ავტორი:

"შეიძლება მართლა შეცდომა დავუშვი... არ მოველოდი საქართველოდან ასეთ ნეგატივს" - რას ამბობს ნინო ანანიაშვილი რუსეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებასა და შემდგომ ნათქვამ უარზე

"შეიძლება მართლა შეცდომა დავუშვი... არ მოველოდი საქართველოდან ასეთ ნეგატივს" - რას ამბობს ნინო ანანიაშვილი რუსეთში სამუშაოდ წასვლის გადაწყვეტილებასა და შემდგომ ნათქვამ უარზე

პრიმა-ბალერინა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი დავით გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა. ხელოვანს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა არასწორ დროს ნოვოსიბირსკის თეატრის დასის ხელმძღვანელად წასვლა...

ნინო ანანიაშვილი:

"არ იყო არასწორი დრო, რადგან ბალეტის სამყარო სულ სხვაა. მთელი ევროპა, ყველა ერთ საქმეში იყო, საერთო საქმეს აკეთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სანქცირებული იყო რუსეთი. ჩვენი დრო არის ახლა. მე ვერ დავწერ ნახატს, რომელიც შეფასდება 60 წლის შემდეგ, ბალეტი ფასდება დღეს და ახლა... ჟურნალისტებმა იციან, როგორ არიან ჩემი მსახიობები? - არც ინტერესდებით, მარტო ყველაფერს შორიდან უყურებთ. მე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ამ ადამიანებზე.

მე მქონდა შემოთავაზებები უცხოეთიდან, რომ თეატრი დამეტოვებინა, ძალიან დიდ ხელფასს მთავაზობდნენ. უარს ვამბობდი, რადგან ამ პერიოდში რაც შევქმენი, ამის დატოვება არ მინდოდა. თეატრის გახსნამდე წარმოდგენა არ გქონდათ რა პირობებში ვიყავით. კაბინეტი არ მქონდა. დათო დოიაშვილთან ბიჭების ტუალეტში და აბაზანაში შევდიოდით...

რაც შეეხება შემოთავაზებას რუსეთიდან, ეს იყო იმ სპექტაკლების გაცვლა, რასაც ვეღარ ვდგამთ აქ ფინანსურად, მოგვაქირავებდნენ მინიმალურ ხარჯებზე დეკორაციებს. მსახიობები იქაც იცეკვებდნენ და აქაც. შეიძლება მართლა შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა ყველასთვის კარგი. დადგმების შედეგად, რომლებიც აქაც გაკეთდებოდა და იქაც, ჩემი მსახიობების ხელფასები გასამმაგდებოდა. თან ეს იყო პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანა იყო დაკეტილი.

ნამდვილად ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა რისკი... არ მომეწონა ის სიტუაცია, რაც აქ ააგორეს ქართველებმა. სპორტში რატომღაც ეს სხვანაირად არის და ხელოვნებაში - არა... ამ შემთხვევაში მე ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ სხვა ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებად მივიჩნიე. მე აქ ვრჩებოდი, ისინი არ მეუბნებოდნენ, რომ იქ გადავსულიყავი...

ყველაზე ბედნიერი მამაჩემია, უარი რომ ვთქვი და არ წავედი... აქ რომ არ ატეხილიყო ეს ამბავი და წავსულიყავი, შეიძლება ვერც გამეძლო და ერთ წელიწადში უკან დავბრუნებულიყავი. ვიცოდი, რომ ნეგატივი იქნებოდა, მაგრამ არ მოველოდი საქართველოდან ასეთ ნეგატივს. მოსახლეობის უმრავლესობამ მაინც გაიგო და მხარი დამიჭირა. მაშინ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ახლა პანდემიამ გადაიარა და გასტროლების აღდგენის საშუალება მოგვეცა".

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გამხდარიყო პირველი ლედი (შეგახსენებთ, რომ მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს), მაშინ როგორ მოიქცეოდა, ანანიაშვილმა უპასუხა:

"რას მეკითხებით, ისეთ რაღაცას მეკითხებით... ამ დროს პოლიტიკურად სულ სხვა დატვირთვა გაქვს, განხილვადიც არ იქნებოდა..."

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა. თუმცა მალე ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია, ახალი ხელმძღვანელის დასთან წარდგენამდე, ეს უპატივცემულობა იყო, რის საფუძველზეც კონტრაქტი შეაჩერეს.

"მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ). თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, - ვკითხულობდით ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებაში.