ავტორი:

ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც - ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს

ოლგამ ერთ ღამეში დაკარგა ქმარი და მშობლები, მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც -  ის ახლობლების საფლავებს დღემდე ეძებს
  • ფოტოზე: ოლგა საგიროვა მეუღლესთან ერთად ომამდე

ახალი სატელიტური ფოტოების ანალიზის მიხედვით, რუსეთის სრული ოკუპაციის ქვეშ მყოფი მარიუპოლის მახლობლად მდებარე მასობრივ სასაფლაოზე, 1500-ზე მეტი ახალი საფლავია გათხრილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, ომის დაწყებიდან დღემდე მარიუპოლის მახლობლად 4600-ზე მეტი საფლავია გათხრილი, თუმცა ამ ადგილას დაკრძალულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და მტრისთვის მთავარი სტრატეგიული სამიზნე იყო. ომის დაწყებისთანავე ქალაქი დაუნდობლად იბომბებოდა, მრავალდღიანი ალყისა და ოკუპაციის შემდეგ კი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა.

ოლგა საგიროვა იყო ერთადერთი, რომელიც არაერთგზის დაბომბვის შემდეგ გადარჩა. ქმარი და მშობლები რუსებმა მოუკლეს. დღემდე არ იცის, სად არის მათი ცხედრები.

48 წლის ბუღალტერი, მეუღლესთან - ვალერისთან ერთად ცხოვრობდა ორსართულიან სახლში, პატარა ბაღით, მარიუპოლის საცხოვრებელ უბანში, ორი ზრდასრული შვილისგან მოშორებით. მარტის დასაწყისში მის რაიონში სიწყნარე იყო, მიუხედავად ქალაქის სხვა ნაწილების ინტენსიური დაბომბვისა. ყოველ ღამე ის და მისი ქმარი სარდაფში იძინებდნენ. "სულ ვტიროდი, ჩემი ქმარი ცდილობდა დავემშვიდებინე“, - ამბობს ოლგა.

10 მარტის საღამოს, რუსეთის შეჭრიდან მე-15 დღეს, კარზე კაკუნი გაისმა. კართან ოლგას 80 წელს გადაცილებული მშობლები იდგნენ. მათი სახლი დაბომბვის შემდეგ დამწვარიყო და შვილთან მივიდნენ ღამის გასათევად... მშობლებს შესთავაზა, რომ მათთან ერთად სარდაფში გაეთიათ ღამე, მაგრამ მოხუცები დასაძინებლად ზევით ავიდნენ. ოლგას 03:30 საათზე ნგრევის ხმაზე გაეღვიძა...

"ნახევრად ჩამარხული ვიყავი, ვერ ვმოძრაობდი. სმენა ნელ-ნელა დამიბრუნდა, სადღაც ქმრის ხმა გავიგე, - ოლგა, დამეხმარე, ამომთხარე, ახლოს ვარ კიბეებთანო..."

მალე მეზობლები გამოჩნდნენ, მაგრამ ქალის ამოყვანა ვერ შეძლეს და უთხრეს, რომ გათენებისას დაბრუნდებოდნენ. ექვსი საათის შემდეგ შეძლეს მისი ამოყვანა.

იმ ღამეს ოლგამ დაკარგა არამარტო ქმარი, არამედ მშობლებიც. მალე გაიგო, რომ იმავე ღამეს საკუთარ სახლში მოკლეს მისი და და სიძეც.

ოლგამ ერთ დღეში ხუთი ახლობელი დაკარგა და ყველა მათგანის ცხედარი დღემდე დაკარგულია. ოლგა ერთადერთი არაა, ვინც ახლობლების საფლავებს ვერ პოულობს.

BBC ესაუბრა ადგილობრივებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ახლობლების მოსაძებნად ზაფხულში ათობით ცხედრის დათვალიერება უწევდათ...

მასობრივი საფლავები მონიშნულია პატარა ნომრიანი ფირფიტებით და სქესით, მაგრამ მათზე არ წერია სახლები და გვარები.

მოწმეების თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ისინი ხედავდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს დანგრეული შენობებიდან ამოჰქონდათ ცხედრები და მასობრივი სასაფლაოებისკენ მიჰქონდათ...