ავტორი:

"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?

"ჩემს უმცროს შვილს ამერიკის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აქ მარტივად ვზრდი მას... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე მყავდეს" - ეკა ანდრონიკაშვილი სცენის მიღმა: როგორია მსახიობი დედის ამპლუაში?

ეკა ანდრონიკაშვილი ორი შვილის - ლუკას და ნიკალას დედაა, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია... თავად მსახიობი თეატრშიც დატვირთულია, გადაცემაც აქვს და ზოგჯერ გადაღებებიც. წლები მიდის და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება... ეკატერინე ანდრონიკაშვილი თავად გვესაუბრება თუ როგორია მისი დღევანდელობა...

- რამდენიმე წლის წინ, მეორე შვილი - ნიკალა 23 წლის შუალედის შემდეგ გააჩინეთ. მაშინ ამბობდით, რომ ყველაფერმა ძალიან ადვილად ჩაიარა და თავს უბედნიერეს ქალად მიიჩნევდით... როგორია თქვენი დღევანდელობა?

- ზოგადად დღევანდელობა რთულია მსოფლიოში. რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით პანდემია, შემდეგ ომი თუ იქნებოდა. ეს ყველაფერი მწვავედ მოქმედებს ეკონომიკაზეც და ხალხის სულიერ მდგომარეობაზეც... ვფიქრობ, დღეს უფრო დათრგუნულია მთელი მსოფლიო, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. გვეგონა, რომ უკეთესობისკენ უნდა გვევლო, მაგრამ ჯერჯერობით პირიქით ხდება. ძალიან სტრესული სიტუაციაა, რაც ყველაზე აისახება. პრიორიტეტების გადარჩევა მოხდა, ადრე უფრო ლაღად ვცხოვრობდით. რაც შეეხება ჩემს დღევანდელობას, ეს არის ოჯახი, შვილები, ჩემი საქმე და მერე ყველაფერი დანარჩენი...

- სახლში ყველა ვალდებულება თქვენს თავზე გაქვთ აღებული...

- დიახ... ვთვლი, რომ ყველა ადამიანი თავის თავზეა პასუხისმგებელი. როგორღაც თვითონ უნდა გადარჩეს ან დინებას მიყვეს. საბედნიეროდ, ის ადამიანი ვარ, რომელიც მენეჯმენტს ახერხებს. ეს მენეჯმენტი ოჯახზეც ვრცელდება და ყველაფერზე...

- თქვენს შვილებზე რომ გვითხრათ...

- პატარა ნიკალა წელს სკოლაში წავიდა, ასევე ცურვაზე. ძალიან მოსწონს სკოლა, რითმში კარგად ჩავჯექით, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ ერთი კვირა სკოლაშია და მერე ორი კვირა ვირუსი აქვს. ასეთი რეჟიმი გვაქვს, მაგრამ ყველა მეუბნება, პირველ კლასში ეგ ნორმა არისო...

რაც შეეხება ლუკას, ძალიან ყოჩაღია და ერთდროულად ბევრ რამეს ახერხებს. შარშან მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარი დაწერა, რომელმაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში დაფინანსებაზე გაიმარჯვა.

ლუკა და ნიკალა

- ანუ გენეტიკამ თავისი ქნა და კინოს მიმართულებით წავიდა...

- საოპერატოროზე იმიტომაც ჩააბარა, რომ კინო აინტერესებდა და უყვარდა... შემდეგ რეკლამები თვითონ გადაიღო, ძალიან კარგად გაიწვრთნა და ახლა პირველი ფილმის გადასაღებად ემზადება. თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ქვეყანაში იმყოფებოდა, მათ შორის ისეთ ქვეყნებში იყო, სადაც შეიძლება ადამიანი ასე ადვილად ვერც მოხვდეს. ძალიან უყვარს მოგზაურობა, სულ მოგზაურობს საქართველოს მთებში, უცხოეთში...

- ჯერ კიდევ პატარა ძმის დაბადებამდე ზრუნავდა მასზე, როგორ გრძელდება მათი ძმობა?

- ახლაც ზრუნავს... უფროსი ძმაა, რაღაცეებში ავარჯიშებს, მაგრამ ვაშველებ და ვუხსნი, რომ ნიკალა ჯერ პატარაა. რჩევებსაც აძლევს, პატარა ძმაზე გარკვეული ავტორიტეტი აქვს, რაც ძალიან მიხარია.

ეკა და ნიკალა

- როგორც ვიცი, ნიკალა ამერიკის მოქალაქეა...

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოში იზრდება. მიმაჩნია, რომ აქ ბევრად უფრო მარტივია ბავშვის გაზრდა, სადაც გაქვს სახლი, სახლის გვერდით სკოლა, აგარაკი, ზამთარში - ზამთრის კურორტი, გყავს დამხმარე ქალბატონი... ჩემთვის აუცილებელია დამხმარე, ასე ბავშვი ბევრად უფრო მიხედილია, ვიდრე მარტო შევძლებდი.

- ბავშვი საჯარო სკოლაში შეიყვანეთ თუ კერძო სკოლა ამჯობინეთ?

- 55-ე საჯარო კოლაში მივიყვანე და ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. საწყის ეტაზე აბსოლუტურად ნორმალურია საჯარო სკოლა.

- ამ ყველაფრის პარალელურად თქვენს საქმიანობას სრულფასოვნად დაუბრუნდით თუ უფრო ისევ შვილებისკენ გაქვთ მეტი ყურადღება?

- უფრო პატარასკენ მაქვს ყურადღება, თორემ ლუკა აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებაა... ამ ეტაპზე ვარ თეატრში, ჩემი გადაცემა მაქვს, ხანდახან გადაღებები... ყველაფერი ნიკალას რეჟიმზე მაქვს აწყობილი. სპექტაკლები მოგეხსენებათ საღამოს არის და ჩემი სპექტაკლში გამოსვლა შეთანხმების საგანია ბავშვთან, რომელსაც ჩემს გარეშე დაძინება არ უყვარს. ძალიან იშვიათად თუ გავდივარ საღამოს სახლიდან, მე თვითონ მსიამოვნებს ნიკალას რომ ვაძინებ. ძილის წინ წიგნის წაკითხვის რიტუალი გვაქვს, ვთვლი, რომ ბავშვის ფსიქიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ძალიან ბევრი ენერგია მაქვს და მგონია, რომ უფრო ბევრის გაკეთება შემიძლია. თავისუფალი დროც მაქვს დღის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტად დავიტვირთებოდი, რომ იყოს რამე საინტერესო.

- პანდემიის პერიოდში მთლიანად გაჩერებული რომ იყავით, იმ პერიოდმა როგორ იმოქმედა თქვენზე?

- როცა ოჯახი, შვილები, სახლი შენი კომფორტის ზონაა, არ გახსოვს მაინცდამაინც გარე საქმეებზე იყო ორიენტირებული. თუმცა რა თქმა უნდა თავისუფლების შეზღუდვა ძალიან რთულია... ნიკალას გაჩენამდე ბევრად უფრო მსურდა გარეთ გავარდნა. პანდემიის დროს ჩემთვის ორგანულად მიიჩნეოდა ბავშვთან ყოფნა. პროდუქტების შესაძენად გასვლას თუ ყოველდღიურ გარეთ საქმეებსაც თავად ვაგვარებდი.

- ნიკალას გაჩენით იმდენად გახარებული იყავით, ხუმრობით ამბობდით, ერთ გოგოსაც გავაჩენდიო...

- პირველ შვილს რომ ველოდებოდი, მაშინაც ძალიან მინდოდა გოგო ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოვიდა და ჩემი ორივე შვილის გამო ღმერთის მადლობელი ვარ! ვეღარც ვიფიქრებდი, რომ ამათ მაგივრად სხვა ვინმე მყავდეს. უფლის წყალობით მართლა ძალიან კარგი შვილები მყავს... ახლა კი უკვე მსურს ლუკამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტოს, შექმნას ოჯახი და გოგოც შეეძინოს. მე კი მეტი შვილის გაჩენას რასაკვირველია აღარ ვაპირებ.

- თქვენს შვილებს შორის 23 წელია სხვაობა, წლები მიდის და ყველაფერი ისევ ისე ჰარმონიულადაა...

- ხან კი, ხან არა... ასე არ არის ცხოვრება, ან რა დავიმსახურეთ, სულ მუდამ ჰარმონიაში ვიყოთ?! მთავარია ბავშვები დაცულები ივნენ მოულოდნელი, ჩვენგან დამოუკიდებელი საფრთხეებისგან და დანარჩენს ყველაფერს მოვახერხებთ ჩვენც და თავად ბავშვებიც. მშვიდობაა ჩემი სურვილიც, ოცნებაც და ლოცვაც.

- ამდენი საქმის, სირთულეების მიუხედავად მუდმივად ფორმაში ხართ. ამას როგორ ახერხებთ?

- პირდაპირ ვიტყვი, ეს შეიძლება ჩემი დამსახურება მხოლოდ 30 პროცენტი იყოს და 70 პროცენტი გენეტიკური ფაქტორია. მაქვს იმის ფუფუნება, რაც მსურს მივირთვა და არ გავსუქდე. დიდ ძალისხმევას არ ვხარჯავ იმისთვის, ფორმაში ვიყო. არ ვვარჯიშობ, არ დავდივარ სპორტულ დარბაზებში თუ სილამაზის სალონებში. გენეტიკის გარდა უმნიშვნელოვანესია გემოვნება!, როცა შენი სტილი გაქვს არჩეული, იცი რომელი ფერი გიხდება და ასე შემდეგ...

ეკა ანდრონიკაშვილის ვაჟი, ლუკა

- საუბრის დასასრულს... მსოფლიო შეძრა რუსეთ-უკრაინის ომმა, თუ გყავთ უკრაინაში მეგობრები?

- ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს სხვადასხვა ქვეყნებში... პირადად ჩემთვის ომი ძალიან დამთრგუნველია, რადგან ოცდამეერთე საუკუნე ის ეპოქა აღარ არის, სადაც ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს. შემზარავია ის კადრები, რაც ყველამ ვნახეთ. მოსახლეობის დისკომფორტის შექმნაზე აღარ არის ლაპარაკი, გადარჩენისთვის რომ იბრძვიან... მშვიდობიანად ძალიან ბევრი რამის მოგვარება შეიძლება, მაგრამ პოლიტიკა თანამედროვეობას ჩამორჩა. ძალიან ვგულშემატკივრობ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთაც უწევთ თავიანთ თავზე განიცადონ საშინელი, შემზარავი ომის შედეგები. ხალხი არაფერ შუაშია, ასე არ შეიძლება ხდებოდეს!