ავტორი:

"წაუფარებიათ ზეწარი და გადასვენებას ელოდებოდნენ" - ქარელში ახალგაზრდა ქალი ხილის კრეფის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა: ოჯახი  სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადანაშაულებს

"წაუფარებიათ ზეწარი და გადასვენებას ელოდებოდნენ" - ქარელში ახალგაზრდა ქალი ხილის კრეფის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა: ოჯახი  სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადანაშაულებს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში 31 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ნინო აბრამოვის ახლობლები მომხდარში სასწრაფო დახმარების ჯგუფს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება სასწრაფო დახმარების ჯგუფის პერსონალის არაკვალიფიციურობამ გამოიწვია.

"ჩემი შვილი ოჯახთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში ცხოვრობდა, რუისში კი დღიურ სამუშაოზე იყო დასაქმებული და ნაწრეტიდან ყოველდღიურად დადიოდა. მასთან ერთად მყოფი პირების გადმოცემით, როდესაც ბაღში ხილის კრეფის დროს ცუდად გამხდარა, გამოუძახიათ სასწრაფო, სასწრაფოს გარდაცვლილად დაუფიქსირებია და აღარაფერი გაუკეთებია ჩემი შვილის გადასარჩენად.

წაუფარებიათ ზეწარი და ასე იყო კარგა ხნის განმავლობაში, პროზექტურაში გადასვენებას ელოდებოდნენ, მაგრამ ჩვენ როცა ჩავედით, გოგოს ჯერ ისევ ესინჯებოდა პულსი და ჩვენ წამოვიყვანეთ გორში საავადმყოფოში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, სასწრაფოს რომ დროულად გადაეყვანა კლინიკაში, დარწმუნებული ვარ, გადარჩებოდა. ასთმა აწუხებდა, ადრეც ჰქონია პრობლემები, მაგრამ ექიმები ყოველთვის შველოდნენ, ახლაც გადარჩებოდა, რომ გარკვეულიყვნენ, მკვდარი იყო თუ ცოცხალი და დროულად გაეწიათ დახმარება“, - აცხადებს გარდაცვლილი ქალის მამა გელა აბრამოვი.

ნინო აბრამოვს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. როგორც AMBEBI.GE-ს სამედიცინო ცენტრ "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტი გარდაცვლილი იყო.