ავტორი:

"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა

"გულის პრობლემის გამო ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაინც გავბედეთ..." - გია ხუხაშვილის ცხოვრების მთავარი ამბები: ოჯახი, მეგობრები, პოლიტიკა

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მათემატიკის შესწავლას წლები მიუძღვნა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სპეციალობით არ უმუშავია, არადა, დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამეცნიერო მიმართულებით დიდი გეგმები ჰქონდა. როგორც ამბობს, მათემატიკამ აზროვნების და ანალიზის განსხვავებული უნარები შესძინა, მაგრამ არ ნანობს, რომ საყვარელ დარგს საბოლოოდ უარი უთხრა.

"ანგელოზი არავინაა, შეცდომები დაგვიშვია, გადაცდომებიც გვქონია, მაგრამ "წითელი ხაზები“ ყოველთვის დასაცავია... სახელმწიფო ინტერესზე მაღლა არც პირადის და არც პოლიტიკურის დაყენება არ შეიძლება. სამწუხაროდ, ამ "წითელ ხაზს“ საქართველოში ძალიან ცოტა იცავს,“ - გვეუბნება გია ხუხაშვილი. საზოგადოების წინაშე ის ცოტა ხანში თავისი ახალი წიგნით წარდგება, რომელსაც ახლა დიდი მონდომებით და ინტერესით წერს.

მანამდე კი გია ხუხაშვილი ambebi.ge-ს სტუმარია რუბრიკაში "ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“.

  • ბავშვობის ნათელი დღეები

- ვცხოვრობდი თბილისურ მრავალეთნიკურ ეზოში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი მყავდა. არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომელიც დროს ეზოსა და თამაშში ატარებდა. საკმაოდ ღრმა პატარაობიდან კითხვა მიყვარდა, თან იმდენად, რომ დედაჩემი ამის გამო ხშირად უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდა. ფაქტობრივად, ეზოში ძალით მიშვებდა. ღამე რომ არ მეკითხა, სინათლეს მიქრობდნენ და როდესაც წიგნს ვერ ველეოდი, ხშირად საბნის ქვეშ, ფრანის შუქზე ჩუმად ვკითხულობდი.

...დიდუბეში ვცხოვრობდი, 60-იანი წლების სტანდარტული პროექტის ოროთახიან, მოკრძალებულ ბინაში. მაშინ ყველა ასე ცხოვრობდა, რაც ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო ჯანსაღს ხდიდა... ვიყავით მე და ჩემი უფროსი ძმა. ის ჩემგან განსხვავებით ეზოზე იყო ორიენტირებული და კითხვა ნაკლებად უყვარდა. დღემდე ასე გრძელდება, ის სოციალურად აქტიურ ცხოვრებას ეწევა, სულ მოძრაობს, ადგილზე ვერ ჩერდება, უყვარს ქეიფი, მე კი უმეტესად კამერული ცხოვრების მოყვარული ვარ.

  • ქუჩა, უბანი და მათემატიკა

- მაშინ ქუჩა არ იყო კრიმინალიზებული, შედარებით მშვიდად ვცხოვრობდით. თუ რამ დანაშაული ხდებოდა, ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ვსწავლობდი უბანშივე, მე-100 სკოლაში. მერვე კლასში კომაროვის სკოლაში ჩავაბარე და სწავლა იქ განვაგრძე.

მათემატიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. კომაროვში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ეს საგანი მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა (იმჟამად სამედიცინოზე სწავლა ძალიან პრესტიჟულად მიიჩნეოდა), ჩემი გავიტანე, ხასიათი გამოვავლინე და მათემატიკურზე ჩავაბარე. დედა გამოცდაზე რომ მიშვებდა, შინ ლოცულობდა, რომ ჩავჭრილიყავი. მაგრამ მისი სურვილი არ ახდა, დავამთავრე უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. შემდეგ იყო ასპირანტურა, დისერტაცია.

დისერტაცია მოსკოვში დავიცავი, რადგანაც იმჟამად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო. თბილისში გეგმებით ჩამოვედი, რომ უნივერსიტეტში სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემაში დამეწყო მუშაობა, მაგრამ ვიდრე ამ გზას დავადგებოდი, 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა.

