ავტორი:

"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

"დედით ქართველი ვარ, მამით იტალიელი... ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, UNESCO-დან რეკავდნენ" - გაიცანით ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს მსოფლიოს აცნობს

17 წლის, დედით ქართველი, მამით იტალიელი ნიკოლო ვინჩენცო საქართველოს ფოტონამუშევრებით მსოფლიოს აცნობს. ნახევარი ცხოვრება სწორედ საქართველოში გაატარა და ამბობს, რომ დედის სამშობლო ძალიან უყვარს:

"მითხრეს, რომ UNESCO-დან რეკავდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი წარმატებით განვახორციელე, საპატიო წოდება მომენიჭა... ჩემი ერთი ფოტო მსოფლიო მასშტაბით, მოძრავი გამოფენით იქნება გამოფენილი. რამდენიმე დღის წინ ჩინეთში წარსდგა გახსნით. ფოტო, რომელიც სულ მალე მსოფლიოს მოივლის და მსოფლიო მაყურებელს ექნება საშუალება, გაეცნოს საქართველოში არსებულ კულტურას, დიდ სიხარულს და საამაყო შეგრძნებას მგვრის" - ამბობს ნიკოლო ვინჩენცო:

ახალგაზრდა ფოტოგრაფი საკუთარ გეგმებსა და მიზნებზე თავად გვიამბობს:

- მე ნიკოლო ვინჩენცო მალვესტუტო ვარ, 17 წლის, მეგობრები ნიკოლოს მეძახიან. დედით ქართველი ვარ, ხოლო მამით იტალიელი. იტალიაში დავიბადე და ჩემი ბავშვობის ნაწილი საქართველოში და საქართველოს სიყვარულში გავატარე. თუმცა ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც ჩემს ორივე სამშობლოს თან ახლავს. სკოლაშიც, საქართველოში დავიწყე სწავლა და პირველი მეგობრებიც აქ გავიჩინე. როგორც ორი, მშობლიური ენის მატარებელს ორივე ქვეყნის ისტორია და ფასეულობების შეგრძნებაც ვისწავლე, თუმცა ამ სტატიაში მსურს ვრცლად ვისაუბრო საქართველოზე, ტკბილ წარსულზე, ჩემს გამოცდილებებზე და მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს და ჩემს პროფესიულ კარიერას ეხება...

ჩემი მშობლები, ყველა რესურსს დაუზოგავად იყენებდნენ, საიმისოდ, რომ საქართველოში მესწავლა და ორივე ენა კარგად მცოდნოდა. დღეს ეს ყველაფერი იმ შედეგების ნაწილია, რომ ორივე სამშობლოს ერთმანეთისგან ვერ გამოვარჩევ, დადებითი და უარყოფითი მხარეების მიუხედავად ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს... 16 წელი აქ ვიზრდებოდი, არდადეგებზე ჩემს მეორე სახლში ოჯახთან ერთად, (იტალიაში) ვატარებდი დროს, ბებიასთან. 16-მა წელიწადმა აქაურ გარემოს შემაგუა, რადგან უმეტესწილად სხვადასხვა სფეროში, პირველი ნაბიჯები საქართველოში გადავდგი.

- ფოტოების გადაღება როდის დაიწყეთ?

- 13 წლის ვიყავი, როდესაც ფოტოების გადაღება დავიწყე. ყველაზე მარტივი ფოტოების. პატარა, იაფიანი მობილურით ვიღებდი, ძველი თბილისის ქუჩებიდან დაწყებული, ყვავილებით დამთავრებული. ადამიანების გადაღებას ყოველთვის ვერიდებოდი. ვფიქრობდი, მათი რეაქციები უარყოფითი იქნებოდა. ეს კი უხერხულობას და დისკომფორტს მიქმნიდა. 15 წლამდე ამ ჰობით ვიყავი დაკავებული. ბავშვობიდან თაროებზე არსებულ ფირის კამერების კოლექციას სულ ვუყურებდი, მათი დანიშნულების მნიშვნელობაც არ ვიცოდი, თუმცა ვიცოდი ის, რომ ახალგაზრდობაში მამა ფოტოებს იღებდა, იღებდა იტალიას, აღბეჭდავდა ქვეყნის ესთეტიკურ მხარეებს და მასში არსებულ საინტერესო მოვლენებს, როგორიც გახლავთ ქუჩის ფოტოგრაფია.

დღესაც მის ნამუშევრებს რომ ვუყურებ, თვალწინ იშლება ის გარემო და მოვლენები, რაც 30-40 წლის უკან ევროპაში ხდებოდა... მამამ მასწავლა პირველად ფირის ფოტოაპარატთან მუშაობის ტექნიკა და შუქთან დაუფლების ხელოვნება. სწორედაც რომ მისგან ვისწავლე თეორიული მხარე, რაც ფოტოგრაფიას შეეხებოდა. შემორჩენილი, გამოუყენებელი ფირებით ვიღებდი ყველაფერს. იქ გადავიღე ფირზე იტალია პირველად. აგროვებული ფულით პირველი ციფრული იაფიანი ფოტო-აპარატი ვიყიდე. ტელეფონის მაგივრად, ესთეთიკური ფოტოების კამერით გადაღება დავიწყე, ისე რომ, ციფრულ კამერაშიც დიდად ვერ ვერკვეოდი.

- გამოფენის "უხილავი საქართველოს" ფოტოები როდის გადაიღეთ?

- ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი... 2019 წელს როდესაც 15 წლის ვიყავი, პირველად დავიწყე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენ ყოველდღე გვხვდებიან ქუჩაში და მათ შემჩნევას, მათ შინაგან ქვეცნობიერს არავინ აქცევს ყურადღებას.. ასეთი ადამიანები კი იყვნენ თბილისის ცენტრალურ ბაზრობაზე. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ საიმისოდ, რომ ჰქონოდათ თავიანთი შემოსავლის წყარო... მეც შეიძლება ისინი ვერ შემემჩნია მანამ, სანამ არ დავიწყებდი დოკუმენტური სერიების გადაღებას სოციალურ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ნამდვილად სჭირდებოდა საზოგადოებამდე კონკრეტული ამბის მიტანა.

ზამთარი იყო, თბილისში ძალიან ციოდა, დღესასწაულებისთვის სამზადისი იყო, აქ გადავდგი პირველი ნაბიჯი, რომ დამეწყო ადამინების გადაღება და შემეცნო მათი შინაგანი სამყარო. ყოველდღე, სკოლის მერე მივდიოდი თბილისის სხვადასხვა ბაზრობებზე და იქ მომუშავე ადამიანებთან საათებს ვატარებდი. უმეტესწილად, მათ გაცნობას ვუძღვნიდი ჩემს დროს. რამდენჯერაც კი ასეთ ადგილებში მოვხვდებოდი, ხალხი უკვე მიცნობდა და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. პირველი დამოუკიდებელი ფოტო სწორედაც რომ ფირზე გადავიღე, სადაც მამა და შვილი, დახლთან მუშაობდნენ. იდეაც გამიჩნდა, მათი სანუკვარი სურვილები მეკითხა მათთვის. ქაღალდს ვაძლევდი, ისინი კი თავიანთ შინაგან სამყაროს წერილობით გადმოსცემდნენ. ასე ათეულობით ადამიანის სანუკვარი სურვილი დღემდე შენახული მაქვს და როგორც განძს, ისე ვუფრთხილდები.

არც ის ემოციები დამავიწყდება, როდესაც პირველად გავამჟღავნე ფირი და ვნახე პირველი შედეგები, რომელზეც დამოუკიდებლად ვიმუშავე, ამ ყველაფერმა ის მოტივაცია მომცა, რომ მივხვდი, რაოდენ კარგად გამომდიოდა შუქთან დაუფლების ხელოვნება. შემდეგ ვბეჭდავდი ფოტოებს და სათითაოდ ვურიგებდი ხალხს, მათი სასიხარულო განცდებიც, ჩემს განცდებად მიმაჩნდა. ალბათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ზამთარი იყო ჩემთვის...

მოგვიანებით 30 ფოტოს მქონე ფოტოსერია შევქმენი, სახელად - “უხილავი საქართველო" სწორედ იმ ადამიანებს მივუძღვენი, რომლებიც დაუზოგავად გარემო პირობების მიუხედავად მუშაობდნენ ასეთ ადგილებში. 2020 წელს პირველად მომეცა საშუალება, გამეკეთებინა სოლო გამოფენა ამავე სერიით და ამ ადამიანების სათქმელი თავიანთი სურვილებით მიმეტანა ფართო აუდიტორიამდე. ჩემი შესაძლებლობების განსაზღვრაც სწორედ აქ დავიწყე, და მივხვდი თუ რამხელა ძალა აქვს ჟურნალისტიკას, ფოტოჟურნალისტიკას, საიმისოდ რომ ცნობიერება ამაღლდეს კონკრეტული თემების მიმართ.

ამავე (2020) წელს, პირველად მივიღე სრული დაფინანსება ICP (International Center of Photography)-დან საიმისოდ, რომ მესწავლა ფოტოგრაფია და ამბების მოყოლა ფოტოგრაფიით. ონლაინ ვსწავლობდი 9 თვე, ყოველ ღამე ვერთვებოდი კურსს და ვეუფლებოდი ახალ ტექნიკებს. აქ გავიცანი ამერიკელი მეგობრები, რომლებიც იმავე სფეროში არიან დაკავებულნი და გავიჩინე საუკეთესო მენტორი, რომლის მხარდაჭერითაც რამდენიმე ჯგუფური ექსპოზიცია გაიმართა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში, სადაც კახეთის ულამაზესი მხარე წარსდგა.

რამდენიმე თვეა დავიწყე მუშაობა ჩემს ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც მოგვიანებით იტალიური ჟურნალისთვის ინტერესის სფეროდ იქცა და მომცეს დავალება, გადამეღო საქართველოში არსებულ ოკუპაციაზე, რომელიც რეალურად ბევრი ქართველის ტკივილია, მათ შორის ჩემიც. ასეთი სერიოზული, საპასუხისმგებლო დავალება ჩემთვის პირველია, რადგან მეტ დროს და ძალიან დიდ კონცენტრაციას საჭიროებს. ხშირად მიწევს ჩასვლა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში, სადაც ვეცნობი ოჯახებს, შემდგომ კი მიზიარებენ მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, განცდებს ამ პრობლემისადმი, რომელიც ხშირად საკმაოდ ემოციური ხდება ჩემთვის. თუმცა საამაყოა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები თავიანთ ადგილსამყოფელს არ გაურბიან, არ უშინდებიან მოწინააღმდეგეს და მედგრად აგრძელებენ ცხოვრებას საკუთარ მიწა-წყალზე. ასეთი ადამიანი კი ძალიან ბევრი გავიცანი და ნამდვილად საამაყოა ჩემთვის!

ერთი კვირის წინ სასიხარულო ამბავი მივიღე, სატელეფონო ზარის მეშვეობით. როდესაც მითხრეს, რომ UNESCO-დან რეკავდნენ, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ერთ-ერთი უდიდესი სურვილი წარმატებით განვახორციელე, საპატიო წოდება მომენიჭა... სადაც ერთი ფოტო მსოფლიო მასშტაბით, მოძრავი გამოფენით იქნება გამოფენილი. რამდენიმე დღის წინ კი ჩინეთში წარსდგა გახსნით. ფოტო, რომელიც სულ მალე მსოფლიოს მოივლის და მსოფლიო მაყურებელს ექნება საშუალება, გაეცნოს საქართველოში არსებულ კულტურას, დიდ სიხარულს და საამაყო შეგრძნებას მგვრის.

  • ეს ფოტო ბორჩალოური ხალიჩის მქსოველ ქალბატონებზეა, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალბატონები ქსოვენ ხელით და თვეები სჭირდებათ მის დასასრულებლად. ბორჩალოური ხალიჩები კი ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშებია, რომლებიც მხოლოდ საქართველოში იქსოვება, გამორჩეული თავისი უნიკალური სიმბოლოებით და ფერებით.

2022 წელს ზამთარში დავიწყე, ამ პროექტისთვის მუშაობა, Chaikhana media-სთვის, Thomson Reuters Fundation-ის მხარდაჭერით. ყოველ დილით, ზამთარში მიწევდა ქვემო ქართლში ჩასვლა, კერძოდ ბოლნისში. განსაზღვრულ ვადამდე უნდა დამემთავრებინა პროექტი და გამეგზავნა მედიისთვის, ფეხით კილომეტრებს გავდიოდი, ხალხთან კომუნიკაციაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ჟესტიკულაციის მეშვეობით ვამყარებდი კონტაქტს, სადაც ერთმა ქალბატონმა სახელად სევილმა მომიყვა, აზერბაიჯანული, ტრადიციული ხალიჩების შესახებ. მაშინვე სახლში დაბრუნებულმა დავიწყე ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის ძიება, მაგრამ ინფორმაციაც მწირი იყო. შეძლებისდაგვარად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დიდი დახმარება გამიწია, ოჯახების გაცნობაში, შემდგომ საწარმოს ხელმძღვანელის დახმარებით მივიღე მეტი ინფორმაცია და დამოუკიდებლად გავიკვლიე გზა. პროექტი ორ კვირაში მოვამზადე...

აღსანიშნავია, რომ დიდი ემოციები დამიტოვა ამ ყველაფერმა, ჩემი თვალით მენახა თუ როგორ იქსოვებოდა ხალიჩები, რომელიც საბოლოოდ ჩემს თავზეც გამოვცადე. ერთი პატარა ზღაპრის მოგონებად დამრჩა, იქ განცდილი მოვლენები. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში გამოქვეყნებულ რეპორტაჟს. ბევრმა არ იცოდა, თუ რამხელა ტრადიციების და ფასეულობების მატარებელია საქართველო თუნდაც ეთნიკური მრავალფეროვნების მხრივ. გამიხარდა, რომ ამ მხრივ წვლილი ცნობიერების ამაღლებაში შევიტანე. ახლა ეცოდინება ხალხს თუ რა ხდება ჩვენგან მოშორებით, რეგიონებში.

ჩემი წარსული და მომავალი პროექტებით მსურს ადამიანებმა გაუგონ და დაინახონ ერთმანეთი, საიმისოდ, რომ თუნდაც ერთმა პატარა საკითხმა მცდარი რეალობა ჩაანაცვლოს და ვისწავლოთ ერთმანეთის თანაგრძნობა. მივხვდი, რომ ერთმანეთთან მისვლაა საჭირო. ასე აღმოვაჩინე ჩემი დამარხული საგანძური.