ავტორი:

"მოვუწოდებ შსს-ს, განმარტება გააკეთოს, რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი," - ნიკა მელია

"მოვუწოდებ შსს-ს, განმარტება გააკეთოს, რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი," - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელის განცხადებით, რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში ქართველებს შეურაცხყოფას აყენებდა, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვია.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.

ნიკა მელია ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება, თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.

"რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც "რუსული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე. დღეს ის უკვე არის თავისუფალი, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე. პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის "Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები.

კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?! მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადა მელიამ.