ავტორი:

"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

"თავის დროზე მე და მაკა შევთანხმდით, რომ მე ტანსაცმლის კეთებას აღარ მივუბრუნდებოდი" - რას ამბობს თათა ვარდანაშვილი ასათიანთან ურთიერთობასა და ჩამოშორებულ კოლეგებზე?

ცოტა ხნის წინ ცნობილმა დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. როგორც თავადვე გვითხრა, ის უკვე წლებია, რაც ანნა-მარია ხოდელი გახლავთ (რამდენიმე წელია, გვარ-სახელი ოფიციალურად შეიცვალა). ინტერვიუმ საზოგადოების, მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. რესპონდენტთან საუბრისას კიდევ რამდენიმე თემას შევეხეთ, რომელიც აღნიშნულ ინტერვიუში, თემატიკიდან გამომდინარე, ვერ მოხვდა. დიალოგის იმ ეპიზოდებს ახლა შემოგთავაზებთ.

ერთ დროს პოპულარული დიზაინერი, გარემოებების გამო, წლებია ფაქტობრივად ჩამოცილებულია თავის საქმიანობას, ჩვენს კითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობა სხვა დიზაინერთან, რესპონდენტის პასუხი ასეთია:

- ღმერთმა მომცა იმის ბედნიერება და ჩვენი ცხოვრება ისე დალაგდა, რომ დიდ დღესასწაულებზე, მათ შორის, შობას, აღდგომას ქაშვეთის ტაძარში მაკა ასათიანთან მიწევს შეხვედრა... მასზე ორი წლით უფროსი ვარ, მაგრამ მე და მაკა ერთად გავიზარდეთ. ისე მოხდა, რომ თხილამურებზეც ერთ სპორტსკოლაში დავდიოდით, სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ერთ პედაგოგთან ვემზადებოდით. ასპარეზზე 2 წლით ადრე გამოვედი, მაგრამ ჩვენებებს ერთად ვაწყობდით. რთული გზა გავიარეთ, სანამ მოდა, როგორც საზოგადოების ესთეტიკის ნაწილი, ფეხს მოიკიდებდა. დღეს როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ისევ ის პატარა გოგოები ვართ, როცა დიზაინერობაზე ვოცნებობდით და სამომავლოდ კოშკებს ვაგებდით... ახლა ერთმანეთს ვეუბნებით კიდეც, - ჩვენს სფეროში ისევ ხომ არ დავბრუნდეთ?! მაკა აზრი ასეთია - ჩვენ უკვე გავაკეთეთ! მეც ვეთანხმები, - გავაკეთეთ, რაც შევძელით...

- მართლაც კარგად მახსოვს თქვენი საოცარი ჩვენებები... დღესასწაულივით იყო...

- ის სიყვარული, რაც მოდის სამყაროსთან გვაკავშირებს, ჩვენში იმდენად ცოცხალია და იმდენად გვაბედნიერებს, რომ ხვდები, იმ ეპოქის გზა, მუდამ ცოცხალი იქნება. რასაც ვერ ვიტყვი სხვა დიზაინერებზე, ვისთან ერთადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავიარე... ყველას ვეხმარებოდი, ჩვენებებს ვაწყობდი, უანგაროდ, უსასყიდლოდ აქაც და საზღვარგარეთაც... თუმცა ახლა ასეა, - არავინ მკითხულობს... ადრე მწყინდა, ახლა მიხარია... ალბათ ეშინიათ, სადმე არ გამოვჩნდე... არაფერია... მთავარია, შენს თავთან იყო მართალი. რა კარგია, რომ კარიერის გზაზე, პიროვნული ღირსებისა და პატივისცემის მიღმა, კოლეგა აღმომაჩნდა, რომელთან ერთადაც, აი, ასე წარმატებულად გავიარე გზა. ამისთვის ვმადლობ ღმერთს.

- ე.ი. მაკა ასათიანი კარგი კოლეგაა...

