ავტორი:

"ნიკა გვარამია დაკავებულია ივანიშვილის მიერ - არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავა" - ზურა ჯაფარიძე

"ნიკა გვარამია დაკავებულია ივანიშვილის მიერ - არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავა" - ზურა ჯაფარიძე

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი "მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ არ წასულა და არც ახლა წავა.

"არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ წავა. მან შეიძლება გააკრიტიკოს ღარიბაშვილი, კობახიძე და კიდევ სხვადასხვა დონის მსახურები, მაგრამ ის ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ არ წასულა და არ მგონია, წავიდეს. ჩემი აზრით, გვარამია ჩასმულია ივანიშვილის მიერ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო 12 პუნქტიდან ერთ-ერთია და მისი შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიღოს.

"ეს პუნქტი ჩაიწერა ნიკა გვარამიას გამო და იმის გამო, რომ რიგი ოპოზიციურად ან კრიტიკულად განწყობილი მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული და სასამართლო მიმდინარეობს. შესაბამისად, რასაც "ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული არშესრულება ამ პუნქტის, რაც ნიშნავს უარის თქმას ამ ქვეყნის ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.