ავტორი:

როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა

როგორ მოვემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის სწორად? - აბიტურიენტების კლუბი გაიხსნა

პროფესიის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის, რაც შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სფეროს შესასწავლად გვიანი არასდროსაა, აბიტურიენტობა მაინც ის გარდამტეხი ეტაპია, რომელიც უმეტესწილად ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ამ დროს? რეალურად გვაქვს თუ არა სიღრმისეული წარმოდგენა იმ პროფესიაზე, რომლის არჩევასაც ვგეგმავთ? - ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ „ალტე უნივერსიტეტმა“ შექმნა აბიტურიენტების კლუბი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ყველა საჭირო საკითხზე ინფორმაციის მოძიებაში, არჩეულ საგნებში უკეთ მომზადებაში, აბიტურიენტობის შრომატევადი პერიოდის საინტერესოდ გადატარებასა და სტრესის დაძლევაში დაეხმარება.

ალტე უნივერსიტეტის აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო სიხარულიძე და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ხატია მათიკოშვილი გვიზიარებენ, თუ რა პრობლემები ექმნებათ აბიტურიენტებს პროფესიის არჩევის პროცესში, როგორ დაეხმარება კლუბი მათ და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ამ საინტერესო და საჭირო გაერთიანების წევრები გავხდეთ.

თუ პროფესიის შერჩევაზე ფიქრს ახლა იწყებთ ან უკვე გადაწყვეტილი გაქვთ

იმისათვის, რომ მისი უარყოფითი და დადებითი მხარეები დავინახოთ, ყველა საინტერესო ნიუანსის შესახებ შევიტყოთ და კარიერული განვითარებისა და დასაქმების პერსპექტივის შესახებაც მივიღოთ ინფორმაცია, კითხვები პირდაპირ კონკრეტული სფეროს წარმომადგენლებს უნდა დავუსვათ.

„ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბმა იზრუნა, რომ მის წევრებს პროფესიების შესახებ ინფორმაცია გამოცდილი პროფესიონალებისგან მიეწოდებოდეთ.

კლუბის კოორდინატორები - ნინო და ხატია - განმარტავენ, რომ თქვენ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს სხვადასხვა სფეროს გამოცდილი პროფესიონალებისგან, აკადემიური პერსონალისგან და წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღებთ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ:

„ამ პროცესში ჩაერთვებიან როგორც სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალები, ასევე ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომელთა წარმომადგენლობაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან როგორც სამართლის, ფსიქოლოგიის, ბიზნესის, ტურიზმისა თუ სხვა მიმართულებით. ამ ადამიანებმა უკვე მდიდარი პროფესიული გამოცდილება დააგროვეს და ჩვენთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი - აბიტურიენტებმა ისეთი ადამიანების რეკომენდაციები გაიზიარონ, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან, რაც ხელს შეუწყობს მათ სწორ პროფესიულ ორიენტაციაში.,“ - განმარტა აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სიხარულიძემ.

ნინო სიხარულიძე

აბიტურიენტებო, კლუბი ახალი უნარების შეძენაში დაგეხმარებათ, რაც ეროვნული გამოცდების ჩაბარებას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ

სხარტად აზროვნება, დროის მენეჯმენტი, სტრესულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება, კონცენტრაცია - ეს იმ უნარების არასრული ჩამონათვალია, რაც ეროვნულ გამოცდებზე წარმატების მისაღწევად გჭირდებათ. ყველა მათგანის გამომუშავებისთვის კი დროა საჭირო, ამიტომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ამაზე ზრუნვას, უკეთეს შედეგებს მიიღებთ.

როგორც ნინო და ხატია განმარტავენ, „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბში, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მოსწავლეს შეგიძლიათ, იმის მიუხედავად, სამომავლოდ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებით, ჩატარდება ბევრი საინტერესო ვორქშოფი, სტრესის მართვის ტრენინგები, საგანმანათლებლო კონკურსები, ბანაკები, რაც სისხარტესა და დროის მენეჯმენტის გამომუშავება-გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. უფრო კონკრეტულად, კლუბის წევრებს გექნებათ საინტერესო და სახალისო დავალებები იმ საგნებში, რომელთა ჩაბარებასაც ეროვნულ გამოცდებზე გეგმავთ.

კლუბის წევრობა მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ აბიტურიენტებს

მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობთ და რომელ სკოლაში სწავლობთ, „ალტე უნივერსიტეტის“ აბიტურიენტების კლუბის კარი თქვენთვის ღიაა. კლუბის წარმომადგენლები დაგეხმარებიან როგორც რეგისტრაციის პროცედურებში, ისე სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, სხვადასხვა პროფესიის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევაში და თქვენთვის მნიშვნელოვან სხვა პროცესებში.

„კლუბი სრულად მორგებულია რეგიონებზე და არცერთი აბიტურიენტის ადგილმდებარეობა პრობლემას არ წარმოადგენს. ამასთან, შერჩეული გვაქვს საქმიანობის ჰიბრიდული მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აქტივობაში მონაწილეობის მიღებას ნებისმიერი აბიტურიენტი შეძლებს მთელი საქართველოდან. ჩვენ გაცნობითი ღონისძიება უკვე ჩავატარეთ თბილისში, ასეთივე ვიზიტები გვექნება რეგიონებშიც, სადაც პირადად შევხვდებით ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს,“ - განმარტა ნინო სიხარულიძემ.

კლუბის ფსიქოლოგი სტრესის დაძლევაში შეგიწყობთ ხელს

დატვირთული რეჟიმისა და დაძაბულობის გამო აბიტურიენტობა საკმაოდ სტრესულია. მისგან განტვირთვა კი სასწავლი მასალის უკეთ ათვისებასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

აბიტურიენტების კლუბში შეიქმნა მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ფსიქოლოგი ჩაატარებს მისი წევრებისთვის საინტერესო სესიებს განტვირთვის, პრობლემების დაძლევის მექანიზმების, ბულინგისა და სხვა საკითხების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგს აბიტურიენტებთან ანუ თქვენთან ინდივიდუალური კომუნიკაციაც ექნება.

აბიტურიენტების კლუბის კოორდინატორებს სჯერათ, რომ წარმატების მისაღწევად განწყობის ამაღლება და დაძაბულობისგან გათავისუფლება აუცილებელია.

როგორ გახდეთ აბიტურიენტების კლუბის წევრი?

ამისათვის „ფეისბუქზე“ უნდა მოძებნოთ ჯგუფი - „აბიტურიენტების კლუბი“, შეავსოთ პატარა კითხვარი, სადაც ჩაწერთ, რომელი თუ კლასის მოსწავლე ხართ და რომელ სკოლას წარმოადგენთ. მონაცემების შევსების შემდეგ კი საჭირო და საინტერესო გუნდს შეუერთდებით.

ხატია მათიკოშვილი

ხატია მათიკოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მუშაობის პროცესი ნაყოფიერი იყოს, თითოეულ რეგიონში საქმიანობას დაიწყებენ ამბასადორები, რომლებიც თავად აბიტურიენტები იქნებიან. ამბასადორები კლუბის კოორდინატორებს ახალი საჭიროებებისა და აქტუალური საკითხების შესახებ მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება, რა თქმა ინდა, თქვენც ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ, ამისათვის უბრალოდ უნდა გაწევრიანდეთ „აბიტურიენტების კლუბში“.

#შეიმსუბუქეაბიტურიენტობა

#ალტეუნივერსიტეტი

#აბიტურიენტებისკლუბი

R