ავტორი:

საიდუმლო ორგანიზაცია და შეთქმულთა მოძრაობა საქართველოში - რა მოხდა სინამდვილეში 1832 წელს

საიდუმლო ორგანიზაცია და შეთქმულთა მოძრაობა საქართველოში - რა მოხდა სინამდვილეში 1832 წელს

ქართულ-რუსულ შეთქმულთა ორგანიზაციებს შორის მსგავსება უფრო ძლიერი და თვალში საცემი გახლდათ. ორივე პოლიტიკური სტრუქტურა თავდაპირველად შეთქმულთა მცირერიცხოვანი ორგანიზაციების სახეს ატარებდა, რომელთა მოღვაწეობამაც რამდენიმეწლიანი კონსპირაციული პერიოდი განვლო. თავისი საქმიანობის გარკვეული ეტაპიდან კი, ორივე შემთხვევაში, ქართულ-რუსული შეთქმულთა ორგანიზაციების მოღვაწეობა გასცდა კონსპირაციულ ჩარჩოებს და, ამგვარ საქმიანობასთან ერთად და პარალელურად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის სახე მიიღო.

იყო თუ არა 1832 წელს გამომჟღავნებული ქართველ პატრიოტთა საიდუმლო საქმიანობა - მხოლოდღა შეთქმულება? რა თქმა უნდა, არა. ეს იყო ძლიერი იდეურ-პოლიტიკური მოძრაობა. იგი წლების განმავლობაში იქმნებოდა, ვითარდებოდა, ფართოვდებოდა და სულ უფრო ინტენსიურად მოიცავდა მაშინდელი ქართველი საზოგადოების თითქმის მთელ მოწინავე ფენებს.

ძნელია დასახელება XIX საუკუნის პირველი მესამედის ინტელექტუალური ელიტის რომელიმე წარმომადგენლისა, რომელიც მეტ-ნაკლებად არ ყოფილიყო დაკავშირებული ოცდათორმეტიანელთა მოძრაობასთან ან არ თანაუგრძნობდა მას. ოცდათორმეტიანელთა ორგანიზაციასთან დაკავშირებით თავდაპირველად 145 კაცი დააპატიმრეს. დაპატიმრებები თანდათანობით მიმდინარეობდა, ასე რომ, ორგანიზაციის წევრები ერთმანეთის გაფრთხილებასაც ასწრებდნენ და სამხილების მოსპობასაც.

ორგანიზაცია შედგებოდა ცალკეული სტრუქტურული წრეებისგან, რომელთა წევრები ერთმანეთს არ იცნობდნენ და მხოლოდ წრეების მეთაურების მეშვეობით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

პირველ რიგში, გამოძიებისთვის „დაფარულად“ დარჩა შეთქმულთა ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა. საიდუმლო ორგანიზაციის წევრთა რიცხვი, სულ ცოტა, 300 კაცს აჭარბებდა და ჩვენი ვარაუდით, 500 კაცამდე მაინც აღწევდა. უკვე ორგანიზაციის მონაწილეთა ამგვარი და, სავარაუდოდ, მეტი რაოდენობა ნიშნავს, რომ პატრიოტული ორგანიზაცია შეთქმულთა ვიწრო ჯგუფს კი არ წარმოადგენდა, არამედ ფართო მასშტაბის იდეურ-პოლიტიკური მოძრაობის ქსელს.

იყო სხვა გარემოებებიც, რომელნიც მიგვანიშნებენ, რომ შეთქმულთა და მათ თანამგრძნობთა რიცხვი ბევრად მასშტაბური გახლდათ. მაგალითად, გარდა ოცდათორმეტიანელთა ორგანიზაციისა, არსებობდა სხვა შეთქმულთა საზოგადოებაც. 1831 წელს შეთქმულებისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა მათგან დამოუკიდებლად მოქმედი კიდევ ერთი საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც დავით და დიმიტრი თარხნიშვილები მეთაურობდნენ. მათ თამარ ბატონიშვილთან მიუგზავნიათ მართა მესხიშვილი და თამარისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეუთავაზებიათ, ხოლო განთავისუფლების შემთხვევაში- ქვეყნის მეთაურობაც.

ეს იყო პატრიოტული მოძრაობა „მამულის გამოხსნისთვის“. ასეც იცნობდნენ და მოიხსენიებდნენ ოცდათორმეტიანელებს მათი უშუალო მემკვიდრეები - ქართველი სამოციანელები. ოცდათორმეტიანელთა მოძრაობის მიზანი - საყოველთაო, სრულიად საქართველოს აჯანყება გახლდათ, რომლის გზითაც რუსის ჯარი უნდა განედევნათდა ქვეყნის დამოუკიდებლობა აღედგინათ. კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პოლკოვნიკ ცებრიკოვს სოფ. ხაშმთან სწორედ ამგვარი ინფორმაცია მიუტანეს.

მანაც სწრაფად მოახსენა მთავარმართებელ გრიგოლ როზენს, რომ „საქართველოს სოფლებს აზრად ჰქონდათ აჯანყებულიყვნენ, რათა რუსის ჯარი ნაწილობრივ ამოეჟლიტათ, ნაწილობრივ კი საქართველოდან გაეძევებინათ“.

ოცდათორმეტიანელ შეთქმულთა ორგანიზაცია საზოგადოებისგან მოწყვეტილი, იზოლირებული წარმონაქმნი კი არ იყო, არამედ წარმოადგენდა სხვადასხვა მეორადი უჯრედების, წრეების, საზოგადოებების ქსელს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცენტრალური „მთავარი“ ორგანიზაცია, „მთავარი შეთქმულნი“, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმა მოძრაობაში და საყოველთაო აჯანყების გამოწვევა. ამგვარი მასალები, მითითებები, მინიშნებები, პირდაპირი ინფორმაციები მრავლადაა საგამომძიებლო მასალებში, შეთქმულთა მიწერ-მოწერაში, მათ მოგონებებში და ა.

მკაცრად კონსპირირებულ ცენტრს წარმოადგენდა „მთავარ შეთქმულთა“ ცენტრალური ხელმძღვანელობა. ისინი ყველანი იცნობდნენ ერთმანეთს და იასე ფალავანდიშვილმა სწორედ და მხოლოდ ისინი გასცა, რადგან მხოლოდ მათ იცნობდა. ორგანიზაციის წევრთა მთავარი და მრავალრიცხოვანი რაოდენობა გაერთიანებული იყო ადგილობრივ წრეებსა და ცალკეულ უჯრედებში. ასეთი ადგილობრივი ორგანიზაციები არსებობდა კახეთში, ქართლში, ქიზიყში, ფშავ-ხევსურეთში... მათი ხელმძღვანელებიერთმანეთს არ იცნობდნენ და უშუალოდ ცენტრთან იყვნენ დაკავშირებული.

ორგანიზაციის სტრუქტურული ჯგუფების წევრები იზოლირებულად მოქმედებდნენ ცენტრის დავალებით და სხვადასხვა ჯგუფის წევრები ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამ გარემოებამ საგამოძიებო კომისიას გზა-კვალი დაუბნია. შეთქმულთა ორგანიზაციას შეგროვილი ჰქონდა ხუთი ათასი თუმანი თეთრი; თბილისში სამასი კაცი ჰყავდათ მომზადებული „ბუნტისთვის“; გარდა ამისა,ქალაქში უნდა ჩამოსულიყვნენ აჯანყებისთვის მზად მყოფი შეიარაღებული რაზმები ახლომახლო სოფლებიდან: კოდიდან, კუმისიდან, მარტყოფიდან, ნორიოდან, მცხეთიდან, ძეგვიდან, ნაქულბაქევიდან, დიღმიდან. თუმანიშვილის ჩვენების მიხედვით, თბილისში გამოსვლის პარალელურად, უნდა აჯანყებულიყვნენ თელავში,სიღნაღში, დუშეთსა და გორში. ამის შემდეგ გამოსვლები უნდა გავრცელებულიყო იმერეთში.

1830-იანი წლების მოძრაობის ორგანიზატორებიც, მონაწილეებიცა და მხარდამჭერებიც ქართველი ნაციონალისტები იყვნენ. ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ თავიანთ შეკრებებზე „მამულის ერთგულებაზე“, „საქართველოს სიყვარულზე“, სამშობლოს „რუსებისგან

განთავისუფლებაზე, „მამულის სიყვარულსა“ და `სამსახურზე“. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ოცდათორმეტიანელებისთვის ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენაზე წინ წამოიწია რამდენიმე ფაქტორმა: ქართველობამ, დამპყრობლებისგან ქვეყნის განთავისუფლების აუცილებლობამ, საერთოდ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეამ.

ვრცლად პოლიტიკური პარტიების ისტორიაზე საქართველოში, წარმოქმნიდან დღემდე, წაიკითხავთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ძალიან საინტერესო 15-ტომეულის მეათე ნაწილში, რომელიც 7 ნოემბრიდან გამოვა და გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. მეათე ტომის სპეციალური ფასი გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში - 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

21 თებერვლიდან, ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევარის ავტორობით, „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15 ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს. სერიის წიგნები თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად იყიდება.

15-ტომეული აერთიანებს ამბებს საქართველოს უძველესი დროიდან. ეს მართლაც საქართველოს პალიტრაა, მთელი თავისი მრავალფეროვანი თემებით: მონებით ვაჭრობა, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობის თუ ეპიდემიების ისტორია და საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთი მიმართულება.

ტომეულის შეძენა ასევე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში და ონლაინ. წიგნის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან http://www.palitral.ge.