მომღერალმა ნუცა თოფურიამ სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა "მოვალ". ალბომი "ბრავო რეკორდსმა" გამოსცა. 26 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრში ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება.
ნუცა თოფურია ფართო მაყურებელმა მასობრივად პოპულარული პროექტით "მხოლოდ ქართული“ გაიცნო, სადაც ფინალისტი გახდა, მაგრამ მისი მუსიკალური კარიერა 7 წლის ასაკიდან იწყება, როდესაც ნიჭიერთა ათწლედში ჩააბარა. უკრავდა ვიოლინოზე. 10 წლისა მონაწილეობდა საბავშვო მუსიკალურ პროექტში „ანა-ბანა“, სადაც გაიმარჯვა და გრანპრი აიღო. გამარჯვებამ კი შანსი მისცა, მოხვედრილიყო მსოფლიო დონის კონკურსზე, სადაც 2011 წელს პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ასევე მიიღო სრული დაფინანსება და გაემგზავრა ვენეციაში საერთაშორისო ფესტივალზე.
მოგვიანებით გოგი ცაბაძის კონკურსის ლაურეატი გახდა. 2016 წელს მუსიკალურ პროექტში "X ფაქტორი" მონაწილეობდა და ათეულში მოხვდა. შემდეგ წელს მონაწილეობდა ევროპის საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში. ასეთია მისი გზა სადებიუტო ალბომამდე, რომელშიც შესულია ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქართული და უცხოური სიმღერების ახლებური ვერსიები.
პროექტის პროდიუსერი მარინა ბერიძეა. ხოლო პროექტის ხელმძღვანელი ზაზა შენგელია. საპრეზენტაციო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბენდი "ნიუტონი" - შაკო ღელეყვა (ბასი), ლევან აბშილავა (დრამი), ზურა ასტამაძე (გიტარა), ამირან დიასამიძე კლავიში და სპეციალურად მოწვეული ქართველი მომღერლები და მუსიკოსები.
მარინა ბერიძე:
- მიხარია, რომ ნუცას ალბომი უკვე აქვს... კარგი ის არის, რომ ჯერ კიდევ "ანა-ბანადან“ სხვადასხვა ტიპის მომღერლები ჩამოყალიბდნენ. საერთოდ, ყველა პროექტიდან ვიღაც წამოვიყვანე და უკვე საკმაოდ ბევრნი არიან, რომლებიც ახლა სცენაზე დგანან. ყველას თავისი მიდგომა უნდა. ვიღაც გიჯერებს, ვიღაც - არა. ზოგიერთს ვეჭიდავები, ნუცა მოგყვება. ძალიან პოზიტიური ადამიანია და საერთოდ, მიმაჩნია, რომ თავისთავად რეტრო პერსონაჟია. გარეგნულადაც, საუბრითაც. როგორიც იყო 7-8 წლის ასაკში, "ანა-ბანაში" თავისი ლურჯი თვალებით სამყაროს გაკვირვებული რომ უყურებდა, ასე უყურებს დღესაც...
მოკლედ, მასთან ამ პროექტზე მუშაობა ადვილი იყო. მისი ალბომიც უნდა მიიღოს აუდიტორიამ. ქართული სიმღერები ჭარბობს, მხოლოდ 2-ია უცხოური, ისიც რეტროს სტილში. დაახლოებით ერთი პერიოდის ნამუშევრების მიქსია. რეტრო სიმღერების ახლებური ვერსიები.

ზაზა შენგელია:
- ეს ჩემთვის არ არის რიგითი პროექტი. მეც ნუცას თაყვანისმცემლებს განვეკუთვნები. სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ მომღერალთან. საინტერესო მუსიკოსია, მრავალმხრივი, მისი სიმღერა უყვარს მსმენელს, მაყურებელს. ამასთან, განსაკუთრებული სინაზის, გარეგნობის გოგონაა. შემთხვევითი არ არის, რომ მის ალბომზე ვიმუშავეთ. კოვიდპანდემიის გამო კი საქმე ცოტა გაგვეწელა, მაგრამ მეორე მხრივ უფრო დეტალებში მეტად შევედით. ჩვენთან ერთად იმუშავა ბენდმა „ნიუტონი“. არაჩვეულებრივი არანჟირებებია, გამორჩეული ბენდია, პროფესიონალები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავის ხელწერის შექმნა და ყველგან გადატანა. ამიტომ ახალ პროდუქტს ქართველი მსმენელი აიტაცებს.

ამ სასიამოვნო პროცესის დაგვირგვინება კი იქნება მარჯანიშვილის თეატრში უკვე ამ ალბომის სადებიუტო, საპრეზენტაციო კონცერტი. სპეციალური სტუმრების სტატუსით იქნებიან სხვა მომღერლები, რომლებიც ნუცასთან ერთად შეასრულებენ დუეტებს. ბენდი გაუწევს თანხლებას და იქნება ძალიან საინტერესო სცენოგრაფია, ინსტალაციები ვიზუალურად და მუსიკალურადაც იქნება გამორჩეული. ეს რეპერტუარი სწორედ ნუცასთვის იყო შერჩული. „ბრავო რეკორდსმა“ მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით 2 თვე დავხარჯეთ, რომ მისთვის სწორი რეპერტუარი შეგვერჩია. მადლობა საუნდინჟინერს, ბენდს, რომ ასეთი ორიგინალური პროდუქტი გამოვიდა.

ნუცა თოფურია:
- უმნიშვნელოვანესია, თუ ვინ მუშაობს შენს ალბომსა და სოლო კონცერტზე. ჩემს გვერდით მართლა საუკეთესო ადამიანები არიან თავიანთ სფეროში. მარინა ბერიძე რომ არის შენი პროდიუსერი,"ბრავო რექორდსი“ რომ წერს შენს ალბომს, „ნიუტონის“ მუსიკოსები რომ გიმაგრებენ ზურგს, მგონია, რომ ძალიან გამიმართლა. ახლა კონცერტისთვის ვემზადებით და მთლიანად გადართული ვარ იქით. დუეტები ჩემს მეგობრებთან ერთად მექნება. პირველ ნაწილში კი დისკის პრეზენტაციას დაეთმობა ანუ 10 სიმღერის წარდგენას, რომელიც ალბომში შევიდა.