ავტორი:

რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

რა არის ცნობილი იტალიური პოლიციისა და მედიისთვის მძარცველებზე, რომლებმაც კვარაცხელიას ავტომობილი მოპარეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი ქართველებმა მოიპარეს, თუმცა რეალურად, იტალიური პოლიციისა და მედიისთვის ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაძარცვეს ქართველი ფეხბურთელი.

მძარცველების შესახებ ბოლო ინფორმაცია, რომელიც იტალიურ მედიაში ვრცელდება, ასეთია: ქურდებმა სავარაუდოდ, იცოდნენ ვის ძარცვავდნენ. მათ კარგად ჰქონდათ შესწავლილი კვარაცხელიას განრიგი, მისი ჩვევები - როდის შედის სახლში, როდის იძინებს, შესწავლილი ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელთან ერთად ცხოვრობენ. პირადი დაცვის რეჟიმი.

როდესაც ყველაფერი კარგად შეისწავლეს, ამის შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე. ისინი ჯერ სახლში შეიჭრნენ, აიღეს ავტომობილის გასაღები, ჩავიდნენ ავტოსადგომზე, ჩასხდნენ მანქანაში და ტერიტორია დატოვეს ("კვარას" მანქანა, Mini Countryman დაახლოებით 35 000 ევროდ არის შეფასებული).

მოპარული ავტომობილი პოლიციამ ძარცვიდან 24 საათზე უფრო ნაკლებ დროში იპოვა. ის სამანქანო გზაზე იყო მიტოვებული.

მედიის ცნობით, არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ძარცვაა აღბეჭდილი. არსებული ინფორმაციით, ჩანაწერებში ჩანს მძარცველთა ჯგუფი, რომლებიც შენობაში შეიჭრნენ. პოლიცია ცდილობს მათ იდენტიფიცირებას, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც როგორც ცნობილია, მძარცველებს სახე შენიღბული ჰქონდათ.

ძარცვა შუაღამით 3:00 საათზე მოხდა, როცა ფეხბურთელს ეძინა და ქურდობის ფაქტი მან მხოლოდ დილით შენიშნა. ქურდები ავტომობილის გარდა არ შეხებიან არც ფულს და არც ფეხბურთელის სხვა პირად ნივთებს.