ავტორი:

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას" - ლევან მურუსიძე

"თქვენ გჯერათ, რომ ლევან მურუსიძე აპირებს ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას, მოგონილია ეს, ამიტომ ამ თემისგან არაფერი გამოვა", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს იმის გამო, რომ სასამართლო სისტემის მიმართ მწვავე განცხადებებს აკეთებს.

ლევან მურუსიძე ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

მისი განმარტებით, ალავიძე სასამართლოს შესახებ ცილისმწამებლურ განცხადებას აკეთებს იმიტომ, რომ საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება სურს.

"ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ტელევიზიები ზოგადად, ისე გააკეთოთ, რომ იყოთ არაობიექტურები და ჩირქი მოსცხოთ სასამართლო სისტემას. ჩემი მონაცემებით და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი, სასამართლოს დისკრედიტაციისათვის. ამ დროს, ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ გამოიყენონ ბესო ალავიძე. მე ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა სკანდალურ გახდეს, ვინაიდან, აბსოლუტურად აბსურდულია“, - აცხადებს ლევან მურუსიძემ.

მისი განმარტებით, სხვადასხვა დროს, ბესარიონ ალავიძემ და კიდევ სხვა მოსამართლემ პროკურატურაში ჩვენება მისცეს, სადაც განაცხადეს, რომ რომ მათ მიმართ არა მარტო, "რუსთავი2“- ის საქმეზე, არამედ არც ერთ საქმეზე ზეწოლა არ ყოფილა.

"ბესარიონ ალავიძეს, როგორც ჩანს უნდა პოლიტიკური თავშესაფარი, წინა პლანზე გამოჰყავს საკუთარი ოჯახი ამბობს, რომ, ვითომ მის სიცოცხლეს ან მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრება, თქვენ გჯერათ, რომ ჩვენგან საფრთხე ემუქრება მას ან მის ოჯახის წევრებს? ამ აბსურდზე უნდა ვილაპარაკოთ? რაზე ვმუშაობთ, სადმე დავხვდებით ბესო ალავიძეს, მის ოჯახის წევრებს და ავაწიოკებთ, თუ რას ვუზამთ? ეს გათვლილია იმისათვის, რომ თავშესაფარი უნდა. ხვდება ვიღაც გარკვეულ პირებს, ისინი ეუბნებიან, მიდი ახლა და სასამართლოს ლაფი შეასხი. უზენაესი მოსამართლეობის ვადა 6 თვით რომ გაუგრძელეს, მაშინ არ იყო "კლანი“?“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ გადაცემა "დროებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ე.წ. კლანისა და ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ მოსამართლეები, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

"ხდებოდა მოსამართლის დაბარება სადმე კაბინეტში კაფეში, ქალაქში რესტორანში ან ასე შემდეგ და პასუხის მოთხოვნა მისთვის, რატომ იღებს ის ასეთ გადაწყვეტილებებს და რატომ ფიქრობს ან არ ფიქრობს ისე როგორც ეს მათ უნდათ, ან რატომ აქვს განსხვავებული აზრი და თუ არ შეიცვლის აზრს შეექმნება პრობლემები, იქნება იზოლირებული საკუთარი კოლეგებისგან. ეს არის ქუჩური გარჩევა“, - აცხადებს ალავიძე.