ავტორი:

"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?

"სულ ნასვამები არიან, ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - რუსი ტურისტების მწვავე კრიტიკა აფხაზეთზე, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, მათთვის ფავორიტი ადგილია?

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი რუსებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად მიიჩნევა. ekhokavkaza.com-ის ცნობით, რუსულმა ФСБ-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა, თუ რა მიმართულებით გადაადგილდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები ივლისიდან სექტემბრამდე. უწყების ინფორმაციით, რუსეთიდან გასული მოქალაქეების 70% აფხაზეთის, თურქეთის, ყაზახეთის, საქართველოსა და ფინეთის მიმართულებით გაემგზავრნენ.

"ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდი მოხსნა რუსეთიდან ყაზახეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის მონღოლეთისა და აფხაზეთის მიმართულებით გადინებამ" - ნათქვამია რუსეთის სახელმწიფო უწყების სტატისტიკაში.

რუსული მედიის ცნობით, მხოლოდ აგვისტოში, აფხაზეთში ტურისტული ვიზით ჩასვლის მსურველთა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, 25 %-ით გაიზარდა.

"ტუროპერატორების წარმომადგენლების განცხადებით, აფხაზეთის რესპუბლიკა მოგზაურების მიერ ტურების დაჯავშნისთვის ყველაზე მოთხოვნად ტოპ-ათეულში შევიდა" - წერს ekhokavkaza.com.

ФСБ-ს ცნობით, ამ ჩამონათვალშია ყაზახეთიც, რომელსაც ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეები 1,3 მილიონჯერ ეწვივნენ.

"ოქტომბერში რუსეთის ტუროპერატორებმა ადგილობრივი ტურისტებისთვის მეტ-ნაკლებად პოპულარული ქვეყნები გამოავლინეს, მათ შორის არის ეგვიპტე, თავად რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი" - წერს РИА Новости.

აფხაზების თქმით, თუ ბოლოდროინდელ ვითარებას გადავხედავთ, ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ აფხაზეთი რუსეთის ფავორიტია, ოღონდ მხოლოდ ტურისტებისთვის კი არა, ბიზნესმენებისა და ნარკორეალიზატორებისთვისაც.

მათივე თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლე აშკარად თვალშისაცემი იყო. ზაფხული დასრულდა, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც არ მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ რაც ზამთარი ახლოვდება, რეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველდღიურად მწვავდება.

"მთელი ზაფხული გვაყვედრიდნენ, რომ საშინელი პირობები გვქონდა, ძარცვავენ, აყაჩაღებენ, ატყუებენ, ამცირებენ, შეზღუდვებს უწესებენ; წუხდნენ, რომ არ აქვთ წყალი, დენი, კომფორტი, უსაფრთხოება, მაგრამ მაინც მოდიან და მოდიან... ფსოუს საზღვარზე მათი ნაკადი არ წყდებოდა, ახლაც გრძელდება, ისევე, როგორც კრიტიკა მათი მხრიდან. თურმე სანქციების ფონზე, გამოუვალი სიტუაცია შეექმნათ და ამიტომაც დასდეს პატივი აფხაზეთს. აქამდე, ჩვენი ქვეყანა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ითვლებოდა საინტერესოდ... ანუ რა ვქნათ, სხვაგან არ გვიშვებენ, თორემ აქ რა გვინდაო, გვეუბნებიან" - მიაჩნია ინტერნეტმომხმარებელ ალიას აბხაზს.

"ბუნება ძალიან ლამაზია, მაგრამ სხვა რა გითხრათ - იგივე დამხვდა რაც ხუთი წლის წინ იყოო... მითხრა ჩემმა დამსვენებელმა. ორი კვირა იყვნენ და მთელი ოჯახი ცხვირაბზუებული დადიოდა უშუქობაზე, წყლის გრაფიკზე, ინტერნეტის დაბალ სიხშირეზე... ღამე ვერ ვსეირნობთ, საშიშიაო, არ ვუყვარვართო. მაგრამ როგორც აგვისტოს ბოლოს ისევ მომადგნენ - სხვაგან ვერ მივდივართო. გამეცინა. ფული რომ არ მნდომოდა, არც შემოვუშვებდი" - წერს ანა ფილია.

