ავტორი:

ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა

ვანო ჩხარტიშვილმა ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები, მათ შორის საკუთარი მეუღლე, 10 000 ლარით დააჯილდოვა

როგორც ირკვევა, გურიაში "ალერგობის" დღესასწაულის აღსანიშნავად ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება რამდენიმე ადამიანს მიენიჭა, რომლეთაც ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა 10 000 ლარი ჯილდოდ გადასცა. ამის თაობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე წერს:

"ალეგრობის" დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი კიდევ ათ გამორჩეულ ადამიანს მივანიჭეთ. მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ "ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 - 10 000 ლარი გადასცა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:

სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველ გრიგოლ ქავთარაძეს.

ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას.

ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული შრომისთვის ექიმს - ალექსანდრე აბრამიშვილს. ალექსანდრე მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესიონალი და ხუთი შვილის მამაა.

ჩვენი ქალაქის მეეზოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის ცენტრის თანამშრომელს, გამორჩეულად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, ქალბატონ ალვარტ ავაკიანს.

სამოქალაქო განათლების, სოციალური დაცვისა და განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ მარინა თოფურიას.

ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, პროფესიონალს, ღირსების ორდენის მფლობელს, ლოტბარ ბიძინა მჟავიას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იურისტს, პროფესორ გია ებრალიძეს.

სამეცნიერო სფეროში წარმატებული საქველმოქმედო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალბატონ მანანა ღაჟონიას

სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტსმენს და მწვრთნელს კახაბერ აბაშიძეს.

საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის მზევინარ სალუქვაძეს. ქალბატონი მზევინარი მერიის თანამშრომელი და თავისი საქმის პროფესიონალია

მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული ღვაწლისთვის! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!"

როგორც ირკვევა დაჯილდოებულთა შორის თავად ვანო ჩხრატიშვილის მეუღლე ნანა გოთუაც არის, რომელიც სამადლობელ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"შენ მშობლიურ მხარეში რომ საპატიო მოქალაქეობას განიჭებენ, ეს რაღაც სხვა..ა განსხვავებული ემოციაა და ვარ ბედნიერი...

სიყვარული რომ ასმაგად გიბრუნდება და თვალები სიხარულის ცრემლით გევსება...

აი, ასეთი ბედნიერი ვარ! მადლობა ჩემს გურულებს ამ სიხარულისთვის მადლობა ყველაზე კრეატიულ, მშრომელ, სიახლეების მაძიებელ ქალაქის თავს ავთანდილ თალაკვაძეს. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ არაჩვეულებრივი ზეიმის მოწყობაში. "ალეგრობას" გილოცავთ ჩემო გურულებო #გურია#ალეგრობა2022"

იხილეთ ასევე: