთები, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მეგობრობის გარეშე ვერც აზერბაიჯანთან დაალაგებენ ურთიერთობას და ყარაბაღსაც ნელ-ნელა დაკარგავენ...
ამ თემაზე საუბრისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახლო წარსულში, აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთთან ერთად, ერთი სახელმწიფოს ნაწილი იყო. შესაბამისად, რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი იყოს.
მისივე თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა, მხოლოდ ორივე მხარის მიერ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით არის შესაძლებელი.
პუტინის თქმით, საუბარია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე, რომლის ფარგლებშიც, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ ნორმალიზებას მიაღწიოს.
რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მიერ შეთავაზებულ აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებზე მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა.
სომეხი პოლიტოლოგების შეფასებით, კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთისა და დასავლეთის კონკურენცია პრობლემის სიმწვავეს არ ცვლის...
პოლიტოლოგი არმენ ვარდანიანი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და ევროკავშირსაც კონფლიქტის მოგვარება თავიანთი ეგიდით სურთ.
"შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის საგარეო საქმეა სამინისტრო ძალიან შეშფოთებულია ევროკავშირის აქტიურობით, პრესსპიკერი მარია ზახაროვა კი, სომხეთში ანტირუსული განწყობების გაღვივებაში ვაშინგტონს ადანაშაულებს. ის ვერ ეგუება, რომ დასავლეთი მოსკოვის ჩანაცვლებას ცდილობს", - ამბობს პოლიტოლოგი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.
მისივე თქმით, დასავლეთს სურს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს კონფლიქტი, რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც მშვიდობიანი მოლაპარაკება უნდა, რათა სომხეთის გავლით ნახიჭევანში დერეფანი ჰქონდეს.
"ამ პირობებში, მას სასიცოცხლოდ სჭირდება თურქეთთან სატრანსპორტო გზა. საქართველოს გავლით, ამ გზას, გასაგები მიზეზების გამო ვერ გაივლის, ამიტომ რჩება, მხოლოდ აზერბაიჯანი-ნახიჩევანი, რომლითაც თურქეთზე გავა" - ამბობს ვარდანიანი.
სხვების თქმით, დერეფნის პროექტი, სომხეთის გავლით, რუსეთისთვის ძალზე ხელსაყრელია.
"დასავლეთი ნებისმიერი სახის სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგია. ამ შემთხვევაში კი, ის ხედავს, რომ თუ რუსეთი თურქეთზე გავლით გასასვლელს მოიპოვებს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ დერეფანს აზერბაიჯანთან ერთად გააკონტროლებს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა" - დასძენს სომეხი პოლიტოლოგი.
"სინამდვილეში, დასავლეთი კი არ გვირევს ტვინს, უბრალოდ, ჩვენს ხალხს ცუდისა და კარგის გარჩევა შეუძლია. ეს მშვენივრად იცის ზახაროვამაც, მაგრამ ვითომ ჩვენზე ზრუნვით ცდილობს, მასებს გონება აურიოს. დავიღალეთ და ცვლილებები გვინდა" - წერენ სომხები სოციალურ ქსელებში.
"თუ ზახაროვასა და სიმონიანს აინტერესებთ, თუ რამ განაპირობა მათი პერსონა ნონ გრანტად გამოცხადება, გადახედონ მათ ბოლოდროინდელ პოლიტიკას და პასუხს თავად იპოვიან. ხალხი რუსეთის გამყიდველი პოლიტიკით დაიღალა - ყოველთვის თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ერთი პრინციპით, არ დაკარგოს გავლენა!" - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნაირა აბრამიანი.
"ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ჩვენი ხელისუფლება - თუ ფაშინიანი ამბობს, რომ ის რუსეთის მიერ შემოთავაზებულ პროექტს ირჩევს, ეს ნიშნავს, რომ სომხეთი ევროპასთან დაახლოების შანსს კარგავს, ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნდება კი, კოლექტიური რუბენ ვარდანიანების ქვეყანაში ცხოვრებას ნიშნავს, რომელიც რუსეთმა მთიან ყარაბაღში თავისი პოზიციების გასამტკიცებლად გამოუშვა. ცვლილებები ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამის შიშით უკეთეს არჩევანზე უარის თქმა, დაღუპვას ნიშნავს" - მიაჩნია გორ ჰარუკიანს.
ნახეთ ასევე