ავტორი:

"15 მაისს ჩემი პირველი გამოფენა გაიხსნა, 16-ში ტატო გარდაიცვალა" - გუგა კოტეტიშვილის მოგონებები მამაზე, პაპასა და ძმაზე, თამაში ფილმში შვილის გამო და გზა "გუგას ჩანთებიდან" ავეჯის დიზაინამდე

"15 მაისს ჩემი პირველი გამოფენა გაიხსნა, 16-ში ტატო გარდაიცვალა" - გუგა კოტეტიშვილის მოგონებები მამაზე, პაპასა და ძმაზე, თამაში ფილმში შვილის გამო და გზა "გუგას ჩანთებიდან" ავეჯის დიზაინამდე

ყველაფერი ხატვის სიყვარულით დაიწყო... დღეს ავეჯისა და ინტერიერის ცნობილი დიზაინერია, დედამ მასში თავიდანვე აღმოაჩინა ის უნარები, რაც დღეს პროფესიაში შემდგარ გუგა კოტეტიშვილს სხვებისგან, როგორც ხელოვანს, გამოარჩევს.

მამა-პაპის - ვახტანგ და ვახუშტი კოტეტიშვილების შთამომავალი წინაპრებზე, ოჯახზე, უახლოეს ადამიანებზე გვესაუბრება და მათი ოჯახის არაერთ ტკივილიან მომენტს სევდით იხსენებს. ამ ყველაფრის ფონზე კი იქმნება მისი პორტრეტიც...

ამჯერად ჩვენი რუბრიკის "ჩემი ცხოვრების მთავრი ამბები“ სტუმარი სწორედ გუგა კოტეტიშვილია.

  • "ყველაფერი ოჯახით იწყება"

- ყველაფერი ოჯახიდან, აღზრდიდან იწყება. ჩემს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მამიდაჩემმა - ლეილა კოტეტიშვილმა ითამაშა, რომელმაც ჯერ მამაჩემი გაზარდა, შემდეგ კი მეც... მამიდაჩემი ამბობდა ხოლმე, - ბავშვს უნდა უჩიჩინო და არ უნდა უყვიროო... ასეც იქცეოდა. მამაჩემმა "ჩემი წუთისოფელი“ დაწერა, რომელშიც არაერთი ისტორია ჩვენი ოჯახიდან აქვს აღებული. ამ მაგალითებზე, ამ ამბებზე ვიზრდებოდი. თითოეული 100-ჯერ მაინც მაქვს მოსმენილი. ერთ-ერთი ქურდობასთან არის დაკავშირებული, ერთხელ, ბავშვობაში, ვახუშტიმ ქუჩაში კალმისტარი იპოვა და შინ წაიღო, ოჯახში გაიგეს თუ არა, უკან დააბრუნებინეს...

ბავშვობიდან ჩამჯდარი მაქვს გონებაში, რაც ჩემი არ არის, არ უნდა ავიღო. ოჯახის ამ ისტორიებმა, მნიშვნელოვანმა ამბებმა განაპირობა, რომ დღეს ის ვარ, ვინც ვარ...

  • "მამას ხშირად ვიხსენებ“...

- მამაჩემს ჩვენთვის არასდროს უთქვამს სიტყვა "არა“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ვითხოვდი, ყველაფერი კეთდებოდა. ისე, განსაკუთრებულს არც არაფერს ვითხოვდით. ერთხელ მახსოვს, - ვიღაცამ პოლონეთიდან რაღაც მოხატული მაისურები ჩამოიტანა, შიშველი, ჭორფლიანი ქალი ეხატა, ფლომასტერებით მაიმუნური ნახატი იყო შესრულებული და რაღაც წარწერა ჰქონდა. თურმე ღვთისმშობელი ეწერა. ჩემი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ამიტომ დედამ მითხრა, - მამაშენს ანახეო. წინასწარ თვითონაც ვხვდებოდი, კარგ საქმეს არ ვაკეთებდი... მაგრამ მამასთან მაინც მივედი, მუშაობდა, რაღაცას თარგმნიდა, - ეს მაისური მიყიდე-მეთქი. ეს რა არის, ამას როგორ გიყიდიო, - მითხრა...

ვახუშტი

...მამას ხშირად ვიხსენებ, მასზე სულ ვსაუბრობთ... ახლა ლექსებს ვწერ და ისე ძალიან მაინტერესებს ვახუშტის აზრი, - რას იტყოდა, როგორ შეაფასებდა... ბავშვობაში მქონდა მცდელობა, რაღაცები მეწერა, მერეც ვწერდი... მათგან ერთი-ორი მომიწონა კიდეც. ახლა კი წერა რაღაც ინტენსიურად დავიწყე, - ასე გამოვიდა.

მითხარით, - თქვენნაირი მამა ხომ ყველას არ ჰყავდაო. კი, მაგრამ ამას გვიან მივხვდი, მანამდე მეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო და ყველა მამა ზუსტად ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ვახუშტი. ბავშვობიდან ასე გვზრდიდა, ცდილობდა, შეძლებისდაგვარად, ჩვენთვის დიდი დრო დაეთმო, ქალაქგარეთ ერთად დავდიოდით, მუშაობის პროცესშიც კი ახერხებდა ჩვენთან ურთიერთობას, ერთი ეპიზოდი მახსოვს, სადღაც 3 წლის ვიქნებოდი, მხრებზე ვეჯექი და ასე მუშაობდა...

  • "პაპაჩემის პორტრეტს მამა ვახტანგს ვეძახდით“...
მარცხნიდან მარჯვნივ: ვახტანგ კოტეტიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალექსანდრე აბაშელი

- ამას წინათ ერთ-ერთ გადაცემაში მკითხეს - ჩაის ვისთან ერთად დალევდითო? - თავიდან ვთქვი, - როდენთან-მეთქი, მერე გამახსენდა, რომ პაპაჩემი როდენის მოწაფის მოწაფე იყო. ამიტომ ვუთხარი, ჩაის პაპას ერთად დავლევდი და ვისაუბრებდით-მეთქი. პაპაჩემი, რომელიც მამასაც არ ახსოვდა, 1937-ში დახვრიტეს.. ვახუშტი იმჟამად 2 წლის იყო. პაპამ იმ ხანმოკლე ცხოვრებაში ბევრი მოასწრო, მეტად საინტერესო და მრავალმხრივი პიროვნება იყო. შინ, კედელზე სიდამონ ერისთავის შესრულებული მისი პორტრეტი ეკიდა, რომელიც ახლაც გვაქვს. მამიდას ჯერ მამაჩემი ეუბნებოდა თურმე, - ამ პორტრეტიდან მამა გიყურებსო, მერე - მე. პორტრეტს მამა ვახტანგს ვეძახდით... ასე რომ, ვახტანგიც სულ ჩვენთან იყო...

  • ლეილა

- ანჩისხატის პირდაპირ კაფე გავაკეთეთ. შენობაში აღმოსავლური ჭერი დაგვხვდა. კაფესთვის სახელის დარქმევისას ბიძგი იმან მომცა, რომ მისთვის აღმოსავლური სახელი "ლეილა“ დაგვერქმია. ლამაზი სახელია, თან მამიდას ერქვა, - დამეთანხმნენ. როდესაც უკვე იქამდე მივედი, რომ წარწერა უნდა შემექმნა, მაგ პერიოდში სოციალურ ქსელში ვიღაცის პოსტი შემხვდა, ინფორმაციას ბაბუამისის არქივიდან გვიზიარებდა. შევიტყვე, რომ თურმე თბილისში ლიტერატურული ჟურნალი "ლეილა“ არსებობდა, რომელსაც იოსებ გრიშაშვილი გამოსცემდა. მისი წარწერა კი, მგონი, გულიაშვილის მიერ იყო შესრულებული. გარეკანს ლამაზად ეწერა "ლეილა“. ამან აზრი უფრო გამიმყარა და მეტად საინტერესო დამთხვევა ის აღმოჩნდა, როდესაც გახსნის დღეს, ლაშა ბაქარაძემ ლიტერატურის მუზეუმში აღმოჩენილი ჟურნალი "ლეილას“ ყდის ასლი თავისი ინიციატივით მოგვიტანა. იქვე ისტორიასაც მოგვიყვა, - თურმე პაპაჩემიც თავის ნამუშევრებს იმ ჟურნალში აქვეყნებდა. ჟურნალის ყდას ხელს აწერდა 5 ქართველი მწერალი, მათ შორის, ვახტანგ კოტეტიშვილი... მოკლედ, ასეთ თანხმობა შედგა ადამიანებს, წარსულს, აწმყოსა და სამყაროს შორის.

  • "დედა ჩემს მომავალს მხატვრობაში ხედავდა“

- დედა - ლია ძაძამიძე გერმანისტი იყო. მან თითქოს თავიდანვე განსაზღვრა ჩემი მომავალი საქმე.... ბავშვობიდან ვხატავდი და სულ ამბობდა, - შენ მხატვარი გამოხვალო. მამაჩემის მეგობრები იყვნენ - ზურა ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, ჯემალ ლოლუა და დედას მათ სახელოსნოებში დავყავდი, რომ ის ჯადოსნური სამყარო ახლოს მენახა.

ტატო და ნატა

ჩემს დაზე - ნატა ლომოურზე ორსულად რომ იყო, ანუ მესამე შვილზე (მე და ჩემი ძმა ნატაზე 10-14 წლით უფროსები ვიყავით), ექიმები რთულ მშობიარობას პროგნოზირებდნენ. ბუნებრივია, ამაზე ღელავდა, იმაზე ფიქრობდა, მშობიარობას როგორ გადაიტანდა. ამიტომ, მშობიარობამდე იმჟამინდელ ლენინგრადში წაგვიყვანა და ყველა მუზეუმი მოგვატარა ცენტრსა თუ გარეუბანში. ამბობდა, - შეიძლება, მალე ცოცხალი აღარ ვიყო და მინდა, ეს შედევრები ბავშვებს ვაჩვენოო. ჩემი და საკეისროთი გააჩინა და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

  • პროფესია - მხატვარი, დიზაინერი…

- სამხატვრო აკადემია დავამთავრე. თბილისის ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილმა ჩანთების კერვა დავიწყე. ეს იყო ჩემი მატერიალური გადარჩენის გზა. 300 მხარზე გადასაკიდი ჩანთა საკუთარი ხელით შევკერე. 90-იან წლების დანგრეულ ქალაქში უცებ გაირკვა, რომ გოგოებს ძალიან სჭირდებათ ჩანთები და "გუგას ჩანთაც“ პოპულარული გახდა. ლამაზები იყო, თანაც როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე გამოსასვლელადაც ვარგოდა... მერე ავეჯის კეთება დავიწყე და ინტერიერის დიზაინმაც გამიტაცა. საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებით გავშალე. შეიძლება, ეს ყველაფერი მამაჩემის გენის დამსახურებაც არის, ის ხომ მეტად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ...

მაკა ჩიჩუასთან ერთად

ჩემი თავი ხელოვნების გარეშე ვერ წარმომიდგენია. დედაც ტყუილად არ მეუბნებოდა, - მხატვარი გამოხვალო. ოღონდ, ამას ძალიან რბილად და არაგამაღიზიანებლად აკეთებდა. იმ სახელოსნოებში სიარულითაც სიამოვნებას ვიღებდი. ვერ ვხვდები, ხელოვნების სიყვარული ჩემში ასეთი დოზით რომ არ იყოს, რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას?! თუმცა ფიზიკაც მაინტერესებდა, ასტრონომიაც. არანაირ პროფესიას და დარგს არ ვაკნინებ, მაგრამ მე ამ ყველაფრის გარეშე ვცხოვრობ. ისევე, როგორც სხვები ცხოვრობენ მხატვრობის გარეშე.

  • "როცა ტატო გაფრინდა..."

- ტატო ჩემზე 4 წლით უფროსი იყო, ჩვენ შორის ასაკში მცირე სხვაობა კი იყო, მაგრამ კარგი ძმობა გვქონდა და კარგი მეგობრები ვიყავით. ბოლო წლებში ჰოლანდიაში ცხოვრობდა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს საქართველოში ჩამოდიოდა, ბოლო პერიოდი მაინც მიჩვეული ვიყავი, რომ აქ არ იყო, ყოველ დღე ვერ ვხედავდი...

ტატო

მისი გარდაცვალების შემდეგაც ეს ემოცია დამრჩა, რომ უბრალოდ, ფიზიკურად სხვაგან არის. ამან რაღაც დოზით გამიადვილა ამ ტკივილთან შეგუება... ძალიან სხვანაირი ადამიანი იყო, არაორდინარული, მაქსიმალისტი და ძალიან საინტერესო. ჩემგან და ვახუშტისგანაც განსხვავდებოდა, შეიძლება რაღაც მსგავსებებიც იყო, რაც ბუნებრივია, მაგრამ მაინც სხვა იყო. ნიჭიერი, აზარტული და ცოტა ავანტიურისტიც გახლდათ... სკოლა რომ დაამთავრა, ერთი წელი არაფერს აკეთებდა, ლოგინში იწვა, არ დგებოდა და წიგნებს კითხულობდა... საქმეს თუ აკეთებდა, მხოლოდ ბოლომდე. ამბობდა, - დღევანდელი დღით უნდა იცხოვროო. ასეც იცხოვრა. 38 წლის იყო, რომ გარდაიცვალა...

როცა ეს მოხდა, რუსთაველზე პირველი გამოფენა მქონდა, 15 მაისს გაიხსნა და 16-ში ტატო გარდაიცვალა. მაგ პერიოდში თვითონ ფილმს "ნოსტალგია არარსებულზე“ იღებდა, რომელიც შემდეგ მისმა მეუღლემ დაასრულა...

ტატო აქ იყო ალკოჰოლური მოწამვლა რომ დაემართა, მაგრამ ჰოლანდიაში მაინც გაფრინდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა და რომ ჩავიდნენ, აბაზანაში გულის შეტევით გარდაიცვალა... ვიცოდი, რომ ჰოლანდიაში გაფრინდა, ავადმყოფობის თაობაზე არაფერი გამიგია, ამ დროს მოულოდნელად მეგობარი მირეკავს და მეუბნება, - მოდი სახლში, ტატოზე რაღაც ამბავიაო. ჩემს შვილსაც ტატო ჰქვია, მაშინ 7 წლის იყო. მეგონა, მას დაემართა რამე, ჩემს ძმაზე არაფერი მიფიქრია... შინ როგორ მივედი, არ მახსოვს. მითხრეს ინეკემ (ჩემი რძალი) დარეკაო... მივხვდი, რაშიც იყო საქმე...

იმ დროს თვალი მოვკარი მამაჩემს, რომელიც მანქანაში იჯდა და რომელმაც ჩემსავით ვერ ამოისუნთქა... ტატოს მერე დაწერა "აჩრდილი,“ რომელშიც მისი გრძნობები ჩანს...

ვახუშტის საერთოდ ბევრი ტკივილი ჰქონდა... თუნდაც ის, რასაც სულ ამბობდა, - დედაჩემის გარდაცვალების ხარჯზე გავჩნდიო, - დედამისი მშობიარობას გადაჰყვა, მამა დაუხვრიტეს და მცირეწლოვანი და ზრდიდა...

  • სახლი, რომელიც თბილისის ომს შეეწირა

- 1991 წლის 21 დეკემბერს მოსკოვში სამი დღით გამოფენაზე უნდა წავსულიყავი. მე და ჩემი მეგობარი ვაწყობდით, დაგეგმილი იყო. არ გვეგონა, რომ ის დაპირისპირება ასეთ საშინელებაში გადაიზრდებოდა. ჩვენ პარლამენტის უკან ვცხოვრობდით. მოსკოვში რომ ჩავფრინდი, შტურმი მერე დაიწყო, ბუნებრივია საჰაერო გზები ჩაიკეტა. ვერ მოვდიოდი, 6 იანვარს როგორღაც მატარებლით ჩამოვაღწიე (6 დღე მოვდიოდი). უცნაურია, ჩამოვედი ზუსტად იმ დილას, როცა ის ყველაფერი დასრულდა. უკვე უბანშიც შეიძლებოდა შესვლა. მანამდე მამაჩემს ვაკეში გავუარე და მერე ვერიდან, ზედა გზით მთაწმინდაზე გადმოვედი. იქ ნანახი, არასდროს დამავიწყდება, - მთელ გზა ვერიდან მთაწმინდამდე, მოფენილი იყო მასრებით, რომელზეც მივდიოდი... ჩემს სახლთან ჩამოვედი და რას ვხედავ, - სახლი აღარ დგას. იქაურობას ბოლი ასდის. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე გამიზნულად გაანადგურებდნენ... მერე ისიც გავიგე, რომ ვახუშტის მისდევდნენ და ესროდნენ... მაშინვე გამიელვა აზრმა, რომ ვახუშტი თავის ქვეყანაში არ უნდათ?!. საშინელი ემოცია იყო. იმ წუთში არანაირი სურვილი აღარ მქონდა, საქართველოში დავრჩენილიყავი, იმ ქვეყანაში, სადაც მამაჩემს ესროდნენ, ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებდა. კაცს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მივხვდი, თავისუფალი ვიყავი, შემეძლო აქედან თამამად წავსულიყავი... თან, იმ სახლიდან არაფერი იყო დარჩენილი, არანაირი მოგონება...

სამი თვის მერე აღმოჩნდა, რომ რაღაც ნივთები მეზობლებს გაუტანიათ. იმ მომენტში ეს არ ვიცოდი და არაფერი მაკავებდა. წასვლა მყარად მქონდა გადაწყვეტილი... მოულოდნელად ვახტანგის ნახატებიც გამოჩნდა, კიდევ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაღაც ნივთები, მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგის ნაქონი სავარძელი, რომელიც მისმა დამ ვახტანგს აჩუქა. ზალიკო ქიქოძეს გადაურჩენია. ეს ის სავარძელი იყო, რომელზეც მამა მუშაობდა, მე კი მხრებზე ვეჯექი... ძალიან მიყვარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქუჩას ვახტანგ კოტეტიშვილის სახელი დაერქმეოდა. აშენდებოდა მუზეუმი. ეს ყველაფერი კი იმას მანიშნებდა, რომ არსად წამსვლელი აღარ ვიყავი და მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდი.

  • ფილმები

- ლევან კოღუაშვილის ფილმ "ქუჩის დღეების" გადაღებისას, დაახლოებით იმ გმირის მდგომარეობაში ვიყავი, რომელიც ვითამაშე. ძალიან მჭირდებოდა ფული, შვილის სწავლის საფასური მქონდა გადასახდელი. ტატო პოლონეთში სწავლობდა. კინოში მანამდე მხატვრად კი მქონდა ნამუშევარი, პერსონაჟი არასდროს ვყოფილვარ. მოკლედ, ქალბატონს, ვინც დამირეკა, ვუთხარი, - ვიცი ეგ სცენარი, დაახლოებით იგივე მდგომარეობა მაქვს, ამიტომ როლის თამაშს დავთანხმდები-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომ როლი მერაბ ნინიძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. სინჯები რომ გადაიღეს, რეჟისორს ვუთხარი - მე ასე შემიძლია, სხვანაირად არ გამომივა, თუ მოგეწონებათ, კი, ბატონო, თუ არადა, მსახიობი არ ვარ, არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვითამაშო-მეთქი. მოეწონათ. მერე ვკითხე - შეიძლება, რაღაცებს ჩემი სიტყვითაც ვიტყვი-მეთქი... შემდეგ "აღლუმი“ ზაალ ქიქოძესთან და გოგა პიპინაშვილთან ერთად ვითამაშე - სამი მეგობრის ისტორია გახლავთ. იქაც რეჟისორს ვუთხარი, - ჩემს სიტყვებსაც დავამატებ-მეთქი. რაც გინდათ, ის ილაპარაკეთო, ბუნებრივი და ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. სულ დიალოგებზეა აგებული.

  • შვილი: ვახტანგ - ტატო კოტეტიშვილი

- ალბათ მეც ისეთივე მამა ვარ, როგორც ვახუშტი იყო. "არას“ თქმა მიჭირს და მით უფრო, შვილისთვის. ვიტყვი, რომ ჩემი შვილი ყველაზე კარგი მეგობარია. უკვე 35 წლის არის. პროფესიით კინოოპერატორია, მრავალმხრივ ნიჭიერი კაცია. ახლა როგორც რეჟისორი, ფილმს იღებს. კიდევ აქვს რაღაც ინტერესები. წესიერი ადამიანია, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... მეუღლესთან გაცილებული ვარ, მაგრამ კარგი ურთიერთობას გვაქვს...

მოკლედ, ასეთია ჩემი მთავარი ამბები...