- საუკეთესო კოლეგა. უფრო მეტიც, ჩვენ ხომ თავის დროზე შევთანხმდით, რომ ის ტანსაცმელს გააკეთებდა, მე - ფეხსაცმელს და ტანსაცმელს აღარ მივუბრუნდებოდი. ამ გზას ერთად გავივლიდით და არც ამისთვის გვიღალატია!

- მას ამ ეტაპზე არ აქვს ამ სფეროსთან შეხება...

- არა და მეამაყება, რომ მაკა არის საუკეთესო დედა და საუკეთესო ბებია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო კოლეგაა და ასეთივე მეგობარი. მოდის სფეროში არაფერს საქმიანობს, მაგრამ მგონია, რომ მოდის სამყაროში მას მხოლოდ გამოჩენა სჭირდება და მეტი არც არაფერი. იმდენად კარგია, ისეთი ლამაზია, სადაც არ უნდა გამოჩნდეს, როგორც არ უნდა იყოს, მაკაა ასათიანი და მორჩა!

- საკუთარ თავს შეცდომად რას უთვლი და რას ნანობ?

- ჩემი ერთადერთ მთავარი პრობლემა, რაც ცხოვრებაში ბავშვობიდან ძალიან ბევრ დაბრკოლებას მიქმნის, რითაც გაუგებარი ვარ სამყაროსთვის, რის გამოც ალბათ უცხო ვარ საზოგადოებისთვის, ის არის, რომ არანორმალურად შესისხლხორცებული მაქვს - სიყვარული ჩემი სამშობლოს მიმართ. არა, ეს შეცდომა კი არა, ნიჭია, რომელიც ღმერთმა მომცა, მაგრამ ის ადამიანების ნაწილისთვის რატომღაც გაუგებარია. ამიტომ, ამ თემაზე არ ვსაუბრობ და ამ კუთხით არც არაფერს ვცვლი.

...კი, ღმერთმა მაჩუქა მხატვრობის, პოეზიის, საღად აზროვნების ნიჭი, ბავშვობიდან კარგად ვიცი და მესმის ძველი ქართული ლიტერატურა, მათემატიკური ნიჭებიც მაქვს... ყველა ამ ნიჭთან ერთად აღმატებულად მაწუხებს და მაწვალებს საზოგადოებასთან გაუცხოება... ...შეცდომაა, რომ ჩემს ქვეყანაში გამეკეთებინა ის, რაც მანამდე არ იყო? რომ ჩემი გამოცდილება ამ ქვეყანას უანგაროდ გამოსდგომოდა? მაგრამ თუ თეთრი ყვავივით ხარ, უცხო ხარ და ვერაფერს იზამ?!.

არა არ მგონია, ეს ყველაფერი შეცდომა იყოს. უბრალოდ სხვებისთვის გაუგებარია... ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, „რა დროს სხვა ადამიანზე ფიქრია,“ ან „რა დროს რა ვუშველო ამ ქვეყანას“ ამაზე დარდის დროა?! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ვცდილობდი, ჩემი ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ გამეტანა, რომ აქ დამზადებული პროდუქცია ევროპელებს ენახათ, ეთქვათ, თურმე საქართველოში რაღაცებს კარგად აკეთებენ, მოდი, წავიდე და ვნახო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დავიბადე და გავიზარდე ქვეყანაში, სადაც სვეტიცხოველში ვლოცულობთ, იქვე მის ერთ-ერთ ფასადზე ქვაზე ამოკვეთილია დიდოსტატის მარჯვენა. ეს ხომ იმის სიმბოლოა, რომ წარმატებულ ადამიანს შეიძლება მარჯვენა მოკვეთო იმის გამო, რომ სხვაზე კარგი აუგია. ამის მერე ადამიანს გული რაღაზე უნდა დაგწყდეს, ან რა უნდა იდარდო, როცა სვეტიცხოვლის შემოქმედი ასე დასაჯეს...

ნახეთ ასევე: