ავტორი:

პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ

პუტინი, ჰიტლერი და სტალინი - მსოფლიოს სამი ყველაზე სასტიკი დიქტატორის ფსიქოლოგიური პორტრეტი: რა აერთიანებთ და განასხვავებთ მათ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პუტინს ხშირად ადარებენ ადოლფ ჰიტლერს. პოლიტიკოსსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან საუბრისას შევეცადეთ მსგავსებები, განსხვავებები და პარალელები გვეპოვა ამ ადამიანების ცხოვრების სხვადასხვა ეტაპსა თუ თავისებურებებში და მათი ქმედებები ამოგვეხსნა.

- ნებისმიერი ისეთი დისკომფორტი, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება მოუტანოს ადამიანს ბავშვობამ თუ ახალგაზრდობამ, უკვე მუხტს აჩენს მასში, რომ სხვებს აჯობოს. ამის საბაბი, როგორც ჩანს, ჰიტლერსაც ჰქონდა, და აქვს პუტინსაც. დიქტატორები ცდილობენ, თავიანთი ბიოგრაფია არ გამოამზეურონ და ესეც ნიშანია იმისა, რომ მათ წარსულში არის რაღაც მათთვის უსიამოვნო. ეს მიდგომა, რომ მათ ბიოგრაფიაში რაღაც შეიძლება იყოს, რომლის კომპენსაციასაც ცდილობენ, თავის დროზე წარმოადგინა ადლერმა, ფროიდის მიმდევარმა, და მისი ეს თეორია პოლიტოლოგებში პოპულარული გახდა სწორედ იმიტომ, რომ ხშირად თვალში საცემი იყო არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაცია... ამ კომპლექსების ნაწილია, მაგალითად, ნაპოლეონის დაბალი ტანი ან სტალინის ნაყვავილარი სახე და სხვა ასეთი რამ, რაც ხელს უშლის ახალგაზრდის წარმატებას თანატოლებში. შეიძლება ეს დაცინვის, აბუჩად აგდების საგანი გახდეს... თუმცა მარტო წარსულის მაგალითებით მსჯელობა არ კმარა. თუკი აწმყო ხელს უწყობს დიქტატურას, მაშინ უფრო ადვილად ხდებიან დიქტატორები. ანალოგიური შეიძლება ითქვას ჰიტლერზე, როცა მთელი გერმანია მხარს უჭერდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადრეულ ჰიტლერს, რომელშიც კი ჩანდა ძალადობისკენ მიდრეკილება, მაგრამ ჯერ ისეთი მასშტაბი არ ჰქონდა, რომ პროტესტი გამოეწვია გერმანელებში. ამასთან, ჰიტლერს გერმანული ნაციის განდიდებაზე ზრუნვაც ახასიათებდა და ეს სიამოვნებდა ხალხს. ხალხის განდიდება და ამაზე დაყრდნობა ძალიან ხშირად ხდება დიქტატორების ხერხი - ჰიტლერმა გერმანელ ერს გამოუცხადა სრული მხარდაჭერა, პატივისცემა, აიყვანა თავის გამოსვლებში დიდ სიმაღლეებზე და გამოაცხადა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ შეფასებას გერმანელი ერი იმსახურებსო. ამას ხალხი გაჰყვა. ანალოგიური რამ ახასიათებს პუტინსაც. ძალიან ხშირად ისტორიას ისე გადაწერს ხოლმე, რომ რუსები გამოვიდნენ არა მარტო თანამედროვე, არამედ ძველი ისტორიის შემოქმედიც, ლამის აგერ ბერძნულ კულტურაშიც რუსული კვალი დაინახოს პუტინმა. დიდი რუსეთის შექმნის იდეაც ასეთ ისტორიულ გააზრებებს ეფუძნება. რუსეთი და რუსები უნდა ჩანდნენ პირველ პლანზე, მეორეზე კი სხვა ერები, დავუშვათ უკრაინელები. ხომ ამბობს, უკრაინელი ერი არ არსებობსო - ის კაცი, რომელიც კიევის რუსეთის შთამომავალია, ისტორიის ამ ნაწილს უგულებელყოფს... ანალოგიური ტენდენციები ჰქონდა სტალინსაც. ეს მკაფიოდ ჩანს უფრო იმიტომ, რომ ეთნიკურად ქართველი იყო. ამავე დროს, როცა დასჭირდა, "დიდ რუს ხალხზე" დაიწყო ლაპარაკი. "დიდი რუსი ხალხი" - ეს ხომ მისი ფრაზა გახლდათ. რუსი ხალხიც ომში რომ მიდიოდა, "სამშობლოსთვის და სტალინისთვისო" გაჰყვიროდნენ - გაიგივებული ჰქონდათ ერთმანეთთან. სტალინი რომ გარდაიცვალა, მთელი რუსეთი ტიროდა. თვლიდნენ, რომ ქვეყანა ცუდ დღეში ჩავარდებოდა უმისოდ. ანალოგიურად, გერმანელი ერისთვის ჰიტლერი იყო მთავარი ფიგურა - ჰიტლერთან გაიგივებული ნაცია შექმნა ჰიტლერმა.

