ავტორი:

"იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი, 2 კვირის ჩვილით ხელში, ქალს სამსახურიდან აგდებს, ეს რატომ გვიკვირს?" -ლონდა თოლორაია თავს გადახდენილ მძიმე ისტორიას იხსენებს

"იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი, 2 კვირის ჩვილით ხელში, ქალს სამსახურიდან აგდებს, ეს რატომ გვიკვირს?" -ლონდა თოლორაია თავს გადახდენილ მძიმე ისტორიას იხსენებს

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია 26 წლის კურიერი ქალის ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ჩანს, რომ ქალი მძიმე ტვირთით და ბავშვთან ერთად გადაადგილდება.

"ეს არის ჯოჯოხეთი. ეს შრომა არის შეუძლებელი, წარმოუდგენელი და გულის გამგლეჯი.

იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს პარლამენტი 2 კვირის ჩვილით ხელში ქალს სამსახურიდან აგდებს (1 თეთრი კომპენსაციის გარეშე), ეს რატო გვიკვირს? დიახ, საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა, რომ ქალს შეუძლია თან ბავშვი გაზარდოს, თან უდიდეს სტრესს გაუძლოს, თან იმუშაოს იმ პაწაწინა თავისუფალ დროს (ღამე, დღე), რომელსაც ბავშვი უტოვებს და კედლებს მიასკდეს, სად შეიძლება ჰქონდეს მუშაობის შანსი (პარლამენტისგან გამოგდებულს რომ ბევრი ისე გიყურებს, როგორც კეთროვანს, ეს ცალკე პრობლემაა და ამაზე სხვა დროს).

დიახ, საქართველოს პარლამენტმა მითხრა, რომ "ბავშვის აღზრდისთვის მეტი დრო მექნებოდა”...) თუმცა ეტყობა არ უფიქრია როგორი დედა უნდა იყოს ქალი, რომელსაც თავი აქვს გატენილი არა ბავშვის ზრუნვაზე ფიქრით, არამედ იმაზე ფიქრით როგორ, სად, რა ძალებით, რა ენერგიით, რა რესურსით გააგრძელოს ცხოვრება ისევ ამ ბავშვისთვის. დიახ, საქართველოს პარლამენტმა მომისაჯა მემუშავა პირველივე დღიდან. ვმუშაობდი - ღამე და დღე (ზოგჯერ უშედეგოდ, მაგრამ მაინც). ბავშვის ტირილი მაწყვეტინებდა საქმეს ყოველ 5 წუთში, 2 - საათიან საქმეს ვუნდებოდი 2 კვირა, იმიტომ რომ მტკიოდა ყველაფერი, არც სხეული მუშაობდა და არც ტვინი. სტრესი იყო სახლიდან გასვლაც - როგორც კი ჩაცმას ვიწყებდი, იწყებდა ტირილს. ამიტომ ხან თან მიმყავდა ან თუ ასეთ მდგომარეობაში სახლში ვტოვებდი, იმ შეხვედრიდან აზრი ვერ გამომქონდა, სადაც ვიჯექი. რა თქმა უნდა, ეს სტრესი გადადიოდა ბავშვზე - ვერ ვეთამაშებოდი, ვერ ვხარობდი მასთან ერთად, ვერ ვაძინებდი, ტიროდა ისიც და ვტიროდი მეც.

ამ სურათის დანახვაზე, ყველა ტკივილი განმიახლდა, რაც გამოვიარე და რასაც დღემდე გავდივარ. რასაც ეს ქალი აკეთებს არის წარმოუდგენელი და იმაზე ბევრად რთული, რაც მე გამოვიარე. შეუძლებელია ეს სიმძიმე ატარო მთელი დღე, შეუძლებელია ხედავდე შენთან ერთად, როგორ წვალობს ეს პატარა მთელი დღე, მაგრამ დედაა და სხვა გამოსავალი არ აქვს. ამას გააკეთებს მანამ, სანამ არ დაეცემა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვილი ბავშვით ხელში გულის წასვლამდე შრომა საქართველოს პარლამენტის დამკვიდრებული სტანდარტია", - წერს თოლორაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

შეგახსენებთ, კანონი, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურა შეიქმნა, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიცირებისას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.

ნაჩქარევად მიღებული კანონით, 1 -ლ მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობას ქვეყანაში არსებული კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ.

იხილეთ ასევე: