ავტორი:

ფორს-მაჟორი უკრაინის ელექტრომომარაგებაში: ოკუპანტების მოწყობილი "ენერგეტიკული გენოციდი" და ჩაბნელებული კიევი - "...მაგრამ უკრაინა იდგება!"

ფორს-მაჟორი უკრაინის ელექტრომომარაგებაში: ოკუპანტების მოწყობილი "ენერგეტიკული გენოციდი" და ჩაბნელებული კიევი - "...მაგრამ უკრაინა იდგება!"

"უკრენრეგომ" 6 ნოემბერს გააფრთხილა უკრაინის მოსახლეობა, რომ 7 ნოემბრის დილიდან 30%-ით შემცირდებოდა ელექტროენერგიის მოხმარება კიევში და ასევე ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის და პოლტავის ოლქებში.

როგორც ცნობილია, დედაქალაქსა და ამ ოლქების ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა ოკუპანტი სამხედრო ძალების მიერ 10, 11, 17 და 22 ოქტომბერს და 2 ნოემბერს განხორციელებული სარაკეტო შეტევების შედეგად.

ენერგოსისტემაში არსებული მძიმე ვითარების გამო, ქვეყანაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტროენერგიით მომარაგების გრაფიკი.

"უკრენერგოს“ ინფორმაციით, დღეს, 7 ნოემბრის 06:00 საათიდან დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდების საათობრივ გრაფიკთან ერთად, საჭირო იქნება ე.წ. ავარიული გათიშვაც, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტი და მაღალვოლტიანი ინფრასტრუქტურის გადატვირთვა.

კერძო ენერგოკომპანია YASNO-ს წარმომადგენლის განცხადებით, დღეს, კიევის ენერგოქსელში გრაფიკით გათვალისწინებულზე 32%-ით მეტი დეფიციტი იქნება, რაც უკვე ფორს-მაჟორია.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, უარესისთვის მოემზადონ.

მისი თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს იერიშებს უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, ისინი ელექტროენერგიის, წყლის ან გათბობის უქონლობისთვის უნდა მოემზადონ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ გულწრფელად, რომ გითხრათ ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ზოგადად, ჩვენ ყველანი დავიხოცოთ. ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მზად ვართ სხვადასხვა ვითარებისთვის“, - განაცხადა კლიჩკომ.

The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.

გასულ ღამეს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 6 ნოემბრის საღამოს მდგომარეობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო 4.5 მილიონზე მეტი მომხმარებელი და მათგან ყველაზე მეტი კიევში და კიევის ოლქში. ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა ენერგოკომპანიებთან ერთად დეტალურად განიხილავს ყველა სცენარს და შესაბამის ქმედებებს ამზადებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში “ენერგეტიკული გენოციდის“ ჩადენას ცდილობს.

ამის შესახებ პოდოლიაკმა "ტვიტერზე“ დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინა იდგება.

“მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსეთის ფედერაცია ცდილობს "ენერგეტიკული გენოციდის" ჩადენას, მაგრამ კიევი და უკრაინა იდგება. მარტივი დაცვის გეგმა: საჰაერო თავდაცვა, ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვა, მოხმარების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება გამოწვევებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავალზე“, - წერს პოდოლიაკი.