ავტორი:

მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"

მასკის დიქტატურა "ტვიტერზე": სოციალურ ქსელს ვარსკვლავები და ცნობილი ბრენდები ტოვებენ: "ის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს"

Twitter-ის სათავეში მილიარდერი ილონ მასკის მოსვლას, საიტზე უამრავი ცვლილება მოჰყვა. სამწუხაროდ, ამ რეფორმებით მხოლოდ "ტესლას" დირექტორია კმაყოფილი. მასკის გატარებულ რეფორმებს მოჰყვა კრიტიკოსების უკმაყოფილება, ცნობილი ადამიანების, უდიდესი კომპანიების და სოციალური ქსელის მომხმარებლების პროტესტი. მასკის "ტვიტერის" სათავეში მოსვლიდან სულ რაღაც 10 დღეა გასული, მაგრამ ყოველი დღე ახალ-ახალ ცვლილებას და სკანდალს სთავაზობს სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ახალი დირექტორი საიტის ფარგლებს სცდება და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს: მასკი თავის 100 მილიონზე მეტ გამომწერს მოუწოდებს, რომ არჩევნებზე თავიანთი ხმა რესპუბლიკელებს მისცენ.

მასკმა "ტვიტერის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, პარაგ აგრავალის და სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელების გათავისუფლებასთან ერთად, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ნახევარი, დაახლოებით 3 700 ადამიანი სამსახურებიდან გაუშვა. როგორც თვითონ ამბობს, კომპანია, ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავდა და ხარჯების შესამცირებლად სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ამას გათავისუფლებულთა პროტესტი და სასამართლოში ჩივილიც კი მოჰყვა.

ტონი ბრექსტონი

კვირას მასკმა განაცხადა, რომ საიტი სამუდამოდ გააუქმებს ყველა იმ ანგარიშს, რომელიც სხვა ადამიანის ვინაობას იჩემებს. კომიკოსი ქეით გირიფინი სწორედ ამ ადამიანების რიცხვში მოხვდა, რადგან მან ხუმრობით ილონ მასკი დაიწერა და მილიარდერის ფოტო დაიყენა "ტვიტერზე“.

მასკმა კვირასვე დაპოსტა, რომ "Twitter-ი მსოფლიოში ყველაზე ზუსტი ინფორმაციის წყარო უნდა გახდეს“. ის ასევე ამბობს, რომ საიტზე სიტყვის თავისუფლებაა, რაშიც ბევრი ადამიანი არ ეთანხმება.

55 წლის ტონი ბრექსტონმა, რომელიც ცნობილი ტრეკის, “Un-Break My Heart”-ის შემსრულებელია, "ტვიტერიდან" წასვლამდე დაწერა: "შოკირებული და შეძრწუნებული ვარ იმ "სიტყვის თავისუფლებით“, რომელსაც ამ საიტზე ვხედავ. Twitter-იდან წასვლას ვამჯობინებ, რადგან ის ჩემთვის, ჩემი შვილებისა და სხვა ფერადკანიანი ადამიანებისთვის უსაფრთხო სივრცეს აღარ წარმოადგენს".

ცნობილმა ადამიანებმა "ტვიტერი" იმის შიშით დატოვეს, თუ როგორი შეიძლება გახდეს საიტი მილიარდერის ხელში გადასვლის შემდეგ. ამაზე ილონი წარბს არ იხრის და მათ უმეტესად ცინიკური კომენტარებით პასუხობს . იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებმაც "ტვიტერის" ახალ დირექტორს პროტესტი გამოუცხადეს, ჯიჯი ჰადიდიცაა. 27 წლის მოდელმა 10.4 მილიონი გამოწერის მქონე ანგარიშის გაუქმებამდე დაწერა, რომ Twitter-ი ახალი ლიდერის ხელმძღვანელობის ქვეშ სიძულვილის და ფანატიზმის ბუდედ იქცა.

სტივენ კინგი

ამერიკელმა მწერალმა, სტივენ კინგმაც გამოხატა ცვლილებებით უკმაყოფილება და განაცხადა, რომ საიტს დაუფიქრებლად დატოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მასკის 8$-იანი ვერიფიკაციის რეფორმა ძალაში შევიდოდა. ამ ცვლილების მიხედვით, ყველა ადამიანს შეეძლება "ტვიტერის" ანგარიშზე ლურჯი ნიშნის ქონა, თუ ისინი ყოველთვიურად 8$-ს გადაიხდიან. კომპანიის ცნობით, ეს ცვლილება ძალაში 9 ნოემბრიდან, არჩევნების ჩატარების შემდეგ შევა.

მასკის Twitter-ის სათავეში მოსვლამ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია უამრავ წამყვან კომპანიაშიც, რომლებიც უფლებადამცველი ჯგუფების ზეწოლის ფონზე იძულებულები გახდნენ, რომ საიტზე რეკლამების განთავსება შეეწყვიტათ. ამ კომპანიებს შორისაა: Audi, General Mills, GM, Mondelez და Pfizer. მასკმა განაცხადა, რომ ამან სოციალური ქსელის შემოსავლის მასიური ვარდნა გამოიწვია. თუმცა მასკის ძველ განცხადებაში, მილიარდერმა სურვილი გამოთქვა, რომ პლატფორმა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რეკლამაზე და სწორედ ამისთვის შემოიღო მან ვერიფიკაციის 8$-იანი საფასური.

ილონს, ახალი ინფორმაციით, გვერდში პატარა გუნდი ჰყავს, რომელიც სანდო ადამიანებისა და მეგობრებისგან შექმნა. ისინი მასკს "ტვიტერზე" თავისი იდეების განხორციელებაში ეხმარებიან. ამ გუნდშია სრირამ კრიშნანი, ინდოელი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი, კრიპტო ვალუტის ექსპერტი და "ტვიტერის" ყოფილი აღმასრულებელი, რომელმაც კომპანია გასულ წელს დატოვა. კრიშნანის პოსტის მიხედვით, ის ილონს "დროებით ეხმარება“, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ კრიშნანი მასკს თავისი doge bitcoin-ის "ტვიტერთან" ინტეგრაციისთვის სჭირდება.

სრირამ კრიშნანი

ორშაბათს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, Tufts University-ის ფლეტჩერის სკოლის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადრეული ნიშნების მიხედვით, მასკის მეთაურობაში მყოფი კომპანია "არასწორი მიმართულებით მიდის“. მათი თქმით, მასკის მოსვლის შემდეგ, სოციალურ პლატფორმაზე ექსტრემისტებმა და დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა მოიკიდეს ფეხი. კომპანიის ახალ უფროსს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა ღია წერილიც მისწერა. ტურკმა მილიარდერი გააფრთხილა, რომ "ტვიტერს" მავნე შინაარსის კონტენტის გაძლიერების თავიდან აცილების პასუხისმგებლობა ეკისრება. ილონი კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ფირმის პოზიცია მავნე მასალის მიმართ აბსოლუტურად უცვლელი დარჩება.

ამასობაში კი Twitter-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა Mastodon-ის სახით. ეს ახალი სოციალური ქსელია, რომელზეც "ტვიტერიდან" პროტესტის ნიშნად წასული ადამიანები რეგისტრირდებიან.

წყარო: nytimes

მოამზადა: ანა სიბოშვილმა