ავტორი:

"უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება - ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა" - მამუკა ხაზარაძე

"უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება - ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა" - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდული და უკანონოა.

როგორც ის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება.

„ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვება და დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას.

მიტაცებულია და შურისძიების იარაღადაა ქცეული სასამართლო. შინაარსობრივად კი დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად.

ამ უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პრეზიდენტის გადაწყვეტილება - ნიკა გვარამიას შეწყალება.

ის უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან.

ბიძინას მიერ მართული საბჭოთა პროკურატურის და სასამართლოს თარეში უნდა დასრულდეს!

ქვეყანა ასეთი უსამართლობით - არც ევროპას სჭირდება და არც საქართველოს მოქალაქეებს!“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით მოუწევს.