34 წლის დიპლომატი, რომელიც იაპონიაში საქართველოს წარმოადგენს, თბილისში დაიბადა. 4 წლის იყო, როდესაც თეიმურაზ ლეჟავას ოჯახი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გადავიდა საცხოვრებლად. მამა ჰიროსიმის დოქტურანტურაში ჩაირიცხა და ოჯახი 4 წელი ცხოვრობდა სამშობლოდან მოშორებით. მომავალმა დიპლომატმა განათლება იაპონიასა და შტატებში მიიღო, რაც მომავალში ძალიან დაეხმარა დიპლომატიური კარიერის აწყობაში.
თეიმურაზ ლეჟავა ბავშვობიდან თამაშობდა ხელბურთს, 2005-2007 წლებში ის საქართველოს 21-წლამდე ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. მისი ბებია ნელი სალაძე სპორტული ტანმოვარჯიშე და სსრკ ორგზის ჩემპიონი გახლდათ. 1979 წელს უკვე მწვრთნელის რანგში, მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ნელი სალაძე ავარჯიშებდა ბელგიისა და იაპონიის კლუბების სპორტსმენებს. ბაბუა პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა საქართველოში გენეტიკის კათედრის დამფუძნებელია და 83 წლის ასაკშიც დღემდე მუშაობს.
მისი კარიერა 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც მუშაობა იაპონური კორპორაცია "კიკკომანში", ადგილობრივი გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში დაიწყო. 2015-2018 წლებში კი იაპონია საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს კურირებდა. 2017 წელს შპს "დელივერი“ დააფუძნა, ერთ წელიწადში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აზიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტში მრჩევლად მოეწყო.
2019 - 2021 წლებში თეიმურაზ ლეჟავა იაპონიაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე იწყებს მუშაობას. 2021 წლის 15 ნოემბრიდან კი იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხდება.
ბოლო დროის ყველაზე საინტერესო აქტივობაა ქართული NFT-ს შექმნა იაპონიაში. საქართველოს საელჩო იყო პირველი, რომელმაც პირველი ქართული NFT კოლექცია „"supra3.0“ შექმნა. პრეზენტაცია 18 ოქტომბერს გაიმართა. თეიმურაზ ლეჟავა ამბობს, რომ ეს კოლექცია ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის თემატიკაზეა შექმნილი, ის 5 000 NFT ნამუშევრისგან შედგება და პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოთი დაინტერესებულ იაპონელ საზოგადოებას ქართული კულტურის ელემენტებით დატვირთული NFT ნამუშევრები წარუდგინოს.
შეგახსენებთ, NFT არის ციფრული აქტივი, რომელიც გამოიყენება რეალური საქონლის ან ობიექტების წარმოსაჩენად, როგორიცაა ხელოვნების ნიმუშები ან საგნები აპლიკაციაში. კრიპტოვალუტების მსგავსად, NFT-ების უმეტესობა ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა. კრიპტოვალუტისგან განსხვავებით, ამ საქონლის გაყიდვა ან გაცვლა შეუძლებელია იმავე ღირებულების ნივთებზე და ყველა მათგანი უნიკალურია.
თეიმურაზ ლეჟავას ბიოგრაფია გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ზემოთ მოყვანილი ფაქტები. ერთი წლის წინ იაპონურმა ინგლისურენოვანმა გაზეთმა "ჯაპან თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, სათაურით:
"როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები", - მასში გადმოცემულია იაპონიაში საქართველოს ელჩთან - თეიმურაზ ლეჟავასთან დაკავშირებული ისტორია - თუ როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) ქართველ დიპლომატს იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი - ერთ-ერთ ჰიროსიმელ იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან...
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ელჩი "ამომავალი მზის ქვეყანაში" დიდი პოპულარობით სარგებლობს, "ტვიტერში" მას 40 ათასამდე იაპონელი გამომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ.
"ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს "ტვიტერში" საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტო თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს...
33 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით "ჰიროსიმანსს" (ანუ "ჰიროსიმელს") უწოდებს. თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს.
ყველაფერი კი წლების წინ დაიწყო, როდესაც თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. "მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებნენ, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული", - იხსენებდა მოგვიანებით თეიმურაზ ლეჟავა.
თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. "ადამიანებმა დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას", - ამბობდა ელჩი.
"ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს", - აგრძელებს ქართველი დიპლომატი.
იაპონიის ელჩი რამდენიმე წელია, რაც ანა სიჭინავაზეა დაქორწინებული. წყვილს პირველი შვილი - ლიკა, 2019 წელს შეეძინა. მეორე ქალიშვილი მარიანა აია ლეჟავა 2020 წელს ტოკიოში დაიბადა. ამჟამად წყვილი მესამე შვილს ელოდება. ანა სიჭინავა წლების განმავლობაში ავსტრიის საელჩოში მუშაობდა. დაოჯახების შემდეგ მალე იაპონიაში მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად და ამჟამად შვილებს ზრდის... ანა აქტიურად წერს სოციალურ ქსელში იმ სიახლეებისა და აქტივობების შესახებ, რასაც იაპონიაში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
თეიმურაზ ლეჟავას ქართველ პოლიტიკოს გიორგი ვაშაძესთან ნათესავობა აკავშირებს. მათი მეუღლეეები ქეთი და ანა სიჭინავები დები არიან. ვაშაძის უმცროს ქალიშვილს საყვარელი დეიდის სახელი ჰქვია.
ერთხელ, როდესაც პატარა ანა იაპონიაში დეიდას და ბიძას, დედასთან ერთად ესტუმრა, ელჩმა ბიძამ ტვიტერში გოგონასთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ანას ტრადიციულ იაპონურ ტკბილეულს აძლევს. ელჩის "ტვიტი" ადგილობრივ მედიაში გაანიუსეს.
ქონებრივი დეკლარაცია თეიმურაზ ლეჟავამ 2021 წელს შეავსო. ოჯახს არ გააჩნია ბიზნესი და ფასიანი ქაღალდები. დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული უძრავი ქონება. მისი შევსებისას თეიმურაზ ლეჟავას "თიბისი ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 6691,82 დოლარი, 4627,72 ლარი, შემნახველ ანგარიშზე კი - 18 064,33 დოლარი.
თეიმურაზ ლეჟავამ საქართველოს იაპონიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე ყოფნისას, ერთ კალენდარულ წელში 95 822 დოლარი მიიღო.
თეიმურაზ ლეჟავა არა მხოლოდ იაპონელებშია პოპულარული, ის ძალიან უყვართ ამომავალი მზის ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებსაც. ხშირად მასპინძლობს საქართველოდან ჩასულ სტუმრებს და ასევე იქ მცხოვრებ ქართველებთან ერთად ღონისძიებებსაც ესწრება.