პუტინი ახლა დაესხა თავს უკრაინას, მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ მაგალითად, 2008 წელს საქართველოში შექმნილიყო სურათი, რომ საბრძოლო მოქმედებების ინიციატორი საქართველო იყო. პოლიტიკოსი, რომელსაც სურს თავდასხმა სხვა ქვეყანაზე, შეიძლება უამრავ ხერხს ხმარობდეს საიმისოდ, რომ ეს თავდასხმა გაამართლოს. პროვოცირება გაუკეთოს იმას, რომ ან იმ ქვეყანამ დაიწყო ომი, ან ის ქვეყანა გამოიყვანოს მჩაგვრელად და თვითონ ჩაგრულების დამცველად წარმოაჩინოს თავი. სტალინმა აღმოსავლეთი ევროპა გაათავისუფლა ჰიტლერისგან და განმათავისუფლებლად მოევლინა მსოფლიოს, მაგრამ მერე ისეთი რეჟიმი დაამყარა, რომ ამ ქვეყნებს ერთი სული ჰქონდათ, როდის გაიქცეოდნენ საბჭოთა გავლენისაგან. ასე რომ, კაცმა არ იცის, სტალინი ჰიტლერს რომ ებრძოდა, იმიტომ ებრძოდა რომ საბჭოთა კავშირი დაეცვა, თუ იმიტომ, რომ მერე გადასულიყო ევროპის ტერიტორიაზე და გავლენა მოეპოვებინა ევროპულ ქვეყნებზე. მართლაც გადავიდა და ბოლომდე მიჰყვა, მერე დიპლომატიურ არენაზეც აქტიურად იბრძოდა გავლენისთვის და სავარაუდოდ, ეს მიზანი ჰქონდა კიდეც. როგორ უნდა ჩაითვალოს ახლა ევროპულ ქვეყნებზე სტალინის გავლენა? იმად, რომ საბჭოთა კავშირმა ამ ქვეყნების ოკუპაცია მოახდინა თუ დაიხსნა ჰიტლერის ოკუპაციისგან? - ორივე ვერსია სწორია, დაიხსნა კიდეც და მერე თვითონ მოახდინა ოკუპაცია. ასე რომ, დიქტატორებს ყოველთვის აქვთ ტენდენცია, რომ გავლენა მოახდინონ სხვებზე და სხვათა შორის, ეს მხოლოდ მათი დიქტატორობით არ აიხსნება. ადამიანს აქვს ეს ტენდენცია. მაგალითად, იმ ქვეყნების, რომელთაც დიქტატორულს არ ვუწოდებთ, მმართველები ხშირად დგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებს უპირისპირდება და მათ ჩაგრავს. დასავლეთის ქვეყნები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, ამერიკასაც არაერთი საომარი მოქმედება წამოუწყია. ასე რომ, "დიქტატორს" ძალიან რადიკალურ შემთხვევებში ვარქმევთ, როდესაც პოლიტიკური ფიგურა მართლაც დაბრმავებულია ძალაუფლებით.

- კიდევ რა ცხოვრებისეული პარალელები შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლებმაც ეს ადამიანები დიქტატორებად ჩამოაყალიბა?

- დიქტატორს სჭირდება როგორც ქვეყნის მორჩილება, და ამას აღწევს არა მარტო იმით, რომ ტერორს ამყარებს ქვეყანაში, არამედ იმით, რომ ორივე ხერხით მოქმედებს - მათრახითაც და ნაზუქითაც: რაკი მხარდამჭერების გამრავლება სურს, შესაძლო მხარდამჭერებს ქათინაურებს ეუბნება, შესაძლო მოწინააღმდეგეებს კი სჯის. ჰიტლერის გარემოცვაშიც სტალინთანაც მოწინააღმდეგეები პრაქტიკულად ნულამდე იყო დაყვანილი. იგივე სურათი გვაქვს პუტინთანაც - ოპოზიციონერი არ გააჭაჭანა, ბევრი ციხეში ჰყავს, ზოგი ფიზიკურად მოიშორა და დანარჩენებსაც უსწორდება. ესეც დიქტატორების საერთო თვისებაა - ელიტა, უშუალო გარემოცვა, უნდა გახადოს მაქსიმალურად მორჩილი.

- თითქოს რეალობის შეგრძნებას კარგავენ...

- ოუენმა, ინგლისელმა ნევროლოგმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ, შექმნა კონცეფცია, რომ პოლიტიკოსებს პროფესიული დაავადება აქვთ, ე.წ. ჰიბრისის სინდრომი - თავდაჯერების სიმბოლო ბერძნულ მითოლოგიაში. ისინი ხდებიან ზედმეტად თავდაჯერებული, მიაჩნიათ, რომ სამყარო ისეთია, როგორიც თვითონ აწყობთ. სხვათა შორის, ამ სინდრომზე მსჯელობის დროს ოუენი არ ეძებდა დიქტატორებს ამ კონცეფციის გასამყარებლად. იქვე, ინგლისის სინამდვილეში ეგულებოდა ასეთი ფიგურანტი - მაგალითად მარგარეტ ტეთჩერი. ეს თავდაჯერება, შეიძლება ითქვას, ბუნებრივი დეფორმაციაა პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად გამოუვიდა, რომელსაც ბევრი ეუბნება, რა ჭკვიანი და ძლიერი ხარო და ამას იჯერებს.

ასევე დაგაინტერესებთ"პუტინი, როგორც ზვიგენი" - რას ჰყვება CIA-ს თანამშრომელი რუსეთის პრეზიდენტზე?"მიამიტურია ფიქრი, რომ კრემლს ახლა ჩვენთვის არ სცალია“"სავსებით შესაძლებელია უკრაინაში ნატოს ჯარების შესვლაც"- პროპაგანდა მათი ძლიერი იარაღია.

- ამ მხრივ ჰიტლერი ძალიან აქტიური ბრძანდებოდა. ჰიტლერისთვის პროპაგანდა იყო საჯარო გამოსვლები. პუტინი ასეთ საჯარო გამოსვლებში თითქმის არ მონაწილეობს. მისთვის გამოსვლა გარემოცვასთან საქმიანი შეხვედრა ან მიმართვაა, მაგრამ ტელეკამერით. ადამიანთა დიდ რაოდენობასთან კონტაქტი არ უყვარს, განსხვავებით ჰიტლერისაგან. სტალინისაც არ უყვარდა... არადა, არც ჰიტლერი იყო საჯარო გამოსვლების დიდი სპეციალისტი, სარკის წინ ვარჯიშობდა გამწარებული. ისტერიკული იყო ყველა გამოსვლაში, ემოციით აჰყავდა ხალხი და არა რაციონალური მსჯელობით. პუტინთან იგივე სურათი არა გვაქვს, მაგრამ ის, რომ პროპაგანდა მისთვის მნიშვნელოვანია, უდავოა. ჰიტლერი საჯარო გამოსვლებში ემოციური მუხტის გაზრდაზე მუშაობდა, ამიტომ ჭარბად იყენებდა ჟესტებს, მიმიკას. პუტინი თავშეკავებულია, ჩაკეტილი ტიპია და ამიტომ სტილისტიკაც განსხვავებული აქვს. ცდილობს რომ მისი გამოსვლები ემოციის ნიშანს არ ატარებდეს და რაციონალური მსჯელობის შთაბეჭდილება დატოვოს.

- მათ შორის რას ნახულობთ საერთოს?

- ერთ-ერთი მსგავსება ისაა, რომ ძალაუფლების გარეშე ძალიან საცოდავი და უსუსური ხდებიან. უსუსური იყო ახალგაზრდობაში ჰიტლერი, როდესაც ვერ ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, მეგობარი არ ჰყავდა, ურთიერთობა უჭირდა... მოგვიანებით ხელისუფლებამ გახადა ისეთი, როგორიც მსოფლიომ გაიცნო. ანალოგიურად იყო პუტინთანაც. ისტორიამ შემოგვინახა, თუ როგორ დაჰქონდა სობჩაკის ჩემოდანი, მისი დაცვის უფროსი კი იყო, მაგრამ რეალურად მომსახურე ბიჭის როლს ასრულებდა. ის ძლიერი ფიგურა, რომ სპორტულია, ძლიერი პოლიტიკოსია, უფრო გვიანდელი მოვლენაა, რომელის ნიშნებიც ადრინდელ პუტინს არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ძალაუფლებას თუ დაკარგავს, დიდი შანსია, ისევ მორიდებულ, გაუბედავ პერსონად იქცეს. უკრაინის კონფლიქტში უკრაინის წარმატებისა და რუსეთის მარცხის ფონზე პუტინში ისევ გაუბედავი ინტონაციაა და თავდაჯერება დაკარგა მისმა გამოსვლებმა.

- ეს რა მომენტში იგრძენით?

- ყირიმის ხიდის აფეთქებამდე მას უფრო მორიდებული კილო ჰქონდა. მერე შეტევაზე გადავიდა, ტერორისტული აქტიაო, გამოაცხადა. ამან ის ვერსიაც გააჩინა, რომ შეიძლება მისი აფეთქებულია ხიდი, იმიტომ, რომ საბაბი იპოვოს. პრეზიდენტობის სავარძელი ხომ ტერორისტული აქტებით გაიმყარა. დიქტატორები თავდაჯერებას კარგავენ, როცა ძალა ეცლებათ და საცოდავები ხდებიან... ხომ ხედავთ, მთელი მსოფლიო აწვდის იარაღს უკრაინას. მანამდე პუტინი იმუქრებოდა, ვინც უკრაინას დაეხმარება, ჩვენი მტერი იქნებაო. ეხმარებიან, მაგრამ პუტინი ვერ ბედავს მათთან დაპირისპირებას. მან დაკარგა თავდაჯერება, იმიტომ, რომ მარცხდება. ოღონდ თუ ძალა იგრძნო, მერე სადიზმამდე მივა ძალადობაში.

- პუტინმა სცადა გამოსავალი ეპოვა აღმოსავლეთთან ურთიერთობაშიც.

- შეიძლება სცადოს ავტორიტარული რეჟიმების თავმოყრა და ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნა, თუკი მისცეს ამის საშუალება. ეგ ვნახეთ სწორედ - ჩინეთი ეუბნება, კი ბატონო, გავერთიანდეთ, ოღონდ შენ არ იქნები პირველი პირიო. აგრძნობინეს, რომ მას პატივს არ სცემენ... გაჩნდა განცდა, რომ პუტინი გამოსავალს ეძებს იმაშიც, რომ შეცვალოს გარემოცვა. გენერლებს ცვლის... ის შეეცდება ყველა რესურსი გამოიყენოს, სანამ იფიქრებს იმაზე, დააჭიროს თუ არა ღილაკს თითი.

განაგრძეთ კითხვა