ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოიჭრა გზა, ის მძევალია იმ მანკიერი სისტემის, რომელიც თვითონვე შექმნა" - გია ხუხაშვილი

"ქართულმა ოცნებამ“ უკვე მოიჭრა გზა, ის მძევალია იმ მანკიერი სისტემის, რომელიც თვითონვე შექმნა" - გია ხუხაშვილი

გაუგებარია, რას აკეთებს ჩვენი სახელისუფლებო საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში - რეზოლუცია არის გრძელვადიანი და საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგების მომტანი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ანგარიში შეაფასა.

ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება სამწუხარო რეალობაა და ამით მთლიანად ქვეყანა ზიანდება.

"სამწუხარო რეალობაა, როდესაც ევროპარლამენტში ასეთი დოკუმენტები იქმნება, ამით არ ზიანდება მხოლოდ ხელისუფლება, ზიანდება მთლიანად ქვეყანა. ეს ხელისუფლება წარმოადგენს ქვეყანას. გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას აკეთებს ჩვენი სახელისუფლებო საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში. ოპოზიციისკენ რომ იშვერენ ხელს - მათი ლობისტებიო, თვითონ რას აკეთებენ, რომ ასეთი დოკუმენტები არ შეიქმნას? ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გრძელვადიანი, საბოლოო ჯამში, მძიმე შედეგების მომტანი ქვეყნისთვის, თუ რამე სერიოზულად არ შეიცვალა.

ევროპაში პროცესის განვითარება აჩვენებს, რომ რაც ევროპარლამენტში ხდება, ეს კონვერტირდება ამა თუ იმ ფორმით კომისიების დონეზე, ასევე, ევროკავშირის მმართველობითი, აღმასრულებელი რგოლის დონეზე. ხელისუფლებამ თვითლუსტრაცია, თვითდისკრედიტაცია მოახდინა თავისი გაუგებარი ქმედებებით და სიჯიუტით“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ხუხაშვილი ამბობს, რომ "მათ უკვე მოიჭრეს გზა“.

"ისინი მძევლები არიან იმ სისტემის, რომელიც თვითონვე შექმნეს. მათ ისე ჩააბეტონეს კოლექტიური მურუსიძე სისტემაში, მანკიერებაზე ააწყვეს ყველაფერი და რესურსი, რომ სისტემური რეფორმები დაიწყონ ნებისმიერი მიმართულებით, აღარ აქვთ. მთელი თავისი ძალისხმევა მოახმარეს იმას, რომ ეს სისტემა შეექმნათ და დღეს უკვე მძევლები არიან. მათ შეუძლიათ რაღაც ცვლილებების იმიტაცია გააკეთოთ, მაგრამ ოპტიმისტი ვერ ვიქნები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შინაარსობრივად რამეს შეცვლიან“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, ხომ არ არის ევროპარლამენტის ანგარიში წინაპირობა და შემზადება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე კვლავ უარი უთხრან, ხუხაშვილი ამბობს, რომ ამას "შემზადება არ სჭირდება და ეს ისედაც ცხადია“.

"პირობების შესრულებას უკავშირდება კანდიდატის სტატუსი და რამეს ვატყობთ, რომ ვინმე პირობების შესრულებას აპირებს? ხელისუფლების ამოცანა ის კი არ არის, რომ ეს პირობები შეასრულოს, მისი ამოცანაა, რომ ეს პირობები არ შეასრულოს და ეს დააბრალოს ოპოზიციას, რომ არაკონსტრუქციულები არიან, არ თანამშრომლობენ და ა.შ. არც არავის ჰქონია მგონი ილუზია, რომ ისინი რამის შემსრულებლები იყვნენ. შესაბამისად, ევროპის რეაქცია იქნება ასეთი - კარს იმედია არ დახურავენ და ღიას დატოვებენ, მაგრამ არაუმეტეს ამისა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისათვის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.

ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება. ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია "მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა "ფორმულას“ და "პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.