მსახიობების ოჯახში დაიბადა... ბებიამ და პაპამ ერთმანეთი თეატრალურ სასწავლებელში გაიცნეს, მისმა მშობლებმაც ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში იპოვეს და ასე შეიკრა მსახიობთა საინტერესო ოჯახური წრე...
მიუხედავად მძიმე 90-იანი წლებისა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, ლია გოგიძეს ბავშვობა საოცრად ლამაზად და საინტერესოდ ახსენდება. სანთლის შუქზე, ღუმელთან ბებია გიტარით ხელში ამღერებდა, რაც უშუქობის აუტანელ სევდას საოცარ სიხარულს ჰფენდა, პაპა კი წიგნებს ხმამაღლა უკითხავდა.
"სწორედ ოჯახის დამსახურებაა ჩემი ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი სიყვარული, რაც ასევე ჩვენს სახლში ხელოვანი ხალხის სტუმრიანობამაც განაპირობა. ახალშობილს სცენაზე გაგორების რიტუალი, ე.წ. ნათლობა, ჩაუტარეს. ფეხიც სცენაზე აიდგა, 5 წლისამ კი პირველად სპექტაკლში "ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გვირილის როლი ითამაშა.

"უდიდესი აღმაფრენა ვიგრძენი და მივხვდი, ეს ის იყო, რისთვისაც ცხოვრება უნდა მიმეძღვნა“, - აღნიშნავს ლია გოგიძე. მთელი ბავშვობა კულისებიდან აღფრთოვანებული უყურებდა მშობლების სცენაზე თამაშს.
უკვე მეათე წელია, მესხეთის თეატრის სცენაზე დგას. პირველივე კურსიდან დაიწყო მისი სამსახიობო თავგადასავალი. 19 წლისა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გენიალური ვაჟა-ფშაველას "გველის მჭამელში“ მზიას როლი ანდო. იმ არაჩვეულებრივი სამუშაო პროცესისა და გამოცდილებისათვის, რაც მაშინ მიიღო, რეჟისორის მადლობელია.

"საკმაოდ რთული და საინტერესო როლი აღმოჩნდა, იმდენად განვიცდიდი ჩემი გმირის პირად ტრაგედიას, რომ რეპეტიციების განმავლობაში შინ სიცხიანი ვბრუნდებოდი,“- ამბობს ჩვენი რესპონდენტი. მზიას როლს არაერთი საინტერესო და მთავარი როლი მოჰყვა, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კლასიკური დრამატურგიიდან, დრამატული და კომედიური როლები. გაუმართლა, ადრეულ ასაკშივე მოექცა რეჟისორების ყურადღების ცენტრში, საუკეთესო რეჟისორებთან მუშაობით განებივრებული იყო.
მისი როლების ჩამონათვალი მეტად მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად რეჟისორები მასში ძლიერ, მებრძოლ ქალს ხედავენ, კომედიური ჟანრის გმირების გასახიერებაც არაერთხელ მოუხდა. ნათამაშები აქვს: ქეთევან დედოფალი, მედეა, ჰედა გაბლერი, ლედი მილფორდი შილერის "ვერაგობა და სიყვარულში“, ელექტრა, მაშიკო "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეში,“ სპექტაკლი "წვიმის გამყიდველში“, ივან ფრანკოს "მოპარული ბედნიერება“, მთავარი როლი - ანა...
მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი როლი აღმოჩდნა ანა სპექტაკლში ივან ფრანკოს "მოპარული ბედნიერება,“ რომელიც ლიტველმა რეჟისორმა ლინას ზაიკაუსკასმა დადგა. პრემიერას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ნამუშევარს მაყურებელმა სულისშემძვრელი ტრაგედია უწოდა.

"2 საათის განმავლობაში დარბაზი გასუსული გვისმენდა და ალბათ რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში აღფრთოვანებულ შეფასებებს ვიღებდი. ამ სპექტაკლით მიგვიწვიეს საერთაშორისო ფესტივალზე უკრაინაში, ქალაქ ხერსონში და სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა ფესტივალიც. წარმოდგენას სხვადასხვა ქვეყნის უამრავი კრიტიკოსი ესწრებოდა. გაორმაგებული პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან სწორედ უკრაინულ კლასიკას უკრაინაში ვთამაშობდი. გადავსებული 1000-კაციან დარბაზი. მუსიკა რომ გაისმა და ფარდა გაიხსნა, არ ვიცი, იმ დღეს რა საოცარი შეგრძნებით ვითამაშე. მაყურებელი "პაკლონზე“ ფეხზე დამდგარი 20 წუთი ტაშს გვიკრავდა, აღფრთოვანების შეძახილები ისმოდა. ვერ აღვწერ იმ ბედნიერებას, რაც მაშინ ვიგრძენი. სწორედ იმ დღემ და იმ სპექტაკლმა მომიტანა სცენის ოსტატის ჯილდო. ერთია, როცა შენი ქვეყანა გაფასებს და გაღიარებს და მეორე - როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შენს შემოქმედებას ასე აფასებენ და პრიზს გაძლევენ", - გვეუბნება მსახიობი.
საერთაშორისო ფესტივალზე ქალის როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ეს იყო სპექტაკლი "მედეა“, მისი საყვარელი გმირი, რომელმაც უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა. ეს კი ჯანრი კაშიას პიესა გახლდათ "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“. სპექტაკლის რეჟისორი - გიორგი შალუტაშვილია. წარმოდგენა საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივითა და სურვილით დაიგეგმა.

"აღსანიშნავია, ქალბატონ პრეზიდენტის ინტერესი და სიყვარული ჩვენი თეატრის მიმართ. იგი სპექტაკლს "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ რამდენჯერმე დაესწრო, დასი მოეწონა, ჩემ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება გამოხატა და გადაწყვიტა, სწორედ ამ თეატრისთვის შემოეთავაზებინა მისი გარდაცვლილი მეუღლის ჯანრი კაშიას პიესა "მედეა ევრიპიდეს წინააღმდეგ“, ხოლო ჩემთვის კი მედეას როლი.
სპექტაკლზე მუშაობა მალე დავიწყეთ. კოლხი მედეა ეს ხომ ერთ-ერთი ძლიერი და მაგიური გმირია, რომლის თამაშიც ალბათ ბევრი მსახიობის ოცნებაა. ამიტომ, ჩემთვის ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო. მომიწია თავიდან გავცნობოდი და წამეკითხა ყველა ის მასალა, რაც ამ გენიალურ გმირზე არსებობს, რომ სრულად გამეგო მისი შინაგანი სამყარო. როლი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, - მეამბოხე მსახიობი, რომელსაც არ სჯერა მედეას შესახებ შექმნილი მითის და ეწინააღმდეგება ავტორს, ევრიპიდეს“ - აღნიშნავს ლია გოგიძე, რომელსაც ძალიან ემოციური სცენები ჰქონდა, ცდილობდა, მედეას უდანაშაულობის დამტკიცებას და გაბოროტებულ მასას უპირისპირდებოდა. ეს კი მსახიობისგან უზარმაზარ ძალას, ენერგიას, შეუპოვრობას, გაუტეხლობას მოითხოვდა, ყველაფერი კი ფსიქოლოგიურად ანადგურებდა.

პრემიერა მესხეთის სახელმწიფო დარამატულ თეატრში შედგა. მაყურებელი ტაშს აღფრთოვანებული უკრავდა. "ქალბატონი სალომე მაშინ ჯერ არ იყო პრეზიდენტი. ის საგრიმიოროში ჩემთან უზარმაზარი თაიგულით შემოვიდა და მითხრა: "მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი შესრულებისთვის, ეს როლი სწორედ შენ უნდა გეთამაშა, ყველა მოლოდინს გადააჭარბე, შენ მაყურებელს მედეას რეალური სახე დაანახე. მადლობა ამისთვის!“ - იხსენებს მსახიობი.
მესხეთის თეატრმა სპექტაკლი შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში ჯანრი კაშიას 80 წლისთავთან დაკავშირებით ითამაშა. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, მსახიობები რეპეტიციას გადიოდნენ, ლიამ კი სიბნელეში ლუკის მდებარეობა ვერ განსაზღვრა (მისთვის უცხო სცენა იყო) და ჩავარდა. მუხლი სერიოზულად დაიზიანა. მაშინვე ამოიყვანეს, უამრავი წამალი გაუკეთდა, რომ სპექტაკლი არ ჩაშლილიყო. ტრავმა საბოლოოდ საოპერაციო აღმოჩნდა, რადგან მყესები დაწყვეტილი ჰქონდა... სპექტაკლმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, მაყურებლის ოვაციები და ტაში დიდხანს გრძელდებოდა. კვლავ უმაღლესი შეფასებები მიიღო.

ამას მოჰყვა გასტროლი აზერბაიჯანში, ბაქოს თეატრალურ ფესტივალზე თეატრის მოღვაწეთა კავშირის ინიციატივით მიიწვიეს. ფესტივალს აზერბაიჯანის მედიასაშუალებები აშუქებდნენ და მესხეთის თეატრის სპექტაკლს უმაღლესი შეფასება მისცეს, "მედეას“ როლის შემსრულებელ ლია გოგიძეს კი "ქართული თეატრის ამომავალი ვარსკვლავი“ უწოდეს. ამ გასტროლის შემდეგ, ლია გოგიძეს თეატრის მოღვაწეთა კავშირმა ბელა მირიანაშვილის სახელობის პრემია მიანიჭა "მედეას“ როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
