ავტორი:

"ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს" - თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძეს პასუხობს

"ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს" - თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძეს პასუხობს

ჭორაობა ყოფილ თანაგუნდელზე არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს, - ასე პასუხობს "რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი თეონა აქუბარდია, "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, იარლიყების მიწებება ჰგავს "ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელ "იაფფასიან ხერხს“.

"რაც შეეხება ჩემს ე.წ. თანამშრომლობას "ქართულ ოცნებასთან“ და იარლიყების მიწებებას, ეს ძალიან ჰგავს "ქართული ოცნების“ იაფფასიან ხერხს, როცა თანაგუნდელებზე სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ ისინი მათ გაშავებას. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა და სწორი გზა. მე ვაპირებ როგორც აქამდე, ისე გავაგრძელო მუშაობა პარლამენტში ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირებების მცდელობები ოპოზიციას აძლიერებდეს, ან საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რომ გუნდის წევრებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თეონა აქუბარდია პარლამენტში თავისი ინიციატივით შეიყვანა.

"სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა. სამწუხაროდ, "სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე ფიქრობს, რომ აქუბარდიას "ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით "დიდი მომავალი აქვს“.

შეგახსენებთ, თეონა აქუბარდიამ რამდენიმე დღის წინ "სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა.

ასევე იხილეთ: