ავტორი:

"ამას ჰქვია რეპრესია, ეს არის წმენდა საკუთარი შეხედულებისამებრ" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი

"ამას ჰქვია რეპრესია, ეს არის წმენდა საკუთარი შეხედულებისამებრ" - კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომელი

ქაღალდზე დაფიქსირებული ტერმინი "რეორგანიზაცია“ იოტისოდენაზეც ვერ ასახავს არსს და შინაარსობრივ მხარეს იმ პროცესისა, რაც დღეს კულტურის სამინისტროში და მის სსიპ-ებში მიმდინარეობს. ამას პირდაპირ რეპრესია ჰქვია, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, დავით ლომიკაშვილმა "სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის სამინისტროში "ადამიანების წმენდა“ მიმდინარეობს და ეს ყველაფერი სისტემური კრიზისისკენ მიდის.

"საკითხი, რამაც გაგვაერთიანა დღეს, ბევრად უფრო მოცულობითი და ბევრად უფრო კრიზისულია, ვიდრე ეს ადამიანების განდევნაა სამსახურებიდან. ქაღალდზე დაფიქსირებული ტერმინი "რეორგანიზაცია“ იოტისოდენაზეც ვერ ასახავს არსს და შინაარსობრივ მხარეს იმ პროცესისა, რაც დღეს კულტურის სამინისტროში და მის სსიპ-ებში მიმდინარეობს. ამას პირდაპირ ჰქვია რეპრესია. ამას პირდაპირ ჰქვია წმენდა საკუთარი შეხედულებისამებრ.

პრობლემის არსი ის არის, რომ ქართველი ერის ყველაზე მძლავრი იდენტობის საფუძველზე ძალიან მკვეთრი შეტევა გამოიკვეთა. ეს არის კულტურა. შეიძლება სოფლის მეურნეობის ან სხვა რომელიმე უწყების პატარა ხარვეზი ძალიან სწრაფად გამოსწორებადი იყოს, მაგრამ კულტურაზე შეტევა და კულტურის საყრდენების ასეთი ძლიერი რყევა სადამდე მიიყვანს ამ ქვეყანას, არ ვიცი. არ შეიძლება ადამიანი კულტურას ასე მოეპყროს. სისტემური კრიზისისკენ მიდის ეს ყველაფერი. ჯერჯერობით რყევების პროცესი არის,“ - განაცხადა დავით ლომიკაშვილმა.

ცნობისთვის, "სამართლიანი არჩევნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ 1-ელ ნოემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაციის მორიგი ტალღა დასრულდა, რის შედეგადაც შრომითი უფლებების უხეში დარღვევის, მტრული სამუშაო გარემოსა და მათი უგულებელყოფის მსხვერპლი 25-მდე პირი გახდა. გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს "სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.