ავტორი:

უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია

უმძიმესი კადრები ინდოეთიდან: რა გახდა 4 დღით ადრე საზეიმოდ გახსნილი ხიდის ჩანგრევის მიზეზი, რასაც 141 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის ბევრი ბავშვია

ტრაგედია დატრიალდა ინდოეთში, გუჯარათის შტატში, სადაც ქალაქ მორბიში, მდინარე მაჩეხუზე გადებული ფეხით მოსიარულეთა 230-მეტრიანი ხიდი ჩაინგრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციის, 170 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დაშავებულები გადაყვანილია კლინიკაში, გარდაცვლილთა შორის ბევრი ბავშვიცაა, რომლებიც, მშობლებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ ინდუსურ დღესასწაულს - დივალის აღნიშნავდნენ.

ხიდი 30 ოქტომბერს საღამოს ჩაინგრა, რამდენიმე დღის წინ -26 ოქტომბერს კი, ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდეგ, საზეიმოდ გახსნეს.

30 ოქტომბერს, ხიდზე და მიმდებარედ დღესასწაულის საზეიმოდ 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. სიმძიმისგან ბაგირები, რომლებზეც ხიდი ეკიდა, გაწყდა. თვითმხილველთა გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, ათობით ადამიანი, როგორ ეჭიდებიან ბაგირებსა და ხიდის გადარჩენილ ნაწილებს და ასე ცდილობენ გადარჩენას, მაშველების გამოჩენამდე.

მდინარე მაჩეხუს დაკიდებული ხიდი მიიჩნეოდა მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. ის ააშენეს დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნეში.