ავტორი:

"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან

"ოთხ დღეში 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა. გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს" - საზღვაო ქვეითები პუტინს ალყიდან გამოყვანას ეხვეწებიან
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

წყნარი ოკეანის სანაპიროზე უპრობლემო დესანტირებას დაჩვეული რუსი საზღვაო ქვეითები, ეხლა უკრაინის სტეპებში ალყიდან სასწრაფო გამოყვანას ეხვეწებიან პუტინს...

უკრაინის მიწაზე მიმდინარე ცხრათვიანმა ომმა, რომელსაც კრემლში "მორცხვად" "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეძახიან (თუმცა ამ მასშტაბის საბრძოლო მოქმედებები ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არც უნახავს), რუსეთის არმიის ძალიან ბევრი მიჩქმალული პრობლემა გამოავლინა, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ აგვისტოს ომში გამომჟღავნდა.

მათ შორისაა რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დონის მეთაურების მიერ დანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის ისეთ პირდაპირ იერიშებზე გაგზავნა, სადაც თავიდანვე ცხადია, რომ დიდი მსხვერპლი ექნებათ...

მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის გენერალიტეტი ვერ "ღალატობს" ჯერ კიდევ ბოლშევიკი კომისრების ტრადიციას, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ათასობით წითელარმიელს (მათ შორის - ჩვენს პაპებსაც) შეაკლავდნენ რაღაც უსახელო სიმაღლის ჯიუტად რამდენჯერმე იერიშს, მიუხედავად იმისა, რომ იმ გორაკზე წითელი დროშის აფრიალებას არაფერი ტაქტიკური უპირატესობა არ მოჰქონდა, თუმცა, სამაგიეროდ, ამ დანაშაულებრივი ბრძანების გამცემი კომისრები მორიგ ორდენს ჩამოიკიდებნდნენ ...

რუსეთ-უკრაინის ცხრათვიანი ომის განმავლობაში არაერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომლებიც რუსი ოკუპანტების პროპაგანდისტების მიერ საგულდაგულოდ იჩქმალებოდა, მაგრამ ბოლო შემთხვევამ თვით ისინიც კი ღიად აალაპარაკა, მას შემდეგ, რაც რუსმა საზღვაო ქვეითებმა მუდარის წერილი გააგზავნეს ხვეწნით... ჩვენი გენერლებისგან განწირულებს იქნებ თავად პუტინმა გვიშველოს უკრაინელების ალყიდან გამოსაღწევადო...

...ოთხ დღეში მარტო ჩვენი ბრიგადიდან 300 კაცამდე დაგვეღუპა, დაგვეჭრა და უგზო-უკვალოდ დაგვეკარგა, საბრძოლო ტექნიკის 50% გაგვინადგურეს, გენერლებმა მურადოვმა და ახმედოვმა გაგვწირეს, იმისთვის, რომ თვითონ რუსეთის გმირის ორდენი ჩამოიკიდონ, შეგვყარეს პავლოვკაში, რომელსაც ზემოდან უგლედარი გამოჰყურებს და უკრაინელები დღედაღამ გვცხრილავენ... გთხოვთ, მიმართოთ უმაღლეს მთავარსარდალს, რომ გვიშველოს და ამ ალყიდან გამოგვიყვანოსო - დაახლოებით ამ შინაარსის წერილი გაუგზავნეს რუსეთის პრიმორსკოეს მხარის გუბერნატორს წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის იმ მებრძოლებმა, რომლებიც უკრაინის ფრონტის დონეცკის მონაკვეთზე, უგლედარის შეტევისას სოფელ პავლოვკასთან, უკრაინელების ალყაში სასიკვდილოდ განწირულ "ტომარაში" აღმოჩნდნენ.

არადა, ამ ბრიგადის მებრძოლებს მშიშრებს ვერ უწოდებ, რადგან ომის პირველი დღეებიდან იბრძვიან და უკვე 28 მარტს ანუ უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, რუსეთის შეირაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა - პუტინმა ამ ბრიგადას "გვარდიულის" საპატიო სახელიც კი მიანიჭა.

ვინ არიან გენერლები მურადოვი და ახმედოვი, ვისაც რუსი საზღვაო ქვეითები სასაკლაოზე სპეციალურად შერეკვისთვის ბრალს ასე ღიად სდებენ?