  • ერთ-ერთი რუსული ტურისტული სააგენტოს ფორუმზე eva.ru-ზე რუსეთის მოქალაქე ადგილობრივი წლევანდელი დასვენების შთაბეჭდილებებზე მოყოლისას აქცენტს აკეთებს, როგორ არ ღირს აფხაზეთში ფულის ხარჯვა, არც დასვენებისთვის, არც ბიზნესისთვის და მით უფრო უძრავი ქონების შესაძენად.

"რამდენიმე დღით შეიძლება ჩასვლა, თუმცა ვერ მოასწრებთ მათი თვისებების გაცნობას, მაგრამ ჩვენ საერთაშორისო შეზღუდვების ფონზე დიდხანს ვიყავით, ღმერთო ყველა დაიფარე იმისგან, რაც ჩვენ გამოვიარეთ... სულ ახლახან დავბრუნდი იქიდან და ვცდილობთ, გონს მოვიდეთ. ბუნება მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ თავად აფხაზები... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი იყო... სულ ნასვამები, ჩვენ გვეძახდნენ ლოთებს, არადა საჭესთან ფხიზელი მძღოლი არ მინახავს. ყოველდღე სიკვდილის შესახებ მესმოდა. მეხუთე წელია აფხაზეთში დავდივართ, წელიწადში ორჯერ. მეუღლეს ასთმა აქვს და სხვა გზა არ გვაქვს. ყოველ ჯერზე მიმტკიცდება აზრი, რომ ვერ გვიტანენ. წელს იცოდნენ, რომ დიდი არჩევანი არ გვქონდა და ბოლომდე წარმოაჩინეს თავიანთი თავი... მატყუარები, ძუნწები, ჭორიკანები, ამაყობენ, რომ მართლმადიდებლები არიან. საშინლად მაღალი ფასები აქვთ. საკვები ძირითადად, ვადაგასული, რომელშიც ხან რას ვპოულობდით, ხან რას... ქართულ სამზარეულოს თავიანთად ასაღებენ" - წერს როზა ფილიპენკა.

"იმედია, ეს სტატისტიკა ბოლოა და მომავალი წლიდან შეიცვლება. რუსეთის მოქალაქეებს რეკორდი დაგვიმყარებია აფხაზეთში ვიზიტებით. ვერც კი დავიჯერე... ამ წელს მთიან აფხაზეთში სახლი შევიძინეთ, რადგან მართლაც ძალიან გყვლეფდნენ და გაუსაძლისი იყო. გულწრფელად გეტყვით, მეზობლები ვერ გვიტანენ, ქურდები ხართ, ყველაფერს ითვისებთ, ახლა ბიჭვინთაზე გიჭირავთ თვალიო. ვძულვართ, "მოსკოველ ღორები" - ეს ვართ ჩვენ მათთვის. საწყალი ტურისტები, ვინც აქ ჩამოდიან. პირველ ხანებში ეიფორია აქვთ, შემდეგ თუ დიდხანს დარჩნენ, უკვე ხვდებიან, ვისთან აქვთ საქმე. ჩემი დაკვირვებით, ყოველდღე ფუჭდებიან, უარესდებიან, ლოთდებიან და ამისგან იღუპებიან.

ტურისტები უამრავი მიზეზით იღუპებიან ან უგზო-უკვლოდ იკარგებიან. ოღონდ ამას ვერავინ იგებს. მედიას ალბათ სურს საუბარი, მაგრამ ნებას არ აძლევენ. არც ჩვენს ხელისუფლებას სჭირდება სიმართლის თქმა, არადა, რაც ხდება, რომ გამოაშკარავდეს, მიხვდებით, რომ რეკორდი კი არა, სანამ იქ ჩახვალთ, ასჯერ უნდა დაფიქრდეთ" - წერს ბალერი სეიდოვი.

მთავარი ფოტო: სპუტნიკი