მეგრელი დიასახლისის ხელით მოხვეული ხინკალი, მაყალზე შემწვარი მწვადი, იმერული, მეგრული და აჭარული ხაჭაპურები - ეს ყველაფერი შეგიძლიათ კამბოჯაში, ქალაქ სიემ-რიპში დააგემოვნოთ. "კავკასიურ ქართულ რესტორანს" ქართველი მფლობელები ჰყავს - ირმა ჭითანავა და ლაშა ლომიძე. ისინი კამბოჯაში უკვე მეექვსე წელია სამ ქალიშვილთან - სალომე, ქეთევან და ელისაბედთან ერთად ცხოვრობენ. როგორ მოხვდა ქართული ოჯახი კამბოჯაში, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
ირმა ჭითანავა:
- კამბოჯაში ჩემი მეუღლის სამსახურის წყალობით აღმოვჩნდით. ლაშა ჰუმანიტარული განაღმვითი ორგანიზაციის თანამშრომელია. ეს ორგანიზაცია საქართველოში აფხაზეთისა და აგვისტოს ომების შემდეგ პერიოდებში მუშაობდა. ისე მოხდა, ორგანიზაციამ ჩემი მეუღლე ექსპერტად გაუშვა კამბოჯაში. შეიძლებოდა ოჯახი წაეყვანა და ჩვენც გავყევით.
- რა იცოდით კამბოჯაზე იქ გამგზავრებამდე?
- პირველად კამბოჯაში ტურისტად ვიყავი. საოცარი ორი კვირა გავატარე. ზღაპრულ ქვეყნად მომეჩვენა, მაგრამ როცა აქ დავსახლდით, ყველაფერი შეიცვალა - ყოველდღიურობაში ბევრი ისეთი ნიუანსი გამოჩნდა, რამაც ცხოვრება გაგვირთულა. რთული იყო რეპტილიებთან ერთად ცხოვრება. ყველგან არიან - სახლში, ეზოში, ქუჩაში, ხეებზე... მხოლოდ ფანჯრებზე კი არ გვიწევს ბადეების გაკვრა, ბადეები გვაქვს გადაფარებული საწოლებზეც. თავის დაცვა გვიწევს პატარა და ზოგჯერ დიდი ხვლიკებისგანაც. ეზოებში ხშირად არიან გველებიც. ერთხელ კობრასაც გადავეყარეთ თავის წიწილებიანად... აქ ხშირია ადამიანის გველისგან დაგესვლა. აუცილებლად უნდა იცოდე, სად უნდა დადგა ფეხი. გარეთ გასვლისას აუცილებლად უნდა დააკვირდეთ ხეებსაც. მოკლედ, კამბოჯა ლამაზი და მიმზიდველია ტურისტისთვის, მაგრამ აქ ცხოვრება ურთულესია. არის საკითხები, რომლებსაც ვერ მოაგვარებ, უბრალოდ, უნდა შეეგუო... სხვათა შორის, ძნელად შევეგუეთ კლიმატს. აქ მხოლოდ ორი სეზონია - ან წვიმს, ან საშინლად ცხელა. წვიმის შემდეგ საოცარი ბუღი დგას ქალაქში. სხვა სირთულეები არ გვქონია, რაც მთავარია, ოჯახი ერთად ვართ. სხვათა შორის, ქალაქი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესოა ტურისტებისთვის. აქ არის უძველესი საკულტო ნაგებობა ანგკორ-ვატი.
- როგორი ხალხია კამბოჯელები?
- ძალიან კეთილი, თავმდაბალი და ხალისიანი. ღიმილის ან ხელის ჩამორთმევის გამოც კი შეუძლიათ მადლიერება გამოხატონ.
- მათთან რა ენაზე ურთიერთობთ?
- ინგლისურად. მოსახლეობის 70% სრულყოფილად საუბრობს ინგლისურად.
- ბავშვების სწავლის საკითხი როგორ მოაგვარეთ?
- ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას მოვამზადეთ ინგლისურში და აქ საერთაშორისო ინგლისურ სკოლაში შევიყვანეთ. ახლა ძალიან კარგ სკოლაში სწავლობენ და საუკეთესო განათლებას იღებენ. გააგრძელეთ კითხვა