  • შეცვლილი გეგმები

- იმ საზოგადოებრივად აქტიურ გარემოში, პოლიტიკურ წრეებში ჩემი მომავალი მეუღლის მეშვეობით მოვხვდი, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი დაზარალებულია... ამიტომ, ისე მოხდა, რომ საქმიანობა სპეციალობით ვერ დავიწყე. ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათემატიკისთვის მიძღვნილი წლები ამაოდ დაიკარგა... აზროვნების ალგორითმები იმ პერიოდში ჩამომიყალიბდა, რაც შემდგომ ცხოვრებაში გამომადგა.

  • ცხენოსნობა

- სტუდენტობის პერიოდში პარალელურად ცხენოსნობით ვიყავი დაკავებული. ძალიან სერიოზულად ვიყავი გატაცებული, იპოდრომზე დიდ დროს ვატარებდი. იქ ყოველ დღე დილას, 6 საათზე მივდიოდი, ვავარჯიშებდი, რამდენიმე ცხენი გამომყავდა და ვავარჯიშებდი, ვბანდი, ვაჭმევდი. მერე ტანსაცმელს გამოვიცვლიდი და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში ლექციებზე მივდიოდი. მეტსაც გეტყვით, დიპლომის დაცვის მნიშვნელოვან დღეს იპოდრომზე მისვლა ვერ გამოვტოვე. მერე ჩავიცვი პიჯაკი და დიპლომის დაცვაზე წავედი... მოყვარულთა დოღებშიც ვმონაწილეობდი... მეგობრების კარგი წრე მყავდა, ხშირად დავდიოდით ლაშქრობებში, იმ პერიოდთანაც ბევრი კეთილი მოგონება მაკავშირებს.

  • ეროვნული მოძრაობა

- 9 აპრილის მოვლენებმა ჩემი შემდგომი ცხოვრება გასაზღვრა. მომავალი მეუღლე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახლდათ და მეც იმ წრეში აღმოვჩნდი. დაიწყო ჩემი მეგობრობა გარკვეულ ჯგუფთან (თედო პაატაშვილი, მერაბ ურიდია, მალხაზ კვანჭილაშვილი და სხვ.) საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული. "მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნებში რომ გაიმარჯვა, იმ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. მერე უზენაეს საბჭოშიც აღმოვჩნდი. საგარეო საქმეთა კომიტეტში გახლდით, რომლის თავმჯდომარე თედო პაატაშვილი იყო...

ისე მოხდა, რომ ოპოზიციაში გადავინაცვლეთ, რაღაცები არ მოგვწონდა, არ ვეთანხმებოდით. დიდი წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით. სამოქალაქო ომამდე ჩვენმა ჯგუფმა წერილი - "კვანძი მალე გაიხსნება“ გამოვაქვეყნეთ, ყველა მხარეს ვაფრთხილებდით, მაგრამ პროცესი ისე შორს იყო წასული, რომ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენ იმ დაპირისპირებაში არ ვმონაწილეობდით.

  • ტაიმ-აუტი და შემდგომი საქმე

- რაღაც პერიოდის განმავლობაში პოლიტიკიდან შორს გავდექი. ქვეყანაშიც დიდი პრობლემები იყო. პატარა ბავშვი გვყავდა და გვიჭირდა, ამიტომ უფრო საყოფაცხოვრებო პრობლემებით დავკავდი... 1995 წლიდან საკონსულტაციო მოღვაწეობა დავიწყე. იმჟამად საქართველოში კონტრაბანდის სერიოზული პრობლემა იყო, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დომინირებდა, ტოტალური კორუფციის ეპოქა ყვაოდა და მუშაობა ამ თემებზე დავიწყე. მერე ნავთობპროდუქტების ლეგალურ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე გავხდი. ლეგალური ბიზნესის ინტერესებს ვიცავდი...

პოლიტიკური თემებითაც დავინტერესდი. სრულიად ცალსახა და ცხადი იყო, რომ ხელისუფლებას აღარ შეეძლო მართვა და საზოგადოებასაც აღარ სურდა ცხოვრების იმ რეჟიმში გაგრძელება. ჩამოვშორდი ნავთობპროდუქტების საკითხებს და საზოგადოებრივ პლატფორმაზე გადავინაცვლე, თანაც პოლიტიკური აქცენტებით.

  • ლიტერატურული კაფე

- "ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში წინააღმდეგობის კერები გაჩნდა და კოსტავას ქუჩაზე პირველი ლიტერატურული კაფე გავხსენი (ლიტერატურული კაფეს იდეა ჩემი შემოტანილია საქართველოში). ფართი მეგობარმა დამითმო და ბავშვობიდან შეყვარებულ წიგნს და ამ სამყაროს მივუბრუნდი. ვმართავდით ლიტერატურულ საღამოებს, ამაში ჩართული მყავდა დათო ტურაშვილი, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი. უამრავი ხალხი მოდიოდა, ტევა არ იყო, ახალგაზრდები კიბეებზე ისხდნენ... კაფეში წინააღმდეგობის კომიტეტი იყო და ხშირად საღამოები პოლიტიკური გარჩევებით მთავრდებოდა. ასე რომ, ლიტერატურული კაფე "ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი თანამონაწილე იყო.

  • "2005 წლის 23 იანვარს ჩემზე თავდასხმა მოხდა“

- ხელისუფლება რომ შეიცვალა, ურთიერთობა ზურაბ ჟვანიასთან მქონდა, საკმაოდ ახლოს ვიყავით და მისი თხოვნითა და რეკომენდაციით რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოში მივედი. იქ კორუფციის ჭაობი იყო, სერიოზული რეფორმა იყო გასატარებელი, მერე დირექტორიც გავხდი... იქაც დაიწყო არსასურველი ტენდენციები, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, რკინიგზა დავტოვე. ამაზე საჯარო განცხადებაც გავაკეთე. 2005 წლის 23 იანვარს ჩემზე თავდასხმა მოხდა. 10 დღეში კი ზურაბ ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა...

ეს იყო ბოლო წერტილი და იმჟამინდელ რეჟიმთან სისტემური ოპონირება დავიწყე. რაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა.

  • საკვანძო ფიგურა

- ზურაბ ჟვანია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბევრ ტრაგედიას ავცდებოდით. ზურაბი და მიშა როგორც ცეცხლი და წყალი, ისე იყვნენ. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი შეხედულების, ტემპერამენტის, ფსიქოლოგიის ადამიანი, ამიტომ ერთმანეთს ავსებდნენ. ეს იმის ფაქტორი იყო, რომ სისტემას არ გაემეორებინა წარსულის შეცდომები და ნორმალურად გაგვევლო რეფორმების პერიოდი. კი, ზურა სერიოზული შემაკავებელი ფაქტორი იყო. რომ დაიღუპა, დაიწყო ის, რაც დაიწყო... საერთოდაც იმ პროცესში ზურას ფაქტორის გამო შევედი. მიხეილ სააკაშვილი მისი გადაჭარბებული პოპულიზმის, ექსპრესიის გამო თავიდანვე არ მომწონდა. არადა, სახელმწიფო მართვაში სიბრძნეა საჭირო. მიშა ნიჭიერია, აქვს კარგი ალღო, მაგრამ სიბრძნის გამოცდილება მასში მაინცდამაინც არ არის. აკლდა გარჩევა, - სად არის პოლიტიკური ინტერესი და სად - სახელმწიფო, რაც არაერთხელ გამოუვლენია...ზურას დაღუპვის შემდეგ სავსებით ცხადი გახდა, რომ ჩვენი - ჩემი და ხელისუფლების გზები გაიყარა.

