ავტორი:

"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო

"არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს... როცა დრო მაქვს, 10 კილომეტრს ფეხით გავდივარ და კვირაში ერთხელ ვშიმშილობ" - ნანიკო ხაზარაძის გარდამტეხი 50 წელი და ახალგაზრდობის საიდუმლო

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე 50 წლის გახდა. მისმა იუბილემ სამსახურში სამუშაო ვითარებაში ჩაიარა. ამბობს, რომ დაბადების დღე არასდროს გადაუხდია. ამიტომ არც ეს თარიღი ყოფილა ამ მხრივ გამორჩეული.

რა ემოციებით შეხვდა ტელეწამყვანი ამ დღეს, რას ნიშნავს მისთვის ეს ციფრები და როგორ ახერხებს, იმაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის, ამაზე AMBEBI.GE-ს გულწრფელად გვესაუბრა.

- ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა 50-მა წელმა. კი, უფრო დიდი, ვიდრე ველოდი. ამიტომ, ეს რიცხვი რომ არაფერი არ არის, ამას არ ვერ დავეთანხმები. რას ნიშნავს ეს? ამდენი წელი ვიცოცხლე, ამდენი წლის გამოცდილება მაქვს და არაფერი? დიახ, მე ვარ ის, რაც 50-მა წელმა შეადგინა. რატომაც არა, დიახ, ასეა. ყველაზე ძლიერი გარდატეხაც ახლა მქონდა. 50 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა.

- იუბილემ როგორ ჩაიარა?

- ჩვეულებრივად ვიმუშავე და სამსახურიდან საღამოს 9-ის ნახევარზე გამოვედი. არც არაფერი დამიგეგმავს, სამუშაო დღე უფრო დავგეგმე. რაღაცები გადავიტანე, წინა დღეს არ მეცალა, დიდი ღონისძიება მიმყავდა. არ მინდოდა, ჩემს დაბადების დღეზე დამემთხვია და მინდოდა, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო... რაც თავი მახსოვს, დაბადების დღე არასდროს გადამიხდია და მგონი, ამჯერადაც ჩვეულებისამებრ მოვიქეცი... რა თქმა უნდა, სამსახურის მეგობრებმა, ყველამ მომილოცა. იყო სიურპრიზები, საჩუქრებიც, მაგრამ ეს ლოკალურად იქ, სადაც იმ დღეს ვიყავი. ყველას მადლობა მოლოცვებისთვის, ყურადღებისთვის, საჩუქრებისთვის... კარგი ემოციები იყო...

- მართლაც, ადამიანისთვის ასაკი მისი სიმდიდრეა. ამ წლების ყველაზე დიდ სიმდიდრედ რას მიიჩნევ?

- მადლობელი ვარ, რომ უარის თქმა ვისწავლე იმაზე, რაც არ მინდა, რომ ნაკლებად ემოციური ვარ, რომ ძირითადი ფასეულობები, რაზეც ვიდექი, არ შემეცვალა, რომ წლებმა ჩემი თავი მეტად შემაყვარა, უკეთესად ვისწავლე დროის სწორად გამოყენება და არა გაფლანგვა.

- ისიც ფაქტია, 50 წლის კვალობაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურები. ეს გენეტიკის დამსახურებაა, თუ შენი, საგანგებოდ ზრუნავ გარეგნობაზე?

- ცალსახად გენეტიკის დამსახურებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარეგნობაში არაფერი შემიცვლია, იგივე ვარცხნილობა მაქვს, იგივე თმის ფერი, იგივე ჩაცმის სტილი, ჯინსი არ გამიხდია. ამიტომ, მგონია, რომ ეს ჩემი რაღაც სტაბილური იმიჯი ამას ხელს უწყობს, რომ რაღაცნაირად ვინარჩუნებ იმ ეფექტს, რომელსაც ოდესღაც ჩემი დანახვისას ადამიანებზე ვახდენდი. ვინც ყოველდღე არ მიყურებს, შეიძლება, ვერ ამჩნევდეს, რომ რეალურად იმ ნანიკოსა და ამ ნანიკოს შორის დიდი ცვლილებაა. მთლიანობაში კი ეს სტაბილურობა მაინც ამ შეხედულებას მინარჩუნებს, რომ ბევრად ახალგაზრდულად გამოვიყურები, ვიდრე 50 წლის ასაკს შეეფერება.

- ადამიანის შინაგანი მდგომარეობაც ხომ აისახება მის გარეგნობაზე...

- ხშირად მეკითხებიან, როგორ ვატარებ თავისუფალ დროს, დავდივარ თუ არა კლუბებში, ვარ თუ არა კლუბების ვიზიტორი. ეს კითხვა ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე უჩნდებათ. ვუპასუხებ, რომ კლუბში ალბათ ბოლოს 20 წლის წინ ვიყავი. ზოგადად, არსად დავდივარ, ხალხმრავლობა არ მიყვარს. პასუხი უკვირთ. ამიტომ ჩემს გარეგნობას ნუ დავაბრალებთ. მენტალიტეტით ვარ კიდევაც თანამედროვე, თუმცა ჩემი შვილი ამბობს, რომ ცოტა „ჩამორჩენილი“ ვარ, ძნელად ვადაპტირდები. მე მაინც ვცდილობ, ვიყო თანამედროვე. საბოლოოდ კი მის სტანდარტს ვაკმაყოფილებ.

- როგორია ლილუს სტანდარტი?

- არ ვიცი, თინეიჯერები ახლა ძალიან განსხვავებულები არიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. მათთან ურთიერთობისას დიდი თავდაჯერებულობა, განათლება, ცოდნა გჭირდება, რომ ეკონტაქტო, არ გააკვირვო, არ გააბრაზო, არ შელახო მათი უფლებები, მათი პირადი სივრცე არ გადალახო. ამიტომ, თუკი ამას ვახერხებ და ლილუსთვის დამაკმაყოფილებელი ვარ, რაღაცას ყოველდღიურად მეც ვსწავლობ.

- ვაკიდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით სიარულს ისევ აგრძელებ?

- კი, ოღონდ, ახლა ცოტა მეტად ვარ დატვირთული, ამიტომ, შეიძლება, ყოველ დღე ამისთვის დრო ვერ გამოვნახო. ისე, როგორც კი დროს ვპოულობ, სულ ერთია, დილა იქნება, შუადღე თუ საღამო, ფეხით მაინც დავდივარ 10 კილომეტრს. ვცდილობ ასევე, კვირაში ერთხელ ვიშიმშილო. ვშიმშილობ 24 საათი მაინც (ხანდახან არ გამომდის). ეს შიმშილობა არ მაწუხებს და ბევრად კარგად ვგრძნობ თავს. 36 საათიც მიშიმშილია, 72-იც.

- ჯანსაღ კვებას ანიჭებ უპირატესობას?

- ხორცს არ ვჭამ, ამიტომ, მიჭირს ჯანსაღად ვიკვებო. დიდად ბოსტნეულიც არ მიყვარს, არც რძის პროდუქტები. ზღვის პროდუქტებიც არ გამახსენდება, არ ვიყიდი და სახლში არ მივიტან. სტუმრად შეიძლება მივირთვა, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში არ მაქვს. ვიკვებები ცომეულით და ნახშირწყლებით, ეს არის ის, რაც ძალიან მიყვარს.

საერთოდ წონის მომატებისკენ არ ვარ მიდრეკილი, უბრალოდ, სიგარეტს თავი რომ დავანებე, მომატებული კილოგრამების დაკლებისთვის ცხოვრების წესის შეცვლა დამჭირდა. მერე ამ წესზე დამოკიდებული გავხდი. მიზიდავს ეს პროცესი და მგონია, რომ ეს ავტოფაგიაა, რაც ბოლო დროს ტრენდულიც გახდა. იმ პროცესით, რაც შიმშილობისას ხდება, მგონია, ვაჯანსაღებ ორგანიზმს.

- ესთეტიკურ მედიცინასთან "მეგობრობ" და მიგაჩნია, რომ ეს პროცედურები გჭირდება?

- როგორ არ მჭირდება, დღეს, როცა ყველა მონიტორიდან, სარეკლამო ბილბორდიდან, ჟურნალიდან გადაპრიალებული ქალები და კაცები გიყურებენ. ცხადია, მეც მინდა, კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ რაღაცნაირად ძალიან მხიბლავს ზომიერება. მგონია, რომ დიდად გადაფითქინება არ მომიხდება, რადგან ჩემს ასაკს ვერანაირად დავმალავ. ის ნაოჭიც, რომელიც ბუნებრივად სახეზე ჩნდება, რაღაცნაირად არ მაწუხებს. ისე, ერთი კარგი გოგონა აღმოვაჩინე, რომელმაც ცხვირის რეკონსტრუქცია გამიკეთა და ჩემი იერი ძალიან შეცვალა. ბოტოქსი, მიმაჩნია, ტყუილი დროის და ფულის ფლანგვაა. ფილერის ცოტა მეშინია... მოკლედ, თუ რაიმე გარეგნობასთან დაკავშირებით შემაწუხებს, აუცილებლად ყველაფერს გავიკეთებ. ახლა მეტ-ნაკლებად ნატურალური ვარ.

- წყალიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, კანისთვის, კუნთებისთვის. ამიტომ, ექიმები ზამთარში ლიტრ-ნახევარს ურჩევენ, ზაფხულში - 2 ლიტრს...

- შეიძლება, ვცდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა ადამიანს მაინც წყლის მისაღები ინდივიდუალური დოზა აქვს, რომელიც მის ორგანიზმს სჭირდება. რომ მომკლა, დღეში 2 ლიტრ წყალს ვერ დავლევ. მერე მგონია, რომ ჩემი ორგანიზმი ამდენ წყალს ვერ იღებს. რაღაც ეტაპზე ვსვამდი და დილას შეშუპებული ვიღვიძებდი. საერთოდ, ორგანიზმი, ვფიქრობ, რომ ძალიან ჭკვიანია და ყოველთვის განიშნებს, როდის რა გჭირდება. ამიტომ მისთვის არ მაქვს დავალება მიცემული, რომ დღეში გარკვეული რაოდენობის წყალი მივიღო.

- სტრესი, პრობლემები, სანერვიულო - თანამედროვე ადამიანს საკმაოდ აქვს, რაც ასევე ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. ამისგან როგორ იცავ თავს?

- მგონია, რომ ძლიერი გადარჩენის ინსტინქტი მაქვს, ამიტომ, რაც მაზიანებს, ვცდილობ, იმის ისე მიღებას, რომ დიდად არ დამანგრიოს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ჩემი ილუზიაა, მაგრამ, მგონია, რომ ამდენ ნეგატივთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლე.

- რას ურჩევდი სხვებს?

- საკუთარ თავს მოუსმინონ, რადგან ამაზე კარგი მრჩეველი ალბათ არ გვყავს, ყველა მინიშნებას, რაღაც სახით, აუცილებლად გვაძლევს. მთავარია, მისი დაჯერება და მოსმენა შევძლოთ... ჩემი სურვილია, ყველა კარგად იყოს. ეს რამდენად შესაძლებელია და ამისთვის რა არის საჭირო, არ ვიცი. დიდია პლანეტა და ბევრი სხვადასხვა პრობლემაა სხვადასხვა კუთხეში, ამიტომ, ასე ერთბაშად რაიმე რჩევაც არ არსებობს, რომ ყველაფერი გასწორდეს და ჩასწორდეს. მოკლედ, ისევ ჩვენს თავს ვუსმინოთ და მეტ-ნაკლებად საკუთარ თავთან ვიყოთ კარგად. დანარჩენი დალაგდება.