ავტორი:

როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი

როგორ მივხვდეთ ყავა ხარისხიანი და სწორად მომზადებულია თუ არა? – 5 ნიშანი

თუ ყავა დილის რუტინის, შუა დღის შესვენების, დატვირთული სამუშაო პროცესის განუყრელ მეგობრად გექცათ და თუ განტვირთვასაც მასთან ერთად ამჯობინებთ, მაშინ კარგად გეცოდინებათ, რა ძალა აქვს ერთ ჭიქა კარგ მატონირიზირებელ სასმელს.

იმისათვის, რომ მისგან ყველა სარგებელი მივიღოთ, რისი მოცემაც შეუძლია, იქნება ეს ენერგია, ანტიოქსიდანტები, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, დოპამინის გამოყოფა თუ სხვა, ის ნატურალური და სწორად მომზადებული უნდა იყოს. ეს კი გამოწვევას წარმოადგენს როგორც კაფეებში მომზადებული ყავის, ისე მაღაზიების თაროებზე მოთავსებული პროდუქციის შემთხვევაში.

სწორედ ამიტომ, ყავის მოყვარულებს ვთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან გასათვალისწინებელ საკითხს, რაც ხარისხიანი პროდუქტის დაგემოვნებაში უშლით ხელს:

  • უხარისხო ყავით გაჯერებული ბაზარი

ყავაზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბაზარი უფრო და უფრო მეტად ივსება უხარისხო პროდუქტით. მაგალითისთვის, ხსნადი ყავა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს, ნატურალური ნივთიერებების მხოლოდ 15%-ს შეიცავს, დანარჩენი კი სხვა დანამატებზე მოდის.

მის ერთჯერად შეფუთვებში დაახლოებით 1,8 გრამი ყავაა მოთავსებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას დამატებული აქვს ბარდა, სოია, შვრია, ქერის ალაო, სხვადასხვა მცენარე, სტაბილიზატორები, სინთეტიკური კოფეინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც სასმელს უკარგავენ გემოვნურ თვისებებს და მათი სინთეზი შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნებელიც იყოს. აღსანიშნავია, რომ ხსნადი ყავა მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ნივთიერება აკრილამიდს, რომლის დიდი რაოდენობით მიღებამაც ცხოველებში სიმსივნური დაავადებები გამოიწვია (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია).

ხსნადი ყავის კიდევ ერთი პრობლემაა მწირი გემოვნური თვისებები. იმის გამო, რომ პროდუქტი დამზადებისას გამოშრობისა და გაყინვის ეტაპს გადის, კარგავს ყველა სასარგებლო თვისებასა და არომატს და ჩვენამდე უხარისხო სასმელი მოდის.

ამასთან, პრობლემას წარმოადგენს დაბალი ხარისხის მარცვალიც, რომელსაც სხვადასხვა კვების ობიექტი, სადაც ფინჯანი ყავის დაგემოვნება საკმაოდ ძვირი ღირს, აქტიურად იყენებს.

  • მოძველებული აპარატები კაფეებსა და რესტორნებში

ყველა ტექნიკურ საშუალებასა და დანადგარს აქვს თავისი ექსპლუატაციის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ის სრულფასოვნად ვეღარ გვემსახურება. ასეა ყავის აპარატების შემთხვევაშიც. ახალი მექანიზმის მქონე ყავის აპარატი უკეთ ფქვავს და ფილტრავს ყავას, ვიდრე მოძველებული, თუმცა კვების ობიექტებში მათ იშვიათად ანაცვლებენ.

საბოლოოდ კი მომხმარებლამდე არასრულფასოვანი პროდუქტი მიდის.

  • ყავის გაუწმენდავი აპარატები

ყველა სახის აპარატს სჭირდება მოვლა - როგორც ძველს, ისე ახალს, რასაც დამატებითი ხარჯების, დროის ან პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო კვების ობიექტების დიდ ნაწილში უგულებელყოფენ.

შედეგად, მოძველებული აპარატების პრობლემას ემატება მათი არასათანადოდ წმენდა, რამაც შეიძლება მექანიზმში ობის სოკო და სხვა ბაქტერიები გააჩინოს. საბოლოოდ კი აღნიშნული ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებით საყურადღებოა რძის ამომყვანის არასწორად ან არასრულყოფილად წმენდა. შეიძლება, ბარისტამ რამდენიმე ფინჯანი ყავა ისე მოამზადოს, რომ ამომყვანი არ გაწმინდოს, ამასობაში კი მასზე დარჩენილი ბაქტერიები მრავლდება.

გარდა იმისა, რომ აღნიშნული სასმლის გემოვნურ თვისებებზე მნიშვნელოვნად აისახება, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს.

  • დაბალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალი

კაპუჩინოს, ლატეს ან ყავის სხვა სასმლის მომზადებისას მნიშვნელოვანია ბარისტას პროფესიონალიზმი. მან სწორად უნდა განსაზღვროს ინგრედიენტების პროპორციები და თითოეულ ფინჯან ყავას საკმარისი გულისყურით მოეკიდოს, რაც ზოგადად ჰორეკა სექტორის პრობლემაა.

კადრების სიმცირისა და მათი გადინების, დაბალი კვალიფიკაციის გამო, მომხმარებელი რიგ შემთხვევებში ვერ იღებს იმ ხარისხის მომსახურებას, რაშიც თანხას იხდის. საყვარელ ობიექტში შეიძლება ყოველდღიურად უფრო და უფრო უარესი გემოს ყავა მიირთვა, რაც ჩამოთვლილი პრობლემების სინთეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

  • ინფორმაციის ნაკლებობა

ინფორმირებული მომხმარებელი ყველაზე მეტად უწყობს ხელს როგორც ჰორეკა, ისე სხვა სექტორების განვითარებას.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი და უხარისხო პროდუქტი ერთმანეთისგან და რა მოთხოვნები გვქონდეს კაფეებთან და ბარებთან, სადაც ფინჯანი ყავის დალევა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ძვირი სიამოვნება ხდება.