  • პოლიტიკოსი მეგობარი

- თუ მეგობარში ვგულისხმობთ ჩვენს დამოკიდებულებას ადამიანის მიმართ, რომლის ჭირი გწყინს, კარგი გიხარია, გაჭირვებაში გვერდში უდგახარ, მიუხედავად იმისა, ერთმანეთს კვირაში რამდენჯერ ხვდებით, ასეთად ზურას მივიჩნევდი, ასევე ბადრი პატარკაციშვილს და შეიძლება, არც დაიჯეროთ, მაგრამ ბიძინასაც ასეთად მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მისი მოღვაწეობის მიმართ ძალიან კატეგორიული ვარ. ჩვენი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი ცუდი მწყინს და კარგი გამიხარდება. უნდა ვიცოდეთ, ერთმანეთისგან პირადის და საზოგადოებრივის, პოლიტიკურის გაყოფა. მე ამ დამოკიდებულებით ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ბიძინაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, მან სერიოზულად დააზიანა ქვეყნის მომავალი და ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა მაქვს იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში დაამკვიდრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მას პირადი პრობლემები შეექმნა, არ დავიცავ. კი, ეს მეგობრობის თავისებური ფორმაა, მაგრამ ვცდილობ, ვიყო ობიექტური, ვერ გეტყვი, რომ ეს ბალანსი ყოველთვის კარგად გამომდის, მაგრამ ვცდილობ.

იგივე დამოკიდებულება მაქვს ჩემს ძმასთან დაკავშირებით და საერთოდ მათთან, ვინც ჩემს გვერდითაა. უბრალო გადაცდომასაც ვერ ვპატიობ, არ შემიძლია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ძმა არ მიყვარს ან მის გვერდში არ ვიდგები, როცა დასჭირდება. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მქონდა დიდი შესაძლებლობები, შემეძლო, ნეპოტისტური მიდგომით, ძმისთვის ან ნათესავისთვის რაღაც გამეკეთებინა, დამესაქმებინა ან ბიზნესის კეთებაში დავხმარებოდი, ეს არასდროს გამიკეთებია. აზრადაც არავის მოსვლია, ჩემთვის მსგავსი თხოვნით მოემართა. თუ ადამიანს უჭირს და შესაძლებლობა მაქვს, მატერიალურად შემიძლია დავეხმარო, სულ ეს არის...

  • ბიძინა ივანიშვილი

- მისდამი ადამიანური ემოციები მაქვს. ურთიერთობაში მისგან ძირითადად კარგი მახსოვს. თუ ჩვენ პოლიტიკაზე კამათებს და მსოფლმხედველობრივ თუ კონკრეტულ თემებზე დაპირისპირებას არ ჩავთვლით, ხშირად ვკამათობდით. ვერტიკალური ურთიერთობა არ გვქონია, როგორიც მასთან "ქართული ოცნების" დღევანდელ ელიტას აქვს. პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა და ამა თუ იმ საკითხს კამათისას განვიხილავდით (ის კამათებიც კარგად მახსენდება). გარდა ამისა, მადლიერების გრძნობა მაქვს. ჩემთვის ბევრი კარგი გაუკეთებია. მისი დამოკიდებულება ჩემი ოჯახისადმი განსაკუთრებულია.

რთული პროცესი მიდიოდა. ჩემი შვილი ისეთ ასაკში იყო, რომ შეიძლებოდა პროვოკაციაზე წამოეგოთ, ამიტომ ოჯახი გავხიზნე... მერე ჩემი მეუღლე აღმოჩნდა სასწრაფოდ საოპერაციო. ბიძინასთვის არ მითქვამს, მაგრამ სხვისგან გაიგო. ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა, ფაქტობრივად, მეუღლისთვის ამის გაკეთება დამაძალა... ეს ისეთი რამ არის, რომ არანაირი მატერიალურით არ გაიზომება. სხვა ვალდებულებაა, რომელსაც ვერასდროს გადავიხდი, შეუფასებელია. ამას ვგრძნობ და ამიტომ არის ჩემი მდგომარეობა რთული, ჩემი ხისტი კრიტიკა არ გადაიზარდოს პიროვნულში. სხვა მხრივ, არ ვფიქრობ, რომ მატერიალურიდან გამომდინარე, მისი რაიმე ვალი მაქვს. მას რაც შეეძლო, იმას აკეთებდა და მე რაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი. რადგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვმონაწილეობთ, არ გვაქვს უფლება, არჩევანი პირადი ურთიერთობის სასარგებლოდ გავაკეთოთ. როდესაც ეს დილემა გაჩნდა, არჩევანი საზოგადოებრივი ცხოვრების სასარგებლოდ და შეიძლება ითქვას, მეგობრის საწინააღმდეგოდ გავაკეთე.

ფასეულობათა სისტემა დღესაც უცვლელია და ამ სისტემის ერთგული ვარ. თუ ვინმემ გადაუხვია, მან გადაუხვია და გათელა ფასეულობათა ის სისტემა, რაზეც იდგა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობა. არ მიღალატია, სადაც ვიყავი, ისევ იქ ვარ. ჩვენი ურთიერთობა მისადმი პირად ერთგულებაზე არ მდგარა.

  • უარი შემოთავაზებაზე

- ჩემი გადაადგილება საკმაო ხიფათთან იყო დაკავშირებული და როდესაც ოჯახის გახიზვნა გადავწყვიტე, ბიძინამ შემომთავაზა, ქვეყნიდან კი არ გამეყვანა, მასთან გადავსულიყავით და იქ გვეცხოვრა. ამაზე უარი ვუთხარი. ჩემი ოჯახი იმისთვის არ მემეტებოდა, რომ ერთ ტერიტორიაზე გაურკვეველი დროით ყოფილიყვნენ, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში. მშვიდად რომ ეცხოვრათ, ქვეყნიდან გავუშვი. შემდეგ იყო შემოთავაზება, მე მაინც მეცხოვრა მასთან, ამაზეც ვერ დავთანხმდი, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით...

  • ბადრი პატარკაციშვილი

- არც ბადრი და არც ბიძინა ჩემი ინიციატივით არ გამიცვნია... საერთოდ ეჭვის თვალით ვუყურებდი ერთსაც და მეორესაც. ჩვენი ურთიერთობა მათი სურვილით მოხდა, რაც შემდგომ მეგობრობაში გადაიზარდა. ბადრისა და ჩემი ურთიერთობა უნიკალური იყო, რადგანაც მის ორბიტაზე ყველა რაღაც ინტერესის ირგვლივ იკრიბებოდა. ხშირად ვხვდებოდით სადილებზე, დროს საუბრებში ვატარებდით. მასთან არ მითანამშრომლია, ეს იყო უბრალოდ მეგობრობა და საუბრები. ფული ჩვენს ურთიერთობაში არასდროს გამოჩენილა. დღეს არავის უნდა ამის დაჯერება, რომ ამ ურთიერთობებით მატერიალური სიკეთე არ მქონია. სხვათა შორის, არც ბიძინასთან ურთიერთობისას, მეტიც, მას მერე, რაც გადავწყვიტე, რომ ივანიშვილთან ერთად ამ პროცესებში ჩავრთულიყავი, მხოლოდ ვიზარალე.

მანამდე სერიოზული საქმე მქონდა, ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონტრაქტით ვმუშაობდი და ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა. ამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, ჩემი შემოსავალი იმის მესამედი გახდა. ის, რომ მილიარდერებთან ურთიერთობით რაიმე მოგება მივიღე, სისულელე და ტყუილია. ვინც ჩემი ცხოვრების წესი იცის, ეს ყველასთვის აშკარაა, მაგრამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქერის ორმოში იჯდე და იქიდან რაღაც არ იხეირო.

  • ოჯახი

- ჩვენი ოჯახის შექმნას წინ საკმაოდ რომანტიკული ისტორია უძღოდა...

ჩემი მეუღლე მელანო კოპაძე პროფესიით ექიმია, მაგრამ როცა შევუღლდით, ქვეყანაში რთული პერიოდი იყო. შეგვეძინა შვილი, ბიჭი... თუმცა მის დაბადებამდე ბეწვის ხიდზე გავიარეთ. მეუღლეს გულის ქრონიკული პრობლემა ჰქონდა (ოპერაცია შემდგომ წლებში სწორედ ამის გამო დასჭირდა), ექიმები არ იძლეოდნენ რეკომენდაციას, რომ შვილი გაეჩინა, სარისკო იყო, მაგრამ მაინც გავბედეთ... ჩემი შვილი ახლა უკვე მამაა და 2 შვილი ჰყავს...

ასე რომ, იყო პრობლემები... გარდა ამისა, მისი მშობლები ავადმყოფობდნენ, მატერიალურად მოკრძალებული შესაძლებლობები გვქონდა, ამიტომ, მეუღლეს იმ პრობლემების გადალახვა პირადად უწევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ რომ ემუშავა, ამისთვის ფიზიკური შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ასე შემორჩა სახლში.

  • "გაინტერესებთ, მაკრიტიკებს, თუ - არა?“

- თუ რამე არ მოსწონს, რბილად მეუბნება, თუმცა ამ მხრივ უფრო პოზიტიური როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე კრიტიკოსის. ფაქტობრივად, ყველა ხელისუფლების პირობებში ფრონტის წინა ხაზზე ვარ. სამოქალაქო აქტივისტის საქმე არ არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. ნებისმიერი ხელისუფლების კრიტიკოსი უნდა იყოს. ჩემს ცოლს არასოდეს უთქვამს, რომ ამისთვის თავი დამენებებინა... ერთი პერიოდი "რუხ კარდინალსაც“ მეძახდნენ... დანის პირზე ასე სიარულისას ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. ამ მხრივ პრობლემები არ გვქონია, თუმცა რაღაცები არ მოსწონდა, დღესაც არ მოსწონს. ზოგჯერ ჩემს გამოსვლებში ნარცისიზმის ელემენტებს ხედავს. კრიტიკულად უყურებს ჩემს თითოეულ სიტყვას.

იმის გამო, რომ ბიძინასთან ოჯახებით ახლოს ვიყავით, საჯარო გამოსვლისას ბიძინას რომ ვაკრიტიკებ, ადამიანური უხერხულობის განცდა აქვს. მეუბნება, რომ ვაჭარბებ, თავშეკავებული უნდა ვიყო...

  • შვილი

- ჩემი შვილი - ლუკა ფსიქიატრია, საქართველოში ექიმების მდგომარეობა ცნობილია და მასაც რამდენიმე ადგილზე უწევს მუშაობა, რომ ოჯახი შეინახოს. ის არ არის ორიენტირებული რაღაც მატერიალურ სარგებელზე, ფუფუნებაზე... დარწმუნებულია, რომ სწორი არჩვენი გააკეთა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩემი მხრიდან პატივისცემას იმსახურებს. სირთულეები არის ურთიერთობაში, მოგეხსენებათ, რთული პერიოდი იყო, ჩემი საქმიანობის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია. უსაფრთხოების პრობლემა მუდმივად იდგა და ეს შეზღუდვები მასზეც გადადიოდა. ეს ჩემი დანაშაულია მის მიმართ. თუმცა მაინც გაიკვლია თავისი გზა, აქვს პროფესია, რომელიც უყვარს. ჰყავს საყვარელი მეუღლე და 2 შვილი.

პოლიტიკისგან დისტანცირებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა არ აინტერესებს, მეტსაც გეტყვით, ძალიან ჭკვიანია, ხშირად გაუკეთებია ისეთი შეფასებები, რასაც იმ პერიოდში მე ვერ ვხედავდი. მათ შორის, ჩემი ურთიერთობის შესახებ ბადრისთან, ბიძინასთან, უკეთესად დაუნახავს, გავუფრთხილებივარ და როგორც დრომ აჩვენა, ხშირად მართალიც ყოფილა... არადა, იმ მომენტებში არ ვუჯერებდი...

  • წიგნი, რომელსაც ვწერ...

- ვწერ წიგნს, ეს იქნება ჩემი თვალით და შიგნიდან დანახული საქართველოს უახლესი ისტორია. პოლიტიკურ პროცესებს აღვწერ ისტორიისთვის საკვანძო ფიგურებთან პირადი ურთიერთობის პრიზმაში. ვინც კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნის ისტორიას, იგივე, ზურა, ბადრი, ბიძინა, - ეს არ არის უბრალოდ ისტორია - ეს პირადი ურთიერთობის ბაზას, დისკუსიებს, სწორ გადაწყვეტილებებს დაეფუძნება და ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიის შიგა ანატომია იქნება. მკითხველი ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენს, რომლის შესახებაც არაფერი იცის, ამიტომ, გარკვეულწილად, ბევრისთვის ექსკლუზივი და დიდი სიურპრიზი იქნება. წიგნს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს.