ავტორი:

ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა - დაკავებულია 9 ადამიანი

ბოლო ცნობები ინდოეთიდან, სადაც ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩანგრევას 141-მდე ადამიანი ემსხვერპლა  - დაკავებულია 9 ადამიანი

ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი.

შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი და სამი დაცვის თანამშრომელი.

გუჯარათის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომხდარის გამოსაძიებლად ხუთკაციანი სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი შეიქმნა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, სავარაუდოდ, მორბის დღეს ეწვევა. მისი განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნული ფონდიდან კომპენსაციას მიიღებენ.

დაღუპულთა კრემაცია სავარაუდოდ დღეს დაიწყება.

ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გადასვენება
ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა გადასვენება

ქალაქ მორბიში, მდინარე მაჩეხუზე გადებული ფეხით მოსიარულეთა 230-მეტრიანი ხიდი 30 ოქტომბერს საღამოს ჩაინგრა. მომხდარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 141-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, 170 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, დაშავებულები გადაყვანილია კლინიკაში, გარდაცვლილთა შორის ბევრი ბავშვიცაა, რომლებიც, მშობლებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ ინდუსურ დღესასწაულს - დივალის აღნიშნავდნენ.

ხიდი ჩამონგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, 26 ოქტომბერს ნახევარწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოს შემდეგ, საზეიმოდ გახსნეს.

30 ოქტომბერს, ხიდზე და მიმდებარედ დღესასწაულის საზეიმოდ 500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. სიმძიმისგან ბაგირები, რომლებზეც ხიდი ეკიდა, გაწყდა. თვითმხილველთა გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, ათობით ადამიანი როგორ ეჭიდება ბაგირებსა და ხიდის გადარჩენილ ნაწილებს და ასე ცდილობენ გადარჩენას, მაშველების გამოჩენამდე.

ასევე იხილეთ: