ავტორი:

შერონ სტოუნი ამბობს, რომ დიაგნოზის არასწორად დასმისა და შეუსაბამო მკურნალობის შემდეგ ტკივილები უფრო გაუმძაფრდა - "არ ენდოთ პირველ დიაგნოზს, აუცილებლად გადაამოწმეთ"

შერონ სტოუნი ამბობს, რომ დიაგნოზის არასწორად დასმისა და შეუსაბამო მკურნალობის შემდეგ ტკივილები უფრო გაუმძაფრდა -  "არ ენდოთ პირველ დიაგნოზს, აუცილებლად გადაამოწმეთ"

შერონ სტოუნი ქალებს მოუწოდებს, რომ ექიმის პირველივე დიაგნოზს არ ენდონ და აუცილებლად გადაამოწმონ. მსახიობმა "ინსტაგრამზე" ისაუბრა საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე, რომელიც მცდარი დიაგნოზის დასმას და არასწორ მკურნალობას მოჰყვა.

სტოუნს არ დაუსახელებია მისი პირველადი დიაგნოზი და არც ის, თუ რა სახის "არასწორი პროცედურა" ჩაუტარდა, მაგრამ გულშემატკივრებს ამშვიდებს, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა.

როგორც 64 წლის მსახიობი ყვება, მას ორჯერ მოუწია ანესთეზიის გაკეთება, მაგრამ ტკივილები მაინც უმწვავდებოდა. მას შემდეგ გადაწყვიტა, რომ სხვა ექიმთანაც მისულიყო და როგორც აღმოჩნდა, მას არასწორი დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მას სინამდვილეში "დიდი ზომის ფიბროიდული კარცინომა ჰქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა ამოკვეთილიყო".

ამგვარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსახიობი "ინსტაგრამზე“ თავის გამომწერებს ურჩევს, რომ პირველივე სამედიცინო დასკვნას არ ენდონ.

"განსაკუთრებით ქალბატონებს მივმართავ: ნურავის ააგდებინებთ თავს! სხვა მოსაზრებასაც მოუსმინეთ, ამან შესაძლოა სიცოცხლე შეგინარჩუნოთ!“ - წერს ის.

მსახიობმა დაამშვიდა ფანები და თქვა, რომ 4-6 კვირაში სრულიად გამოჯანმრთელდება. ბოლოს კი, ყველას მადლობა გადაუხადა მასზე ზრუნვისთვის.

მსახიობმა, სტატიის სქრინშოთიც გააზიარა, რომელიც ირწმუნება, რომ კვლევების მიხედვით, ქალებისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევები ბევრად უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებისთვის. მართლაც, კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, ორჯერ მეტი შანსი აქვთ, რომ ექიმებმა ფსიქოლოგიურ დაავადებას მიაწერონ მათი სიმპტომები, მაშინ როცა რეალურად გულის პრობლემები აქვთ.

"ქალების არ სჯერათ და ეს იწვევს მკურნალობის შეფერხებას, არასწორი ან გვიანი დიაგნოზის დასმას, არაეფექტიან მკურნალობას, რისთვისაც ისინი ძალიან მძიმე საფასურს იხდიან“, - ამბობს სტატიაში გარიმა შარმა, შინაგანი მედიცინის ექიმი და კარდიოლოგი.

ეს პირველი პროცედურა არაა, რომელიც შერონ სტოუნს დასჭირვებია. 2001 წელს, მსახიობს მკერდში "უზარმაზარი (კეთილთვისებიანი) სიმსივნური წანაზარდების" მოსაცილებლად ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მკერდის რეკონსტრუქციის ოპერაციის შემდეგ, მსახიობმა აღმოაჩინა, რომ ექიმმა მას დიდი ზომის მკერდის იმპლანტები ჩაუსვა მის დაუკითხავად, რაზეც ის აღშფოთებული იყო.

მას შემდეგ, მსახიობს ინსულტიც აქვს გადატანილი, რამაც მის კარიერაზე უარყოფითი გავლენა იქონია და როგორც თვითონ ყვება, 7 წლის განმავლობაში უჭირდა სამუშაოს პოვნა.

წყარო: people

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა