ავტორი:

ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო

ნუშუ - ჩინური დამწერლობის 400 წლის წინ შექმნილი ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც "მხოლოდ ქალების დამწერლობასაც“ უწოდებენ. მრავალი მკვლევარი ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, საიდან იღებს ეს იდუმალებით მოცული პროცესი სათავეს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად ქალები ნაცარზე ხის ტოტით ცდილობდნენ წერას, შემდგომ მარაოებზე წერდნენ და ცხვირსახოცებზე ქარგავდნენ საკუთარ ფიქრებსა და განცდებს.

როგორც ცნობილია, დამწერლობას მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ჩინეთის პროვინცია ჰუნანის მკვიდრი ქალების მცირე ნაწილი იყენებდა ავტობიოგრაფიების, მოთხრობებისა და წერილების დასაწერად. ნუშუს მოხდენილი, ფონეტიკური ანბანი დედიდან ქალიშვილზე მემკვიდრეობით გადადიოდა.

სკიდმორის კოლეჯის პროფესორი კეტი სილბერი ნუშუს 1980 წლიდან სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ “საიდუმლო დამწერლობის” იდეა ნამდვილად სენსაციურია, იგი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მამაკაცების ნაწილმაც ისწავლა ეს დამწერლობა...

მიუხედავად ამისა, ერში, სადაც ქალებს ისტორიულად აკრძალული ჰქონდათ წერა-კითხვის ხელმისაწვდომობა, ნუშუ ნამდვილი შვება იყო. ეს საშუალებას აძლევდა ქალებს საკუთარი სიტყვებით ეთქვათ თავისი ისტორიები. სწორედ ეს ვერსია მოიაზრება ნუშუს გაჩენის მთავარ მიზეზად.

  • ნუშუს დასასრული

ერთხელაც ყველაფერი მთავრდება და გამონაკლისი არც ნუშუ ყოფილა. უკანასკნელი ცნობილი ქალი, რომელმაც იცოდა ნუშუზე წერა, 2004 წელს გარდაიცვალა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთში ეკონომიკური რეფორმებისა და მოდერნიზაციის პერიოდი დაიწყო. 80-იან წლებში (როდესაც ნუშუ აღიარეს მეცნიერებმა), ქალებმა დაიწყეს განათლების მიღება. ბედის ირონიით, სწორედ ქალების სტატუსის გაძლიერებამ "მოკლა“ ეს დამწერლობა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ცდილობდნენ მისი არსებობის გაგრძელებას გაკვეთილების სწავლებით, მაგრამ უფრო რეალისტურია ვერსია, რომ ეს დამწერლობა მალე შესაძლოა, სულაც გაქრეს. 21-ე საუკუნეში ჩინეთში ქალებს აღარ სჭირდებათ საკუთარი სპეციალური დამწერლობა. მაგრამ იდეა ისეთივე დამაინტრიგებელი და მომხიბვლელია, როგორც არასდროს.

  • "დამალული წერილები“

"იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის იმედი მიეცათ, მათ შექმნეს დამწერლობა, რომელიც მამაკაცებს არ ესმოდათ. ეს არის ისტორია, რომელსაც ჩინელების უმეტესობა არ იცნობს", - ამბობს კინორეჟისორი ვიოლეტ დუ ფენგი, რომელმაც ნუშუს შესახებ დოკუმენტური ფილმი "დამალული წერილები“ გადაიღო.

ფილმი ამ ეტაპზე მხოლოდ ნორვეგიასა და ესპანეთში აჩვენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნუშუ ინახება როგორც კულტურული არტეფაქტი, ის ბევრად მეტს ნიშნავდა მისი პრაქტიკოსებისთვის - და მისი როლი დღესაც მნიშვნელოვანია. ეს იყო საშუალება, რომელიც ქალებს ერთმანეთის მიმართ ნდობას ასწავლიდა, ასევე ჰქონოდათ საკუთარი სივრცე.

  • ფაქტები ნუშუზე

ჩინელმა კომპოზიტორმა, ტან დუნმა დაწერა სიმფონია "ქალების საიდუმლო ცხოვრება“, რომლის პრემიერაც 2013 წელს შედგა და რომლის იდეაც სწორედ ნუშუა.

2004 წელს, როდესაც ჩინელი მწერალი იანგ ხუანი გარდაიცვალა, მის ნეკროლოგში საუბარი იყო იდუმალ კოდზე, რომელსაც დღესდღეობით სწორედ ნუშუს მიაწერენ.

2005 წელს კალიფორნიელმა მწერალმა ლიზა ზიმ დაწერა რომანი "თოვლის ყვავილი და იდუმალი გულშემატკივარი“. მოგვიანებით რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს, სადაც იგივე იდეები განიხილებოდა, როგორიც ნუშუს შექმნისას

  • ნუშუზე დაწერილი ლექსი

ჭის გვერდით ადამიანს არ სწყურია.

დის გვერდით სასოწარკვეთა არ არის.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი