ავტორი:

"დამიწყეს ცემა, თავზე ქურთუკი გადამაფარეს" - რესტორანში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა: რა თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

"დამიწყეს ცემა, თავზე ქურთუკი გადამაფარეს" - რესტორანში დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა: რა თქვა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 წლის თემურ ხარაულის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ტარიელ ძეგლიგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. როგორც მან განმატა, ძეგლიგაშვილის ქმედება დანაშაულს არ მოიცავდა და დაპირისპირებისას ის მხოლოდ თავს იცავდა.

მისი თქმით, მომხდარის დღეს ტარიელ ძეგლიგაშვილი თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან წასვლის შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მხარეეებს შორის, რა დროსაც დაზიანებები მიიღო ძეგლიგაშვილმა. მას შემდეგ, რაც ძეგლიგაშვილი კონფლიქტს გაერიდა, სახლში წავიდა, ამის მერე უკვე მის სახლთან მივიდა დაპირისპირებული მხარე, მათ შორის თემურ ხარაული. ადვოკატის განმარტებით, მეორე კონფლიქტი მხარეებს შორის უკვე სახლთან მოხდა, ხოლო ამ კონფლიქტში მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი ფაქტი, ეჭირა თუ არა დანა ტარიელ ძეგლიგაშვილს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დანა, რითაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო თემურ ხარაულმა, სხვა პირს ეჭირა.

სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა ტარიელ ძეგლიგაშვილმაც.

“მათ გაშველებისას ვუთხარი, თავი დაანებეთ არ დაარტყათ-მეთქი (თემურ ხარაულს). მეორე მხრიდან მითხრეს, შენ ვინ გკითხავს, რატომ გვასწავლიო. დამიწყეს ცემა, თავზე ქურთუკი გადმომაფარეს. ამის მერე გავერიდე სიტუაციას და სახლში წავედი. სახლში ყოფნისას ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კორპუსთან მოვიდნენ. მე ვუთხარი, რომ თავი დაენებებინათ, სახლში არ ამოსულიყვნენ, რადგან ოჯახი მყავს. მითხრეს, რომ თუ არ ჩამოხვალ, ამოვალთო. სახლში რომ არ ამოსულიყვნენ, ქვევით ჩავედი და ვუთხარი, რომ ხვალ ვილაპარაკოთ. თემური მაშინვე დაპირისპირებაზე წამოვიდა”, - განაცხადა ბრალდებულმა ტარიელ ძეგლიგაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა. როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეზე დასაკითხია პირთა წრე, მათ შორის თვითმხილველები, ხოლო ძეგლიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების დატოვების შემთხვევაში არსებობს მოწმეზე ზემოქმედების ეჭვი.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, როგორც პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ სხდომაზე განმარტა, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტარიელ ძეგლიგაშვილმა სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და ამის შემდეგ რამდინიმე საათის განმავლობაში სხვა მისამართზე იმყოფებოდა. ისი ადგილსამყოფელის დადგენა კი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გახდა შესაძლებელი. პროკურორის თქმით, ლევან ძეგლიგაშვილმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენისას დანა გამოიყენა. საბოლოო ჯამში, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

შეგახსენებთ, თემურ ხარაულის მკვლელობა თბილისში, ვაზისუბანში ორი დღის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ტარიელ ძეგლიგაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს თემურ ხარაულს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ძეგლიგაშვილი მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა - ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.